ფრანგებთან მოგება შეგვეძლო, თუმცა, მხოლოდ ქულები წავართვით
ფრანგებთან მოგება შეგვეძლო, თუმცა, მხოლოდ ქულები წავართვით
16.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს, დღეს, საფრანგეთის ნაკრებთან, ოთხ-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა, რათა ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში ჯგუფი მოეგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ მეორედ ეზეიმა, თუმცა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფრედ 3-3 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რამდენიმე თვით გადაავადა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა 4'50'' ლევან სვანაძემ გახსნა. მალევე, 5'26'' წუთზე, ვახტანგ ჯვარაშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა. შეხვედრის ასეთი სტარტი, საფრანგეთის ნაკრებისთვის, რომელმაც საბოლოოდ ჯგუფში დაუმარცხებლად დაასრულა ასპარეზობა, ცოტა მოულოდნელი იყო და ეს მათ თამაშზეც აისახა. თუმცა, ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გონზე დაიწყეს მოსვლა და ქართველთა კარსაც უფრო აქტიურად შეუტიეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანად შეხვედრაში, სწორედ თორნიკე ბუკიას დამსახურებაა რომ ჩვენს კარში მეტი გოლი არ გასულა. თუმცა, 19'04'' წუთზე, ანდრადემ ერთი ბურთი გაქვითა.


აქვე უნდა ვთქვათ, რომ  საერთო ჯამში, ჩვენი კარის მცველს, 14-ჯერ მოუხდა ბურთის მოგერიება. ორჯერ ნაკლები „მუშაობა" მოუწია ფრანგთა კარის მცველს, თუმცა, მეორე ტაიმში, სტუმართა გუნდი, ორჯერ, სასწაულით გადაურჩა გოლს. ამას, არჩილ სებისკვერაძის გაცუდებული პენალტი დაემატა 38-ე წუთზე, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვებაც შეეძლო მოეტანა.


თუმცა, ზოგადად, ქართული გუნდი, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და იმის ფონზეც კი, რომ მეორე ტაიმში ფრანგები გააქტიურდნენ და ჯერ  23'05'' წუთზე, აბდესამად მოჰამედის, შემდეგ კი, 29'33'' წუთზე ლუტენის გოლების შემდეგ, დაწინაურდნენ კიდეც 2-3. ასათიანი გუნდმა მალევე, 31'33'' წუთზე, არჩილ სებისკვერაძის გოლით ანგარიში გაათანაბრა და თამაშის მოგებასაც შეეცადა, თუმცა, ამ ჯერზე არ გამოვიდა.


საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. ჩვენებმა ვერ მოიგეს, თუმცა, ფრანგებს ქულები დააკარგვინეს.


უკრაინა, პოლონეთი, ბელარუსი, ესპანეთი, სლოვენია, სომხეთი, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, პორტუგალია (მოქმედი ჩემპიონი და ის გუნდი, რომლის საჩივრის საფუძველზეც, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლოს 2024 წლის ჩემპიონატიდან „ჩახსნეს") და  ლატვია და ლიეტუვა, როგორც ევროპის მომავალი ჩემპიონატის მასპინძლები - ეს, ის თორმეტი გუნდია, რომლებმაც ფუტსალში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე გაინაღდეს.


რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს, 10 ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის, საქართველოს ნაკრები, რომელიც რეალურად თავიდან 2024 წლის მანძილზე შეიქმნა, იტალიის ნაკრების მსგავსად 13 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. შესაბამისად, საქართველოსა და იტალიის ნაკრებების გარდა, ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს სლოვაკეთმა (12), ბელგიამ (12), ბოსნია და ჰერცეგოვინამ (12), უნგრეთმა (10), ყაზახეთმა (10) და რუმინეთმა (9). აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ჩამონათვალიდან, ერთს, რუმინეთის ნაკრებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი, 2025 წლის 9 და 11 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და სართო ჯამში, 5-0 დაამარცხა.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ ფლეი-ოფის წილისყრა 21 მაისს გაიმართება.