
დღეს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის „დინამომ", „თელავს" უმასპინძლა და 2-0 გაიმარჯვა. ანგარიში, პირველი ტაიმის მიწურულს, ლუკა ქაფიანიძემ გაიტანა. მეორე ტაიმში კი, ჯალენ ბლესამ, მე-60 წუთზე მორიგ მატჩში გამოიჩინა თავი. რეალურად თამაში აჭარული კლუბის კარნახით წარიმართა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. 7 ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამოს" 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მეორე ადგილზეა.
ტური კი, ფოთში, უხვგოლიანი მატჩით დაიწყო. „ფაზისის" სტადიონზე, ერთმანეთს, ადგილობრივი „კოლხეთი 1913" და ქუთაისის „ტორპედო" დაუპირისპირდნენ. ანგარიში ამ შეხვედრაში, ყველაზე წარმატებული „ტორპედოს" და ამჟამად, ფოთელთა მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ჩხეტიანის „კოლხეთმა" გახსნა. მე-14 წუთზე, გიგი აბუაშვილმა გაიტანა, რასაც მალევე გოლით, ბიორნ იონსენმა უპასუხა. ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზევე ფოთელები, კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. ამჯერად, 48-ე წუთზე თორნიკე შეყილაძემ გაიტანა. 57-ე წუთზე, კოხრეიძემ, კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა გორის „დილამ" ადგილობრივი „სამგურალი". ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 52-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ გაიტანა. 7 ტურის შედეგ, გორელები, სატურნირო ცხრილში, 14 ქულით მესამე ადგილზე არიან.
ქულები დაკარგა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „იბერია 1999"-თან, საშინაო მატჩში „დინამო თბილისმა". შეხვედრაში, რომელიც „დინამო არენაზე" გაიმართა და მასპინძლები დომინირებდნენ, ლადო კაკაშვილის გაწვრთნილებს, ბოლო ფაზაში თამაში აკლდათ. რეალურად, დინამოელებს კარისკენ თუ დაურტყამთ, ისე რომ ის ბურთი, გამოცდილი გიორგი მაკარიძისთვის პრობლემა არ ყოფილა. სამაგიეროდ, დინამოელთა დაცვას გაეპარა ორი კონტრშეტევა, რომლითაც კარგად ისარგებლეს ლევან კორღალიძის შეგირდებმა და 33-ე და 41-ე წუთებზე იური ტაბატაძემ დუბლიც გაიფორმა. თამაშის სურათი არ შეცვლილა მეორე ტაიმშიც. 86-ე წუთზე, დინამოელებმა ერთი გოლი გაიტანეს - შეცვლაზე შემოსული ვახო სალიას გადაცემის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი, ასევე შეცვლაზე შემოსულმა თემო ოდიკაძემ გაიტანა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა უფრო აგრესიულად და ინტენსიურად შეუტიეს, თუმცა, დრო არ ეყოთ. „იბერია 1999"-მა 1-2 გაიმარჯვა და ახლა უკვე, 17 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია.
86-ე წუთზე, ვანდერსონ სილვას მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, „გარეჯისა" და „გაგრას" მატჩის ბედი, რომელშიც სტუმართა გუნდი „გაგრა" აშკარად სჯობდა მეტოქეს. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში, გაგრელებს რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშს გახსნის საშუალება, მათ შორის პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე ოქრიაშვილსაც, თუმცა, გარეჯელთა კარის მცველის, ლუკა კუტალაძის („დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი), ჩინებული თამაშის წყალობით, თამაშის ბოლომდე, გარეჯელთა კარი ხელშეუხებელი იყო. ზოგადად, ლუკა, ამ ტურში ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით საუკეთესო იყო. შეხვედრა კი, „გაგრამ" 0-1 მოიგო.
ეროვნული ლიგის მე-8 ტური 13 და 14 აპრილს არის ჩანიშნული.





ჩვენ







