საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელ ფრანგებთან მოსაგებად გადიან
საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელ ფრანგებთან მოსაგებად გადიან
15.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანს გუნდს, რომელიც ჯგუფის ლიდერს საფრანგეთის ნაკრებს 3 ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, ჯგუფშიც მეორე ადგილზეა, კარგი შანსი აქვს, ეტაპი წარმატებით დაასრულოს.


„რა თქმა უნდა ძალიან რთული თამაში გველოდება ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს ვეთამაშებით. ვფიქრობ, ასეთი თამაშები ჩვენს მოთამაშეებს კიდევ უფრო გაზრდის. ძალიან რთული მისია გვექნება, თუ გვინდა რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით. კარგია რომ გავინაღდეთ ფლეი-ოფის საგზური, ეს ბიჭებს უფრო მეტ შვებას და თავისუფლებას მისცემს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ბევრი თამაში მაქვს ჩატარებული და შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მძიმე თამაში, როგორიც კოსოვოში გვგქონდა, არ მახსენდება. ამიტომ, პირველ რიგში, მინდა ჩემს ბიჭებს დიდი მადლობა ვუთხრა იმ ბრძოლისუნარიანობისთვის, ხასიათისთვის. ამის შესახებ თამაშის წინ ბიჭებს ველაპარაკე. ასეთ თამაშებში, ყველა ერთად გავიზრდებით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


ის ვინც, საქართველოში ფუტსალის განვითარებას და ბოლო წლების პროგრესს ადევნებს თვალს, კარგად მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს, რომელმაც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა, პორტუგალიის ნაკრების „დამსახურებით", რეალურად ხელახლა მოუხდა გუნდის აშენება. ერთი წლის მანძილზე კი, ავთანდილ ასათიანმა და მისმა სტაფმა, ამის გაკეთება მოახერხა და ზედიზედ მესამედ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, მინიმუმ ფლეი-ოფში გასვლა მოახერხა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში, ფუტსალი სწორი გზით მიდისო, ამბობს ასათიანი, მნიშვნელოვან მატჩამდე, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.


საფრანგეთის, ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელი ნაკრების წინააღმდეგ მატჩის წინა დღეს, საქართველოს ნაკრებმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15  ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრისთვის, ასე გამოიყურებოდა - მეკარეები: თორნიკე ბუკია ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი" , თბილისი), ბექა ტყემალაძე ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი" , თბილისი), ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი"); წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი" ), არჩილ სებისკვერაძე („გომელი", ბელარუსი), ირაკლი თოდუა ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი" ), ვახტანგ ჯვარაშვილი ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი" ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბრუიძე („არმია"), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია ("ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, პრიშტინაში, კოსოვოსთან გამარჯვებით, ანგარიშით, 1-3 მოიპოვა.