„კოკა, ყოველთვის წყალს ვერ მოგიტანს“ - საქართველოს ნაკრებმა მალტასთან წააგო
„კოკა, ყოველთვის წყალს ვერ მოგიტანს“ - საქართველოს ნაკრებმა მალტასთან წააგო
04.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რეალურად თეორიული შანსი, რომ საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ქალთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფი მოიგოს არის. ამისთვის, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ყველა შეხვედრა უნდა მოიგონ, მათ შორის მალტასთან, 8 აპრილს ჩანიშნული თამაში, მოიგონ დარჩენილი ორი შეხვედრა, სახლში კვიპროსის ნაკრებთან და გასვლაზე ანდორაში, ამასთან, კვიპროსმა და მალტამ ქულები მინიმალურად უნდა დაკარგონ. თუმცა, არის მეორე ადგილზე გასვლის შანსი და აქაც, თუ დარჩენილ თამაშებში, მალტასთან და კვიპროსთან გავირჯებით და ქულებს წავართმევთ, თან გოლების უკეთესი სხვაობით, ეს ორი გუნდი კი ერთმანეთში დაზავდება, ბოლო ტურში, ჩვენ შესაძლოა გავიდეთ მეორე ადგილზე...


თუმცა, თეორიები, თეორიებად, მაგრამ მე პირადად, განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ქალთა ეროვნულ ნაკრებს ირის ანტმანი ჩაუდგა, ასეთი უსუსური პირველი ტაიმი არ მახსენდება. კი, ყოფილა თამაში და მატჩის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც შემახსენა, ლუქსემბურგთანო ლაპარაკია 2023 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გუნდმა, აღნიშნული სტადიონის ორ მოედანზე ითამაშა, პირველი ტაიმი ცენტრალურ მოედანზე და წააგო 0-2, მეორე კი, სათადარიგო მოედანზე და ერთ ტაიმში ოთხი ბურთი გაიტანა და 4-2 მოვიგეთ. თუმცა, იმ შეხვედრის შემდეგ, ქალთა ნაკრებმა თამაშიც სხვაგვარად დაიწყო და მოგებებსაც დაგვაჩვია. შესაბამისად, დღევანდელი თამაშის პირველი ტაიმი, პირადად ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვისა და უბრალოდ, ფეხბურთის მოყვარულისთვის, მიუღებელია.



მალტასთან შეხვედრის პირველ მონაკვეთში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს, ფსიქოლოგიურად გაუჭირდა  - პირველი, მასზე ფიზიკურად ძლიერი გუნდის წინაშე თამაში; მეორე - მთელ რიგ მომენტებში, არ იყო ის გუნდურობა და ერთიანობა, რაც ამ ნაკრებს ისევ და ისევ ვიმეორებ, ირისის მოსვლის შემდეგ გამოარჩევდა, საქართველოს ქალთა სხვა ფორმაციის ნაკრებებიდან. მესამე - გასაგებია, რომ ქართველებს „ტეხნარობა" გენეტიკურად მოგვყვება ქალია ეს თუ კაცი, მაგრამ დღეს ბევრ მომენტში ეს ზედმეტობაში გადადიოდა. ყველაზე ცუდი რაც იყო, მეტოქეს ვუტოვებდით ძალიან ბევრ სივრცეს და როდესაც ჩვენ გვრჩებოდა სივრცეები, მარტივად, ამ უპირატესობას ვერ ვიყენებდით.


„პირველ ტაიმში კონცენტრაცია დაგვაკლდა. სამწუხაროდ, სამი გოლი მივიღეთ, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ თამაში შეგვეცვალა და ანგარიშიც შეგვეცვალა. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი იყო განსხვავებული. ბევრად უკეთესი იყო და ამ მეორე ტაიმის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ მალტაში, საპასუხო თამაშში, აუცილებლად გავიმარჯვებთ",  - ამბობს ნათია დანელია თამაშის დასრულების შემდეგ.



