ის რაც გასულ უქმეებზე ალბათ, არ გამოგრჩათ...
ის რაც გასულ უქმეებზე ალბათ, არ გამოგრჩათ...
14.04.2025
ავტორი: მარიამ მესხი

გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა საკუთარ კლუბებში მორიგი მატჩები გამართეს.


ქართული ლეგიონიდან პირველი საქმეში გიორგი ქოჩორაშვილი ჩაერთო, რომლის „ლევანტეც" ლა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. „კორდობასთან", სტუმრად უმძიმეს მატჩში, „ქოჩორას" გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. „ლევანტე" ძირითადი დროს დამატებულ მეექვსე წუთამდე 1-2-ს იგებდა, თუმცა, დამატებულ მეშვიდე წუთზე ალვესმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩიც 2-2 დასრულდა. თავისი მატჩი მოიგო „ლევანტეს" უშუალო კონკურენტმა, „ელჩემ", რომელმაც ქართველი ნახევარმცველის გუნდს 3 ქულით გაასწრო.


ლა ლიგა2-ში სტუმრად მოიგო გიორგი წიტაიშვილის „გრანადამაც", რომელიც ლა ლიგაში დასაწინაურებელ საფლეიოფო ზონას სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩება. წიტაიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ფლეშსქორისგან კი, 7.0 ქულა დაიმსახურა.


გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" ლა ლიგის 31-ე ტურში „სევილიას" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებით მეოთხე წუთზე, ხავი გერამ გაიტანა. ქართველი მეკარე „სევილიასთან" მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფლეშსქორმა „მამარდა" და გოლის ავტორი გერა ყველაზე მაღალი, 7.7 ქულით შეაფასა. გიორგიმ „სევილიას" წინააღმდეგ 5 „სეივი" შეასრულა.


საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში კი, ზუკა დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" „ბრესტს" უმასპინძლა. უხვგოლიანი შეხვედრა 3-3 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა. ტრადიციულად, „სენტ ეტიენის" რიგებში დავითაშვილი საუკეთესო იყო. ეფექტური გოლის გატანის ძალიან კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა, „ბრესტი" ხარიხამ გადაარჩინა.


ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი" კი, „ოსერს" ესტუმრა და დამაჯერებლად, 1-3 იმარჯვა. „ბომბარდირმა" 52-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, თავადვე შეასრულა და „ლიონი" წინ გაიყვანა. 84-ე წუთზე კი, გუნდის კაპიტანს, ალექსანდრ ლაკაზეტს შესანიშნავი საგოლე პასი მისცა. მან კი, საბოლოო ანგარიში 1-3 დაფიქსირდა.


საფრანგეთის ჩემპიონის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური განმეორებითი მატჩის გამო 29-ე ტურის მატჩი გამოტოვა.


ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" სტუმრად „ზალცბურგს" დაუპირისპირდა და კიტეიშვილის დუბლის წყალობით, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. „შტურმი", პირველი ტაიმის შემდეგ 0-1 მარცხდებოდა, თუმცა, 48-ე წუთზე ზალცბურგელთა კარი პენალტის ნიშნულიდან ქართველმა ნახევარმცველმა აიღო. 63-ე წუთის შემდეგ კი, გრაცის კლუბი კაცნაკლული დარჩა, თუმცა 70-ე წუთზე კიტემ შორეული გასროლით დუბლი გაიფორმა და „შტურმს" მოაგებინა.


უნგრეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძის „უპეშტმა" შინ „დებრეცენს" მოუგო. ბერიძემ აღნიშნულ შეხვედრაში 48-ე წუთზე ანგარიში გახსნა და მისი გუნდი დააწინაურა, ფლეშსქორისგან კი მეორე საუკეთესო - 7.9 შეფასება დაიმსახურა.


აზერბაიჯანის პრემიერლიგის 30-ე ტურში, დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა", ბაქოს „ნეფტჩის" ესტუმრა. ქართველების კლუბი 24-ე წუთის შემდეგ 2-0 მარცხდებოდა, თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა პენალტის ნიშნულიდან უციგმა შეამცირა. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე კი, ვოლკოვმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, „ზირამ", ანგარიშით 2-4 იმარჯვა. მიმდინარე გათამაშებაში ვოლკოვი 10 გოლით მეორე ადგილს სეკიდიკასთან იყოფს. პირველ ადგილზე კი 14 გოლით ლეანდრო ანდრადეა.