
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა იბრძოლა, თუმცა, შეხვედრა მაინც წააგო. ტა ქალიში, უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე კალენდარულ მატჩში, მალტის ნაკრებმა, საქართველოს ნაკრები 2-1 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დაამარცხა.
განსხვავებით, თბილისში, ამ გუნდებს შორის, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრისგან, ამჯერად, ირის ანტმანის გუნდს შეცდომები მინიმუმამდე ჰქონდა დაყვანილი. თუმცა, ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლად ყალიბდება შეტევის ბოლო ფაზა - დღესაც, კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. რეალურად როცა მივიდა, ერთ მომენტში მეკარემ მოიგერია, მეორეში კი, 84-ე წუთზე მარიამ კალანდაძემ გოლის გატანა მოახერხა. და ისევ, არ გვეყო დრო თამაშის გადასარჩენად, რადგან 84-ე წუთისთვის საქართველოს ნაკრები 2-0 აგებდა.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ პირველი გოლი, საკმაოდ კურიოზული გამოდგა - ქართველმა ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ მათ წინააღმდეგ 39-ე წუთზე წესები დაირღვა. მსაჯმა არ შეიმჩნია, მალტელებმა კი, შეამჩნიეს კარიდან გვარიანად შორს გამოსული თათია გაბუნია და შორეული დარტყმით გახსნეს ანგარიში.
საინტერესო მომენტი იყო პირველი ტაიმის დასასრულს, როდესაც კუთხურიდან ნათია დანელიას ჩაწოდებული ბურთი, მსაჯმა ჯერ გოლად ჩაგვითვალა, ადგილობრივმა დიქტორმა გამოაცხადა კიდეც, მერე კი გააუქმა. ვიდეოში, ჩვენების დაბალი ხარისხის გამო, რთულად გასარჩევია გავიდა თუ არა გოლი, ფაქტია რომ ის არ ჩაგვითვალეს და პირველი ტაიმი, მალტელებმა 1-0 მოიგეს.
მე-60 წუთზე მასპინძლებმა პენალტი გაგვიტანეს და კომფორტული უპირატესობითაც დაწინაურდნენ. თუმცა, ირის ანტმანის გუნდმა, როგორც უკვე გითხარით, ბოლომდე იბრძოლა.
ოთხი სათამაშო ტურის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრები ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. ეს კი, ანდორაში, ადგილობრივი და კვიპროსის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ გაირკვა, რომელშიც ანდორამ 0-1-დან თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ, 2-1 მოიგო. ჩვენ, სწორედ ანდორას გავუცვალეთ ადგილი, რომელთანაც, ჯგუფური ეტაპის ბოლო წინა შეხვედრა 30 მაისს, გასვლაზე გველის. 3 ივნისს კი, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კვიპროსს დავუპირისპირდებით. თეორიული შანსი, მეორე ადგილზე გასვლის ჩვენს გუნდს აქვს, ამისთვის ჩვენც და მალტამაც დარჩენილი თამაშები უნდა მოვიგოთ. თუმცა, მოვხდებით თუ არა ორი საუკეთესო მეორე ადგილოსანს შორის, რომელიც B ლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფს ითამაშებს, ეს ამბავი უკვე სხვა ჯგუფებზე იქნება დამოკიდებული.





ჩვენ







