
ხვალ, 4 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის მორიგ, რიგით მესამე შეხვედრას გამართავს და მალტას დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარისთვის დასწრება თავისუფალია.
„ვიცით, რომ კარგი გუნდია და მოთამაშეების უმეტესობა იტალიურ კლუბებში ირიცხებიან. თუმცა, ადრეც მითქვამს, რომ ეს არის ჯგუფი სადაც, ყველამ ყველას შეუძლია მოიგოს. ვფიქრობ, რომ მოთამაშეები გრძნობენ, რომ შანსი აქვთ და თუ მოვიგებთ, გავაგრძელებთ ერთი დონით მაღლა. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიღოთ ქულები სახლში, თამაშზე, რომელზეც აუცილებლად მოვლენ ჩვენი ფანები. ჩვენთვის ისინი, მე-12 მოთამაშეები არიან", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ორი სათამაშო ტურის შემდეგ, ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი, 3 ქულით მეორე ადგილზეა. 3 ქულა აქვს მალტას ნაკრებსაც, რომელთანაც, უახლოეს ორ თამაშში საქართველოს ნაკრებს, მაქსიმალური ქულების აღება სჭირდება, რათა ჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვოს და მინიმუმ, საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდის კვალობაზე, ფლეი-ოფში მოხვდეს. ასეთი კი, C დივიზიონიდან ორი ნაკრები იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრებს მიზნად პროგრამა მაქსიმუმის შესრულებაც შეუძლიათ, ამისთვის კი, აპრილის ორ და მაისის, მინიმუმ საშინაო შეხვედრაში ქულების მაქსიმუმი სჭირდებათ. მისია რთული, თუმცა, შესრულებადი, თუკი, ჩვენი გოგონები გუნდურად და ცივი გონებით ითამაშებენ.
„შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. ვფიქრობ, გოგოები კარგ ფორმაში ვართ და დადებითად დავასრულებთ ამ თამაშს. მალტას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძლიერი კონკურენტია. მაგრამ დადებითად დავასრულებთ ამ მატჩს. სახლში თმაში ჩვენთვის მნივშნელოვანია, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშეა, ამიტომ ვთხოვთ ყველას, მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ ხვალინდელ მატჩში", - ამბობს სალომე გასვიანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე.
მნიშნელოვან თამაშამდე ერთი დრით ადრე კი, ირის ანტმანის გუნდმა, „მიხეილ მესხი 2"-ზე, ტრადიციულად, მატჩისწინა ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გუნდთან ერთადაა, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი ხატია ჭყონია.
ჩვენი ინფორმაციით ხვალინდელ შეხვედრას, მართალია ტრიბუნებიდან, თუმცა, გუნდს მორალურად გაამხნევებენ ჩვენი ნაკრების კიდევ ორი გამოცდილი ქალი ფეხბურთელი, ანა ჩემინავა და თამარ ტატუაშვილი, რომლებსაც ასევე, ტრავმების გამო უხდებათ, არა მხოლოდ კონკრეტული ხვალინდელი შეხვედრის გამოტოვება.
შეგახსენებთ, რომ თამაში, 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ







