ბეწვის ხიდით ნახევარფინალში
ბეწვის ხიდით ნახევარფინალში
16.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უმძიმესი თამაში „ვილა პარკზე", რომელშიც ქართული პუბლიკისთვის აღსაშფოთებლად და აქედან გამომდინარე, ჩვენს დასაბულინგებლად არა, მაგრამ ჩვენი ბიჭის თამაში, ვერ იყო ის, რასაც ხვიჩა კვარაცხელიამ დაგვაჩვია. ერთი, რომ ქართველმა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, თამაშის უდიდესი ნაწილი იყო „სხვა" ადგილას ჩაატარა და მეორე, სადაც იყო, იქ საკმაოდ მჭიდრო პრესინგს ეთამაშებოდნენ. თუმცა, მიზანი ასეც და ისეც, მიღწეულია და ხვიჩა არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც კახა კალაძის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს მიაღწია და ახლა, მეტოქეს ელოდება.


მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ლუის ენრიკე იტყვის, რომ ორივე თამაშში გამარჯვებას იმსახურებდა. თუმცა, ნაწილობრივ ვერ დავეთანხმებით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში, მასპინძლებმა, აშკარად დაჩაგრეს პარიზელები. მხოლოდ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ამ 1/4 ფინალური ეტაპის მოგებული საპასუხო მატჩის გამო არა, ზოგადად, იმ ხასიათისა და ბრძოლისუნარიანობის გამო, რაც ინგლისელებმა შეხვედრისას გამოავლინეს.


ამ შეხვედრაში კი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დემბელე აღიარეს, რომელმაც სხვათა შორის კუთვნილი პრიზი უეფა-ს წარმომადგენლებისგან არ ჩაიბარა, ჩვენი აზრით უფრო დონარუმა იყო, რომელმაც მინიმუმ ოთხჯერ, პსჟ-ს კარი აშკარა გოლისგან იხსნა.


„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. არა მარტო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მთლიანად შემადგენლობა ძალიან მაღალი დონისაა", - ესეც ლუის ენრიკეს მატჩისშემდგომი კომენტარიდან არის ფრაგმენტი.


თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც პსჟ-მ აშრაფ ჰაკიმისა (11′) და ნუნუ მენდეშის (28′) გოლების შემდეგ ანგარიში წაიყვანა, ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ „ასტონ ვილასთან" ფრანგებს მარტივი გასეირნება ექნებოდათ. ტილემნსმა ფრანგების სიმშვიდე 34-ე წუთზე დაარღვია, როდესაც ერთი გოლი გაქვითა და ეს, პსჟ-სთვის განგაშის სიგნალი უნდა ყოფილიყო. თუმცა, პირველ თამაშში და დღესაც, მოპოვებული უპირატესობამ, ფრანგული არხეინი ხასიათი გამოავლინა და საქმეც, შეიძლება ითქვას, დროზე ადრე გაკეთებულად ჩათვალეს. ფსიქოლოგიურად გუნდი მოდუნდა და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ჯონ მაკგინისა (55') და ეზრი კონსას (57') გოლების შემდეგ კი, ფრანგულის კლუბის მიერ, ორ თამაშში მიღწეული უპირატესობა ბეწვის ხიდზე ჩამოეკიდა. დღევანდელი შეხვედრა კი, 3-2 წააგო.


თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და პსჟ-ც ორი შეხვედრის ჯამში, რომელშიც 5-4 იმარჯვა გათამაშების მომდევნო ეტაპზეა, სადაც „არსენალი"-„რეალის" წყვილში გამარჯვებულს ელის. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალები 29 აპრილსა და 6 მაისს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ პსჟ, პირველ შეხვედრას, სტუმრად გამართავს.


და ბოლოს, ის რითაც „ასტონ ვილასა" და პსჟ-ს დღევანდელი შეხვედრა დაიწყო და რამაც ყველას ყურადღება მიიქცია. შეხვედრის დაწყების წინ, „ვილა პარკზე" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ნაცვლად, უეფა-ს ევროპა ლიგის ჰიმნი დაუკრეს. ალბათ, ეს სწორედ ის მინიშნება იყო, მონდომების მიუხედავად, რომელ ლიგაშიც, რეალურად, კლუბის ადგილია. ჰო, და ისევე, როგორც სტატიის დასაწყისში „კვარას" ფანატიკოსებისგან ვითხოვე გაგება, აქაც, ბრიტანული ფეხბურთის მოყვარულებისგან ვითხოვთ დანდობას.



 

 

სტატია რედაქტირებულია 14:00 საათზე / ფოტო (c) PSG