ჟორჟოს „ლიონი“ ევროტურნირებს დაემშვიდობა
ჟორჟოს „ლიონი“ ევროტურნირებს დაემშვიდობა
18.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპის ლიგის1/4 ფინალური საპასუხო შეხვედრა  „მანჩესტერ იუნაიტედსა" და „ლიონს" შორის იყო ის მატჩი, რომლის გამოც, ფეხბურთი მსოფლიოში უყვართ და ნომერი პირველი სპორტია. თუ რატომ, ამის დასტური შეხვედრის ორი დამატებითი ტაიმია, რომელმაც თამაშის ბედი ორჯერ ამოაყირავა და საბოლოოდ, გამარჯვება და 1/2 ფინალური საგზური, საპასუხო მატჩის მასპინძლებს დაუტოვა.


შეხვედრაში „ოლდ ტრაფორდზე", რომელშიც ლიდერი სამჯერ შეიცვალა, თანაც ორ-ბურთიანი უპირატესობით, თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. მანუელ უგარტესა და დიოგუ დალოს გოლებით, მანჩესტერმა პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. აქვე ვთქვათ, რომ „ლიონის" შემადგენლობაში, სასტარტოდან დაიწყო თამაში გიორგი მიქაუტაძემ, თუმცა, „ბომბარდირი" მეორე ტაიმში შეცვალეს. ქართველს, მჭიდროდ მეურვეობდნენ და რეალურად, განძრევის საშუალება არ მისცეს. მინდვრიდან, ჟორჟის გასვლის შემდეგ, „ლიონმა" ტოლისოსა და ტალიაფოკოს გოლებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ამის შემდეგ, ტოლისომ მეორე ყვითელიც მიიღო და ფრანგები მინდორზე ათნი დარჩნენ.


ალბათ, „ლიონის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თამაშს, ფეხბურთელის ნაკლებობა არ დამჩნევია. უფრო მეტიც, პირველ დამატებულ ტაიმში, ფრანგებმა ჩერკისა და ლაკაზეტის (პენალტი) გოლებით დაწინაურება მოახერხეს. დაწინაურდნენ ორი შეხვედრის ჯამშიც და 1/2 ფინალამდე, მხოლოდ 15 წუთი აშორებდათ. აი, აქ კი, ფრანგებს სიმცირე დაეტყოთ. ბოლო 15-წუთში, მანჩესტერელებმა ჯერ 11-მეტრიანი გაიტანეს, დამატებითი ტაიმების ბოლო წუთზე, ანგარიში გაათანაბრეს, დამატებითი ტაიმის კომპენსირებულ 5 წუთში კი, მაგუაიერის გოლით, 1/2 ფინალში, სწორედ ისინი გავიდნენ და ახლა, „ბილბაოს" დაუპირისპირდებიან.


მეორე 1/2 ფინალურ წყვილში „ტოტენჰემი"-„ბოდო გლიმტს" დაუპირისპირდება.


თამაშები 1  და 8 მაისს გაიმართება. ფინალი კი, შეგახსენებთ,  21 მაისს ბილბაოში ჩატარდება.



ფოტო: © Olympique Lyonnais