ერთი ჯგუფური მატჩი და ერთი ნაბიჯი მეორე ევრომდე
ერთი ჯგუფური მატჩი და ერთი ნაბიჯი მეორე ევრომდე
12.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში დღეს, პრიშტინაში, ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა თამაში ჩაატარა და ადგილობრივი, კოსოვოს ნაკრების, ანგარიშით 1-3 დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საგზურს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მეინ-რაუნდის დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურები გაინაღდეს სომხეთის, ბელარუსის, ხორვატიის, ჩეხეთის, პოლონეთის, პორტუგალიის (მოქმედი ჩემპიონი) სლოვენიის და უკრაინის ნაკრებებმა.


ბოლოს წინა ტურში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა,  მეტოქეს ბურთი დაუთმო, თუმცა, ეს სიტუაციაც კარგად გააკონტროლა. ანგარიში, 15'33'' გორგი ღავთაძის გოლით გახსნა და პირველი ტაიმი, საკმაოდ აგრესიულად განწყობილ კოსოვოს 0-1 მოიგო. აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა, თორნიკე ბუკიას, გიორგი ჩიმაკაძის, გიორგი ღავთაძის, ვახტანგ კეკელიასა და ირაკლი თოდუას შემადგენლობით დაიწყო.


მეორე ტაიმის ნახევარში, კოსოვოელებმა, მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, თუმცა, 22 წამზე მეტი ვერ გაიხარეს რადგან, 31'21'' ნიკა ხარატიშვილმა კვლავ დააწინაურა საქართველოს ნაკრები. გარდა იმისა, რომ მასპინძლები საკმაოდ უხეშობდნენ და რიგ მომენტებში, არც პროვოკაციებს ერიდებოდნენ, ამასთან, ჩვენები 5 ჯარიმით თამაშობდნენ, ასათიანის გუნდმა, მოახერხა იმ სათამაშო სიმშვიდის შენარჩუნება, რომელმაც გამარჯვებამდე მიიყვანა. 37'16'' წუთზე, არჩილ სებისკვერაძემ სტანდარტულიდან უძლიერესი დარტყმით ქართველთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. ამ მომენტისთვის, მასპინძლები უკვე ზედმეტი ფეხბურთელით თამაშობდნენ და ალბათ, ცოტა გამართლება, რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო, მინიმუმ ორჯერ, ქართველთა ნაკრებს ცარიელ კარში გოლის გატანის და საფინალო სასტვენამდე, თამაშს დასრულების შანსიც ჰქონდა.  თუმცა, ასეა თუ ისე, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო გასვლაზე. სხვათა შორის იდენტური ანგარიშით, როგორც ეს, ამ გუნდების პირველი დაპირისპირებისას დასრულდა თბილისში.


დღესვე, საფრანგეთმა საშინაო შეხვედრაში 8-0 დაამარცხა ბულგარეთი და 15 ქულით, კვლავინდებურად ჯგუფს ლიდერობს.


ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ-რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. მათ გარდა, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ფლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. ბოლო ტურამდე, რომელშიც, საქართველოს ნაკრები, თბილისის ოლიმპიურ  სასახლეში, საფრანგეთს უმასპინძლებს,  ჯგუფს, ქულების მაქსიმუმით, საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს. 3 ქულით ნაკლები აქვს, საქართველოს ნაკრებს. ამასთან ბოლო ტურამდე, 10 ჯგუფში 12-12 ქულა მხოლოდ ორ გუნდს, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებებს აქვთ. ამას გარდა, ბოლო სათამაშო ტურისა და შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს, საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ადგილი განაღდებული აქვს. ფლეი-ოფის წილისყრა, 21 მაისს არის ჩანიშნული. ფლეი-ოფის მატჩები კი, 2025 წლის შემოდგომაზე, 15-24 სექტემბერს გაიმართება. თუმცა, მანამდე, 16 აპრილს, მეინ-რაუნდის ბოლო შეხვედრაა.


საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის შეხვედრა 16 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.