შერმადინი გრანადასთან მატჩისა და სრულიად 26-ე ტურის MVP გახდა
შერმადინი გრანადასთან მატჩისა და სრულიად 26-ე ტურის MVP გახდა
07.04.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა ეს ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ დაიმსახურა. გიორგი საუკეთესო იყო ასევე 24-ე ტურში, რაც მის საუკეთესო ფორმაში ყოფნას მოწმობს.

შერმადინმა ამჯერად თავი გრანადასთან მატჩში გამოიჩინა. ტენერიფემ გრანადას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 95-87 დაამარცხა. გრანადა ლიგა ენდესას ერთ-ერთი აუტსაიდერია, თუმცა ერთ-ერთ ლიდერთან ბოლომდე იბრძოლა და მოგების შანსსაც ინარჩუნებდა. ტენერიფელებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვეს.


შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშა. ის სასტატოში იყო და 31 წუთში გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ტრადიციულად, შერმადინი ძალიან ზუსტად ისროდა - 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და სამივე საჯარიმო. მის ანგარიშზე იყო 1 დაფარებაც.


ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა. გრანადას შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილმა 14 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოუტანა.


ამ გამარჯვებით ტენერიფე გაუთანაბრდა ლიდერ მადრიდის რეალს, რომელმაც ტურის თავისი მატჩი მოგვიანებით ბარსელონასთან მოიგო და ისევ გაპირველდა.