ვიდრე, ახალი კვირა დაიწყება
ვიდრე, ახალი კვირა დაიწყება
07.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მე გამიმართლა, რომ მყავს ისეთი ინტელექტის მქონე ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც. კვარა, ჩვენ ვნახეთ რომ დღევანდელ შეხვედრაში კვარაცხელიამ საკმაოდ ძლიერად ითამაშა დაცვაშიც, კვარამ წარმოუდგენელი ხარისხი აჩვენა დაცვით თამაშში", - ამბობს საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულებული 28-ე ტურის შემდეგ, ლუის ენრიკე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თბილისში, ესპანეთის ნაკრების მისი ხელმძღვანელობით სტუმრობისას „კვარას" ბუნდოვნად სცნობდა, ახალ კი, მისი ერთ-ერთი „ჯოკერია". ეს და სხვა ამბები, რომლებიც უფრო იცით, ვიდრე არა, მაგრამ მაინც შევაჯეროთ ტრადიციულ რუბრიკაში კვირიდან კვირამდე.


28-ე ტურში კი, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონობა, გათამაშების დასრულებამდე, რამდენიმე ტურით ადრე კიდევ ერთხელ გაინაღდა, თუმცა, ქართველისთვის ეს პირველი ფრანგული ტროფეია და მეორე „ევროპული".


გამომდინარე იქიდან, რომ ქართველმა საფრანგეთის სათასო შეხვედრაში „დიუნკერის" წინააღმდეგ, რომელიც პარიზელებმა 2-4 მოიგეს, ჯანმრთელობის მცირე დისკომფორტის გამო ვერ მიიღო, ბევრი შიშობდა, რომ „კვარას" საჩემპიონო მატჩიც შეიძლება გაცდომოდა. თუმცა, ქართველმა, „ანჟერი" წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ალბათ, ერთადერთი რაც ჩვენც და უფრო მეტად, თავად კვარაცხელიას დააკლდა გატანილი გოლი იყო. პსჟ-მ კი, მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო და ვადაზე ადრე, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.


აქვე გეტყვით, რომ კვარა, ფრანგულ საფეხბურთო რეალობაში დუბლთან არის ახლო - პსჟ-ს საფრანგეთის თასის მოგების კარგი შანსი აქვს. ამას გარდა, „რეალის" შემდეგ, სწორედ პსჟ-ს მიიჩნევენ გუნდად, რომელსაც თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ლიგის მოგებაც შეუძლია.


გასულ კვირას, საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონმა", „ლილს" უმასპინძლა. გიორგი მიქაუტაძე ამ დღეს, თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო ამ მომენტისთვის, „ბომბარდირის" კლუბი, უკვე აღარ აგებდა (ანგარიში სტუმრებმა 47-ე წამზე სტანდარტულიდან გახსნეს, „ლიონმა" პირველივე ტაიმში გაათანაბრა, 1-1), თუმცა, ვერც იგებდა. ჟორჟის მოედანზე შემოვლის შემდეგ, „ლიონი" დაწინაურდა და საბოლოოდ, 2-1 მოიგო, მაგრამ ამ ჯერად, ქართველის გოლების და ბონუს ქულების გარეშე. აღნიშნული ტურის შემდეგ, მიქაუტაძის „ლიონი" 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და მომავალ სეზონში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის კარგი შანსები აქვს.


ბუნებრივია, როდესაც ჟორჟზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ „ლიონის" ქომაგებმა მიქაუტაძე მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, „ლე ავრთან"  გატანილი გოლი კი, სულაც „ლიონის" მარტის საუკეთესო გოლად დასახელდეს.


რადგან საფრანგეთზე ვლაპარაკობთ, ეს მონაკვეთი დავასრულოთ ზურიკო დავითაშვილით, რომლის „სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის გასვლით შეხვედრაში  „ლანსთან", 1-0 დამარცხდა.  ზურიკომ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 68 წუთი ითამაშა. ამ შეხვედრაში, ქართველის ანგარიშზე, პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოპოვებული 11-მეტრიანია, რომელიც საბოლოოდ, „სენტ ეტიენმა" ვერ გამოიყენა, 75-ე წუთზე კი, უკვე დავითაშვილის არ ყოფნაში, მისმა გუნდმა გოლი გაუშვა და კიდევ უფრო რეალური გახადა ლიგა 1-დან გავარდნის შანსები.


ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი" 24 ტურის შემდეგ, საჩემპიონო ჯგუფში 27 ქულით ლიდერია, თუმცა, ამდენივე ქულა აქვს, „აუსტრია ვენას", რომელთანაც ქართველის გუნდს, 23 და 27 აპრილს ჯერ გასვლაზე, შემდეგ კი, სახლში უწევს დაპირისპირება და არაა გამორიცხული, სწორედ ეს თამაშები გახდეს გადამწყვეტი ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად. მანამდე კი, „კიტე" 24-ე ტურში, „შტურმს" კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვა და სრული შეხვედრა ჩაატარა. ქართველის გუნდმა, ვენის „რაპიდი" 2-0 დაამარცხა.


მარტის ლეგიონიდან, მორიგი შეხვედრა ჩაატარა გორგი ზარიამ. ქართველმა მინდორზე 60 წუთი გაატარა და საბოლოოდ, მისმა გუნდმა, „ ქაირათმა", 1-4 გაიმარჯვა გასვლით შეხვერაში „ატირაუსთან". შეგახსენეთ, რომ მასპინძელ „ატირაუ"-ში გია ჩადუნელი, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი გადრანი და გიორგი ნიქაბაძე თამაშობენ. ამ დღეს, ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ნიქაბაძეს არ უთამაშია, ჩადუნელი კიმ 90-ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს. „ქაირათის" შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა, ამ დღეს, მინდორზე არ გამოსულა არც ლუკა გადრანი.


ზედიზედ მესამედ, ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მცველი ჩვენი გიორგი გველესიანი ხდება. „პერსეპოლისის" 33 წლის ქართველი. როგორც წესი საუკეთესოებს სეზონის დასრულების შემდეგ ავლენენ, თუმცა, „გველესას" ეს აღიარება, ირანში ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გამოაცხადეს. ქართველის გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრა სახლში ჩაატარა და „ესტეგლალ ხუზესტანთან" ფრედ, 0-0 ითამაშა. გიორგიმ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.


ცოტა კი მივიწყებულივით ჩანს, მაგრამ ჩვენ სულ ვაკვირდებით ოკეანის გადაღმა მყოფ საბა ლობჟანიძეს, რომელიც დიდი ალბათობით, ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იქნება. მანამდე კი, საბამ, MLS-ის მორიგი კალენდარული შეხვედრა ჩაატარა. მისმა „ატალანტამ", „დალასს" უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა. „ლობჟანა" 87-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი, 7 ტურის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება საბას პირად მონაგარს, მას ჯერ მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.


შეუცვლელად ითამაშა იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძემ. ქართველის „ემპოლიმ", „კალიარის" უმასპინძლა. თამაში კი, ფრედ, 0-0 დასრულდა. რაც შეეხება საბას, მან ორივე გუნდში, კუამეს შემდეგ, მეორე შეფასება, 7.5 მიიღო. „ემპოლის" შემადგენლობაში, კვლავ არ უთამაშია საბა საზონოვს.


რადგან სიტყვამ ტრავმა მოიტანა, გეტყვით, რომ 2 აპრილს, ბოსნია და ჰერცეგოვინას თასის პირველ ნახევარფინალში, 36-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო, მინდვრის დატოვება მოუხდა გიორგი გულიაშვილს. მატჩი კი, „სარაევომ" მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგო „ბორაცისთან" და ახლა საპასუხო შეხვედრაში, 15 აპრილს ეცდება ვითარების გამოსწორებას. დიდი ალბათობით, აღნიშნულ თამაშში, მონაწილეობას მიიღებს გულიაშვილიც, რომელსაც „ბორაცთან" მიღებული ტრავმის გამო, მინიმუმ ორ შეხვედრაში უწევდა დასვენება. მის გარეშე კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატში, „სარაევომ", გასვლაზე 0-2 „გოსკ გაბელა" დაამარცხა. მინდორზე მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე შეცვალეს, ვასილიოს გორდეზიანი, რომელმაც თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.


ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი"  გასვლით შეხვედრაში „ბრისტოლ სიტისთან" 2-1 დამარცხდა. ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მინდორზე მხოლოდ, მეორე ტაიმში, მე-60 წუთიდან გამოჩნდა. ამ დროისთვის, „უოტფორდი" უკვე 2-0-ს აგებდა. „ჩაკვეს" თანაგუნდელებმა, ერთი გოლის გაქვითვა კი მოახერხეს, თუმცა, ქულის გადარჩენა ვერა. ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, ქართველის გუნდს 53 ქულა აქვს, არის მე-10 ადგილზე და პრემიერ ლიგის ფლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.


