სადებიუტო გოლი, მივიწყებული, ალალი ემოციით
სადებიუტო გოლი, მივიწყებული, ალალი ემოციით
06.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, 6 ტურის შემდეგ, კვლავ თბილისური „იბერია 1999"-ი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოსთან" ერთად, ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია. თუმცა, დავიწყოთ თავიდან - მეექვსე ტური, რომელიც ორ სათამაშო დღეზე იყო გადანაწილებული, თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე „გაგრასა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებით დაიწყო.

მეხუთე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ლადო კაკაშვილის გაწვრთნილი დინამოელები ამ შეხვედრაში პირველი წუთებიდან გოლზე იყვნენ „დაგეშილები". თუმცა, ანგარიშის გახსნა, მხოლოდ მე-19 წუთზე მოახერხეს, როდესაც ნიკა ნინუამ შორიდან „გაისროლა" ამ შეხვედრაში პირველი, მიმდინარე სეზონში კი, პირად აქტივში მეორე გოლი ჩაიწერა. 25-ე წუთზე ნინუას გადაცემას, გაგრელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა. ამჯერად, ლეო ასუნსეუმ გაიტანა. კიდევ ორი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. საინტერესო დეტალი, თუკი, წინა ტურს გავიხსენებთ, რომელიც ბათუმში გაიმართა და თბილისელებმა, სათამაშო და რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ამჯერად, „საქმე ბოლომდე მიიყვანეს". მე-80 წუთზე, გაგრელები, ათნი დარჩნენ - ილია კაციაშვილმა თბილისელთა წინააღმდეგ, ორჯერ, ორწუთიან მონაკვეთში დაარღვია წესები და ორი ყვითელი, ავტომატურად „გაწითლდა". 10 ფეხბურთელით დარჩენილ „გაგრას" კი, ბოლო ათ წუთში, ორი გოლი გაუტანეს ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ვახო სალიამ, ბოგდან პოტალოვის გადაცემის შემდეგ და ბოლოს, ეროვნულ ლიგაში, სადებიუტო გოლი, თემო ოდიკაძემ გაიტანა, საბა ხარებაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ. ალბათ, სხვა შემთხვევაში, სხვა ფეხბურთელი, სხვაგვარ რეაქციას გამოხატავდა, თუმცა, 19 წლის ოდიკაძემ, დაბადების დღიდან ერთი კვირის თავზე, ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი, ქართულ ჩემპიონატებში კარგად მივიწყებული ალალი ემოციით აღნიშნა. „დინამო თბილისმა" კი, 0-4 მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა.

 


გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, თამაშის მიწურულს, ქულა გადაარჩინა „დილამ", რომელიც ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდა. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-13 წუთზე, ჯალენ ბლესას გოლით გაიხსნა. საკმაოდ უხეში თამაში, რომელშიც საბოლოოდ, მსაჯმა, 11 ყვითელი ბარათი აჩვენა, საბოლოოდ, ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძლებმა, ქულა 79-ე წუთზე გადაარჩინეს, როდესაც, ირაკლი ბუღრიძის ჩაწოდებული კუთხური, გოლით, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დააგვირგვინა.


ოთხი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქულა მოიპოვა ქუთაისის „ტორპედომ". იმერულ დერბიში, „ტორპედოსა" და წყალტუბოს „სამგურალს" შორის, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-12 წუთზე, ჟან კარლოსმა გაიტანა. მეორე ტაიმის წინ, ტორპედოელ ფილიპე პირესს, როგორც ჩანს ლოცვამ უშველა, რადგან ძალიან მალე, 47-ე წუთზე, ქუთაისელთა ლეგიონერმა გოლის გაქვითვა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა, ეს ოყო და ეს. შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით ფრედ, 1-1 დასრულდა.


დიდი ანგარიშით, 4-0 გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა. მეექვსე ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართა, ანგარიში გიზო მამაგეიშვილმა, 25-ე წუთზე გახსნა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა, ფოთის „კოლხეთი 1913"-ს მეორე გოლი, მხოლოდ მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე გატანეს. ზუსტი პენალტი იური ტაბატაძის ანგარიშზეა. თამაშის ბედი კი, თბილისელებმა, რეალურად, 69-ე წუთზე გადაწყვიტეს, როდესაც, ტაბატაძის გადაცემის შემდეგ, გოლი, ამჯერად, ივა გელაშვილმა გაიტანა. შეხვედრაში წერილი კი, დორასიო კლასიმ დაუსვა.


აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში, სწორედ „იბერია 1999" და „დინამო თბილისი", ორი გუნდი, რომლებმაც მე-6 ტურში ოთხი ბურთი და მშრალი კარით დაასრულეს შეხვედრა, 9 აპრილს, „დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


მეხუთე ტურის ბოლო შეხვედრა კი, დღეს, თელავში, „კავკასიონ" არენაზე გაიმართა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, ფირუზ გაბიტაშვილის გადაცემის შემდეგ, ჯადული იობაშვილმა გაიტანა. ვალერი გაგუას გაწვრთნილმა „თელავმა" კი, კახურ დერბიში, „გარეჯი" 1-0 დაამარცხა და 6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, 10 ქულით, მე-5 ადგილზეა.


მომდევნო ტურის კალენდარი იხილეთ ბმულზე.