ქართველთა ნაკრების კარში, პირველი გოლის დროს არ იყო მოედანზე ნინო ბუხრიკიძე. სტანდარტულიდან საკმაოდ ხანგრძლივი გათამაშება მალტელებმა, 27-ე წუთზე,  ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთით დაასრულეს, რომელიც თავით, ისე, რომ ხელი არავინ შეუშალა, თათია გაბუნიას კარში მარია ფარუჯამ გაიტანა, 0-1. ამ მომენტიდან მალევე, 30-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა ბურთი საკუთარ მოედანზევე დავკარგეთ. უფროს სწორად, ჩვენებს ბურთი მოპარა და თავადვე გაიტანა. ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა მეკარის საჯარიმოდან დაიწყეს და ოთხ გადაცემაში, მესამე გოლი გაგვიტანეს... ფარუჯამ დუბლი შეასრულა.


ყოველთვის კოკა წყალს ვერ მოგიტანს. თუ გაგვიმართლა ლუქსემბურგთან, თუ გაგვიმართლა ანდორასთან, ამჯერად, დრო არ გვეყო, რადგან სამი გოლის გატანა, როცა თამაში შემოსატრიალებელი გაქვს, ძალიან რთულია. თუმცა, საქართველოს ქალთა ნაკრებს, მეორე ტაიმში, თამაშის მოგების თუ არა, ფრედ დასრულების შანსი ნაღდად ჰქონდა. ფაქტია ისიც, რომ ირის ანტმანის გუნდი, მეორე ტაიმში ისეთი გამოვიდა, როგორზეც სტატიის დასაწყისში ვლაპარაკობდით, როგორსაც მიგვაჩვია ბოლო წლებში და შეგვაყარა თავი. 59-ე წუთზე ტატა მატვეევამ მალტელებს, მათსავე საჯარიმოზე მოპარა ბურთი და თეონა ბაქრაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. „ბაქრამ" ერთი ბურთი გაქვითა. სხვათა შორის, ყველაზე მეტჯერ, მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა, სწორედ, ბაქრაძეს ჰქონდა. მსაჯის მიერ, მატჩისთვის კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე კი, ნათია დანელიამ 11-მეტრიანი გაიტანა. სამწუხაროდ, დრო აღარ გვეყო და 2-3 წავაგეთ... საქართველოს ნაკრები, კი, ამ მონაკვეთში, ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და პირველ რიგში, საკუთარ თავთან შედარებით, პირველი ტაიმიდან გამომდინარე.



„სამწუხაროდ თამაში მეორე ტაიმში დავიწყეთ. მეორე თამაშია პირველ ტაიმში, მეტოქეს „ვასაჩუქრებთ", ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და გავუშვით კიდეც, სამი გოლი. მეორე ტაიმში, მოთამაშეებმა დაგვანახეს, რომ მათ შეუძლიათ ხარისხიანი თამაში, რადგან ჩვენ გვქონდა მომენტები. მოგებაც კი, შეგვეძლო. თუმცა, ფეხბურთში, თუ არ დაიწყებ კარგად, ძალიან, ძლიან რთულია დაბრუნდე თამაშში. სამწუხაროდ ვერ შევძელით. ალბათ, პირველ ტაიმში, რომ გოლის გატანა მოგვეხერხებინა, სხვაგვარი თამაში იქნებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა და ფეხბურთელებს გამოვუმუშაოთ ხასიათი. ვეცდები მოვძებნი გზა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, როგორ შეიძლება დაიწყო თამაში უკეთ. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და მათ რო გაეტანათ, სხვაგვარად იქნებოდა საქმე. ახლა წაგებული თამაშის მერე, ყოველივე ამის ლაპარაკი ცოტა არაა გამართლებული. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რომ ვითამაშოთ უკეთესად. საპასუხო თამაშში იმედი მაქვს, რომ მოთამაშეები გამოავლენენ ხასიათს და იქნებ, გასვლით შეხვედრაში გამარჯვებაც მოვახეხროთ", - ამბობს ირის ანტმანი, მატჩის დასრულების შემდეგ.



საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები საპასუხო მატჩის სათამაშოდ, მალტაზე 6 აპრილს გაემგზავრება. 8 აპრილს კი, ჯგუფის მეოთხე კალენდარულ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 დაიწყება.


დღესვე, ლარნაკაში, კვიპროსისა და ანდორას ნაკრებების შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ალბათ, სწორედ ამ შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გვაქვს შანსები, მინიმუმ ფლეი-ოფში მოვხვდეთ, თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ახლა, ყველა დარჩენილი თამაში რომც მოვიგოთ, უკვე სხვებზეც ვართ დამოკიდებულნი.