
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა, აქედან ქართული გუნდის სათვალავში ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა.
გივი მაჭარაშვილი უკვე, ევროპის სამგზის ჩემპიონია. 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, ფინალში, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე მაგომედ ყურბანოვი 3-2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.
ზედიზედ მეორე ბრინჯაოს მედალი მოიგო ევროპის ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ. 79 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე მუჰამედ ალიასაარ მოთაგინია 4-1 დაამარცხა.
ქართული გუნდისთვის პირველი მედალი კი, 70კგ წონით კატეგორიაში, აკაკი ქემერტელიძემ მოუტანა. ქართველმა ფალავანმა სლოვაკეთში, ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროპულ კვარცხლბეკზე ასვლა. რეპეშაჟის ფინალში, აკაკიმ, უკრაინელი ოლექსი ბორუტა 6-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, 65 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო გოგა ოთინაშვილსაც, თუმცა, ქართველი, ტრავმის გამო სომეხ მეტოქესთან საჭიდაოდ არ გამოცხადდა და შესაბამისად, ბრინჯაო სომეხს დაუთმო.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველი მედლების გათამაშებამდე, ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავის, თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილისა და საუკეთესო მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძესთვის განკუთვნილი ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.
ხვალ ბრატისლავაში, თავისუფალ ჭიდაობაში მედლების მორიგი კომპლექტები გათამაშდება. ქართული გუნდიდან მედლების მოგების შანსი აქვთ:
125 კგ წონით კატეგორიაში სოლომონ მანაშვილს, რომელიც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
ფინალურ ბლოკში, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს 92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძე.





ჩვენ







