
11 და 16 აპრილს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის ბოლო შეხვედრებს ჩაატარებს.
„გეგმის მიხედვით მივდივართ. ყველამ ვიცით, ყველას გათავისებული გვაქვს, როგორი მნიშვნელობის თამაშია. კარგია, რომ უკვე ფინალამდე მივდივართ. მითუმეტეს, იმ ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლითაც ნაკრები არის დაკომპლექტებული. ვფიქრობთ, ჩვენ მზად ვართ იმ გადამწყვეტი თამაშისთვის, რომელსაც კოსოვოში ჩავატარებთ. ნერვიულობა იწყება მაშინ, როდესაც წარმატება ახლოვდება. ამ თამაშს, რომელმაც შეიძლება წარმატება მოგვიტანოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ სრული მზადყოფნა გვაქვს. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ჩვენს ქვეყანას, კიდევ ერთი წარმატება მოვუტანოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს მინიმუმ რვა საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდს შორის მოხვედრა მოუტანს, იმ ათი ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, რომლიდანაც ერთ-ერთში ჩვენი გუნდი ასპარეზობს. ჯგუფს კი, საფრანგეთი ლიდერობს, რომელსაც ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, 16 აპრილს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ვუმასპინძლებთ. თუმცა, მანამდე, ასათიანის გუნდს, კოსოვოში, გასვლით შეხვედრაში უწევს მთავარ კონკურენტთან დაპირისპირება.
„ყველაფერი გადაწყდება ამ ორ თამაშში და დიდი იმედი გავქვს, რომ მთელი ერთი წელი და კიდევ მანამდე, მოსამზადებელი პერიოდი, ჩატარებული ამხანაგური თამაშებით, რათა მიგვეღწია მიზნისთვის, ევროპის ჩემპიონატისთვის, მიღწეული იქნება და ამით, ქართველ ხალხსაც გავახარებთ. კოსოვოს ნაკრებს რაც შეეხება, კარგი გუნდი არის. ეს თბილისშიც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 3-1 მოვიგეთ. თუმცა, ბოლოსღა გავტეხეთ და ვიცით, ურთულესი თამაში გველოდება. მით უმეტეს, გასვლაზე, სავსე ტრიბუნა იქნება, მაგრამ ჩვენ ვეცდები, ჩვენს მიზანს მივაღწიოთ და თბილისში, გამარჯვებულები დავბრუნდეთ", - ამბობს ირაკლი თოდუა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ მეინ-რაუნდის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზეა და ჯგუფის ლიდერს, საფრანგეთის ნაკრებს, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე მყოფ კოსოვოს კი, 3 ქულა და თეორიული შანსი, რომ გადაგვასწროს.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში უკვე რამდენიმე დღეა ემზადება. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 15 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული. მათ შორის მეკარეები: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი"); წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), არჩილ სებისკვერაძე („გომელი", ბელარუსი), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბრუიძე („არმია"), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").
საქართველოს ნაკრები კოსოვოში 9 აპრილს გამთენიისას გაემგზავრება. თამაში კი, 11 აპრილს პრიშტინაში, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







