
დღეს, თბილისი არენაზე, საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალი გაიმართა. თასის მოქმედმა მფლობელმა თსუ-მ, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს „ქუთაისი 2010"-ს მხოლოდ, ერთი, პირველი მეოთხედი მოიგო 24-20, თუმცა, ბოლო პერიოდის ჩათვლით ებრძოლა და საბოლოოდ, 7 ქულით, 76-83 (იხილეთ სტატისტიკა) დამარცხდა.
თუ პერიოდებს გავყვებით, ფინალურ თამაშში, რომელშიც თსუ-ს ეროვნული ნაკრების მოთამაშე, ტრავმირებული ალექსანდრე ფევაძე აკლდა, არც ერთი გუნდი, გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა, პირველი მეოთხედი, როგორც გითხარით თსუ-მ მოიგო, 24-20, ანალოგიურად 4 ქულის სხვაობით მოიგო „ქუთაისმა" მეორე მეოთხედი, 17-21. აქ ერთი საინტერესო დეტალი - ტაიმის დასრულებამდე, კოტე ტუღუშის გუნდი 3 ქულით წინ იყო ანგარიშში, თუმცა, ბოლო წამზე ოთარ ფხაკაძის ზუსტი 3-ქულიანის წყალობით, გუნდები, დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 41-41 გავიდნენ.
20 -22 მოიგო იმერულმა გუნდმა მესამე მეოთხედი. შეხვედრის ამ მონაკვეთში, უკვე კოტე ტუღუშის გაწვრთნილი კლუბი ცდილობდა თსუ-ელთა გაქცევა აღმოეფხვრა და მონაკვეთის მიწურულს, გიორგი სულაბერიძის 2-ქულიანითა და ბოლოს, გიორგი ოჩხიკიძის 3-იანით ანგარიში დაწინაურება მოახერხა, 61-63. თამაშიდან გამომდინარე, ბოლო მეოთხედში, ორივე გუნდს შეეძლო ხეირის პოვნა, თუმცა, უფრო ცივი გონებით თამაშს, ქუთაისელები მიუდგნენ და ნელ-ნელა ქულების დაგროვება დაიწყეს. სულაბრიძისა და მიშა ბერიშვილის ზუსტი მცდელობების შემდეგ, 7 ქულით დაწინაურდნენ და ძირითადად, ამ ბალანსის შენარჩუნება მთელი მონაკვეთი მოახერხეს. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი, სხვაობა 10 ქულას შეადგენდა. ბუნებრივია, თეორიულად, ამ სხვაობის აღმოფხვრაც შესაძლებელი იყო, თუმცა, თსუ-მ ამის გაკეთება ვერ მოახერხა, მეოთხედი 15-20 წააგო, ტაიმი კი, 76-83.
ფევაძის არყოფნაში, თსუ-მ შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო - ოთარ ფხაკაძე, დევონტრე ტომასი, კარსონ ბაშამი, გიორგი ცინცაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. ლექსო ფალავანდიშვილის ამ შემადგენლობას, კოტე ტუღუშმა, ელაია ჯოინერი, გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი კორსანტია, გიორგი სულაბერიძე და კაკი დვალიშვილი დაუპირისპირა. ორივე გუნდში, 21 ქულით საუკეთესო იყო, „ქუთაისი 2010"-ის ფორვარდი გიორგი ოჩხიკიძე. სწორედ გიორგი გახდა მატჩის MVP. ქუთაისელთაგან ორმა კალათბურთელმა, ჯოინერმა და დვალიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულეს, მხოლოდ ერთი სხვაობით, იმერელთა ლეგიონერმა, კაპიტანზე ერთით მეტი ქულა ჩააგდო.
თსუ-ელთა შორის, 17 ქულით საუკეთესო იყო გლენ აბრამი, ქართული კალათბურთის ვეტერანმა გიორგი ცინცაძემ კი, 6 მოხსნასა და 9 გადაცემასთან ერთად, 8 ქულა ჩაიწერა აქტივში.
და ბოლოს, გეტყვით, რომ ქუთაისელებმა საქართველოს თასი მე-5-ედ მოიგეს, რაც ქართულ კალათბურთში საუკეთესო შედეგია. გამარჯვებულებს თასი და კუთვნილი მედლები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ცქიტიშვილმა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გადასცეს.





ჩვენ







