თამაშიდან გამოდინარე ალოგიკური მარცხი და ერთი წლით გახანგრძლივებული B-ლიგელობა
თამაშიდან გამოდინარე ალოგიკური მარცხი და ერთი წლით გახანგრძლივებული B-ლიგელობა
08.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ბულგარელი თანატოლების წინააღმდეგ, თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის 30-ე წუთიდან დაახლოებით 7-8 წუთიან მონაკვეთს და მეორე ტაიმს ფრაგმენტულად, მთელი თამაში მოახერხა ბურთი გაეკონტროლებინა, დრო მეტოქის ნახევარზე გაეტარებინა, ბურთი მოეპარა - ერთად ერთი რაც ჩვენი კონკრეტული დაკვირვებით დღეს, ჩვენს გოგონებს დააკლდათ იყო კარის მიმართულებით დარტყმა, შეტევის დამაგვირგვინებელი ფაზა. კიდევ, ერთი ნიუანსი, რომელიც ასევე, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით დღეს, ლალე დავითაშვილის გაწვრთნილ საქართველოს 19-წლამდე გოგონებს დააკლდათ, იყო ტურნირის მასპინძელი გუნდის წინააღმდეგ, ფსიქოლოგიურად მზადყოფნა და იმ სტერეოტიპის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ჩვენს გუნდს, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, როდესაც ბულგარეთმა ლიხტენშტეინი დაამარცხა 7-0, შეექმნათ.


რეალურად, ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა, თუმცა, ჩვენმა გოგონებმა, ამ შექმნილი სტერეოტიპის გადალახვა ვერ მოახერხეს. ამას, საწყის წუთებზე, ქართველთა გუნდის კარში, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ყოველ შემთხვევაში, VAR-ის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გადასახედი მომენტი იყო, ვინაიდან, ფეხბურთელზე, რომელზეც საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა, აუტის ჩაწოდების მომენტში, თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მის მიერ ბურთის დაუფლებისთანავე, შესაბამისი წესი უნდა ამოქმედებულიყო. შესაბამისად, არც 11-მეტრიანი დაინიშნებოდა, თუმცა... მე-6 წუთზე ბულგარელებმა პენალტი გაგვიტანეს.

 


82-ე წუთზე, მორიგი სტანდარტულიდან, ამჯერად საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ცოცხალ კედელს გადააცილეს ანგარიში ორამდე გაზარდეს. საქართველოს ნაკრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე დამატებულ წუთზე მოახერხა ერთი ბურთის გატანა. თუმცა, ლიზი გოგალაძის გატანილმა გოლმა, სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრაში, ვერ უშველა.


აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს გუნდს, აღნიშნული ლიგის მოსაგებად, დღეს აუცილებლად უნდა მოეგო. თუმცა, შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 5 ქულას და შესაბამისად ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულებდა ტურნირს. ახლა კი, გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში, ლუქსემბურგმა, რომელთანაც ქართველმა 19-წლამდებმა სასტარტო შეხვედრაში ფრედ 1-1 ითამაშეს, დღეს ლიხტენშტეინს 0-10 მოიგო, 4 ქულით და მეტი გატანილი გოლების წყალობით, მეორე ადგილზე, სწორედ ლუქსემბურგელებმა დაასრულეს ჯგუფში ასპარეზობა. ბულგარეთმა კი, ჯგუფის ყველა შეხვედრა მოიგო და შესაბამისად, მომავალ სეზონში A ლიგაში იასპარეზებს.


და ბოლოს ჩვენი ნაკრების ყველა თამაში B1 ჯგუფში:

ლუქსემბურგი  - საქართველო 1-1 (ნინიკო ჩხეტიანი)

საქართველო - ლიხტენშტეინი 2-0 (ლიზი კანკია, ელენე ბოლქვაძე)

საქართველო - ბულგარეთი 1-2 (ლიზი გოგალაძე)