რუმინეთის სათასო დაპირისპირების ¼ ფინალში დამარცხდა „კლუჟთან" ანრი მექვაბიშვილის „უნივესიტატია". შეხვედრის ძირითადი დრო, რომელიც ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული 120 წუთი ითამაშა დამატებითი დროის ჩათვლის ფრედ 1-1 დასრულდა. ქართველმა 11-მეტრიანების სერიაშიც მოახერხა გოლის გატანა, თუმცა, საბოლოოდ, სერია „კლუჟმა" მოიგო 5-3 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


თუკი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ბოლო პრეს-კონფერენციაზე (სომხეთთან თბილისური თამაშის შემდეგ) ნალაპარაკევს გავაანალიზებთ, ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ამხანაგური შეხვედრის გამართვა უწევს, გუნდში გამოძახების და თამაშის საშუალება იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებმაც, თუნდაც, მარტის ფანჯარა გამოტოვეს. ამ ჩამონათვალში, ჩვენი მოსაზრებით, კიდევ ერთი სახელი გიორგი ქვილითაიაა, რომლის „არისი", კვიპროსის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფში ასპარეზობს და „ომონიასთან" 2-1 დამარცხდა. ქართველი მოედანზე, 62-ე წუთზე შემოვიდა. მისი გუნდი კი, საჩემპიონო რბოლაში 6 ქულით ჩამორჩება „პაფოსს", რომელიც თავის მხრივ, ბოლო ტურში, კუნძულზე მყოფი კიდევ ერთი ქართველის, ლაშა დვალის „აპოელთან", საშინაო შეხვედრაში 0-1 დამარცხდა. დვალი, აღნიშნული შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა და არაა გამორიცხული, ეს გარემოება მის კონტრაქტთან იყოს დაკავშირებული, რომელიც მაისის ბოლოს მთავრდება. მოარული ხმებით კი, ქართველმა, არაა გამორიცხული ახალი სეზონიდან, კუნძული დატოვოს.


რადგან ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ, კიდევ ორ დაანონსებულ ტრანსფერს დავუბრუნდეთ და ესპანეთში გადავინაცვლოთ. თავდაპირველად ლა ლიგა 2-ს გადავხედოთ, სადაც ჯერ კიდევ გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ", საშინაო შეხვედრაში „რასინგი" 3-1 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ჯერ კიდევ მისი „ლევანტე" კი, 62 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია.


და ბოლოს გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც  ვინისიუს ჟუნიორმა, ყოველ შემთხვევაში ამ სტატიის დაწერამდე, ჯერ კიდევ არ „ჩააბარა თავანი". „ბერნაბეუზე", მადრიდის „რეალისა" და „ვალენსიას" დაპირისპირების შემდეგ, ქართველი, მატჩს MVP-იდ დასახელდა, „მამარდამ" ორივე გუნდში ყველაზე მაღალი, 8.5 ქულა მიიღო შეფასებად. ყველაფერი კი, მე-13 წუთზე მოგერიებული პენალტიდან დაიწყო, რომელიც გიორგიმ ვინისიუსს აუღო - დარტყმამდე, დავნაძლევდით, თუ გამიტანდა მე მივცემდი 50 ევროს თუ არა და მას უნდა მომეცაო, იხუმრა თამაშის მერე „მამარდამ" და ეს ხუმრობა, მედიამ ეგრევე აიტაცა. ისე, იმის გათვალისწინებთ, რომ ვინისიუსმა, 50-ე წუთზე ქართველის კარში გოლი მაინც გაიტანა, არაა გამორიცხული, ის 50 ევრო, ამ გოლში გაუქვითა. თუმცა ხუმრობა იქით იყოს, და „ვალენსიამ", მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე მოახერხა გოლის გატანა, „ვალენსიამ" კი, 2008 წლის შემდეგ „ბერნაბეუზე" პირველად გაიმარჯვა. 30 ტურის შემდეგ „ვალენსიას" 34 ქულა აქვს და მე-15 ადგილს იკავებს, გიორგი მამარდაშვილი კი, მცირე საახალწლო „ჩავარდნის" შემდეგ, თამაშიდან თამაშამდე უმატებს და პირობას, რომ ის იყო დროებითი ზედმიწევნით ასრულებს.


ამ ჯერზე ეს იყოს, და შევხდებით ერთ კვირაში...