
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში კვლავ უცვლელია პირველი ოთხეული, მხოლოდ რამდენიმე განსხვავებული დეტალით - მაგალითად, „იბერია 1999"-მა და ბათუმის „დინამომ", რომლებიც შესაბამისად, 23 და 21 ქულებით პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ, ოდნავ დაწინაურება მოახერხეს მესამე ადგილზე მყოფ გორის „დილასთან", რომელმაც თავის მხრივ, ამ ტურში, მე-4 ადგილზე მყოფ „დინამო თბილისთან" 3 ქულა დაკარგა და ახლა, საქართველოსი ყველაზე ტიტულოვანი და ბოლო სეზონებში, ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, სამ ქულაში მიუახლოვა მესამე ადგილოსან „დილას".
„გაგრას" და „თელავს" გადაასწრო წყალტუბოს „სამგურალმა, „გარეჯმა" კი, ადგილი „კოლხეთი 1913"-ს გაუცვალა. თუმცა, ვიდრე, სატურნირო ცხრილში გუნდები ასეთი მოცემულობით განლაგდებოდნენ იყო საკმაოდ საინტერესო მე-9 ტური, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე", „დინამო თბილისისა" და გორის „დილას" დაპირისპირებით გაიხსნა. საქართველოს 19 გზის ჩემპიონმა, ორ ტურში ზედიზედ განცდილი მარცხის შემდეგ, გორის „დილა" დაამარცხა. ლადო კაკაშვილის შეგირდებმა, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში საკმაოდ ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნეს. 52-ე წუთზე, საბა ხარებაშვილის გადაცემა, გოლით თორნიკე მორჩილაძემ დააგვირგვინა. ოთხ წუთში, 56-ე წუთზე კი, საბა ხარებაშვილის კიდევ ერთ გადაცემას, ლეო ასუნსეოს გოლი მოჰყვა. დინამოელები ამ შეხვედრას, რომელშიც გორელები უხეშობის გარდა, თბილისელების მიმართ, უპატივცემულობასაც გამოხატავდნენ, როგორც მინდორზე, ასევე გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში, მშრალი ანგარიშითაც მოიგებდნენ, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე, გორელებმა ერთი გოლი გაქვითეს. გილო ანოფიმ გაიტანა. შეხვედრა კი, საბოლოოდ, თბილისელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე, გათამაშების ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა, სტუმრად, მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე მოახერხა „გაგრას" გატეხვა. გიზი მამაგეიშვილის გადაცემის შემდეგ, გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. „იბერია 1999"-მა 0-1 მოიგო. გაგრელთა შორის მიმდინარე სეზონში, პირველი შეხვედრა ჰქონდა ნიკა კაჭარავას.
ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე, ადგილობრივი „კოლხეთი 1913", 0-2 დამარცხდა ბათუმის „დინამოსთან". შავი ზღვისპირა დერბიში, ანგარიში ბათუმელებმა, 27-ე წუთზე, ლუკა წულუკიძის გოლით გახსნეს. საკმაოდ უხეშ შეხვედრაში, რომელშიც 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა მსაჯს, აჭარულმა კუბმა, მეორე გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გაიტანეს - ბლესამ, არც ეს თამაში დატოვა უგოლოდ და 3 გატანილი გოლით, იბერიელი იური ტაბატაძისა (5) და შოთა შეყილაძის (4) შემდეგ, ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, „სამგურალმა" დიდი ანგარიშით 7-0 დაამარცხა „თელავი", რომელმაც თავის მხრივ, თამაშის წინა დღით, თითქმის 6 საათი მოანდომა თბილისიდან წყალტუბომდე ჩასვლა. უშუალოდ მატჩში კი, ანგარში ჟან კარლოსის გოლით, მე-16 წუთზე გაიხსნა. საინტერესოა რომ საგოლე გადაცემა, დავით მუჯირმა გააკეთა, რომელმაც, 31-ე წუთზე თავადაც გაიტანა. თუმცა, ამ შეხვედრაში მუჯირმა, უკვე ხსენებულის გარდა კიდევ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლები, ლუკა ხორხელს (36') და დემურ ჩიხლაძეს (59') გაატანინა. ხორხელმა, კახელებთან მატჩში, პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. პირველ ტაიმში გაიტანა ლაშა შერგელაშვილმაც. კიდევ ერთი გოლი, ამ შეხვედრაში 79-ე წუთზე, ირაკლი ჯანჯღავამ გაიტანა.
ტურის და პირველი წრის ბოლო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. „გარეჯმა", ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა. ანგარიში, მასპინძლებმა ფრანსუა ეკონგოლის გოლით მე-8 წუთზე გახსნეს და ძალიან ახლოს იყვნენ ეროვნულ ლიგაში, მეორე თამაშიც მოეგოთ, თუმცა, ქუთაისელებმა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გაიტანეს. ქუთაისელთა და ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა და ალბათ, „კვერკველა" თუ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული ბომბარდირთა დავაში მოწინავეთა შორისაც ვიხილოთ. კონკრეტული შეხვედრა კი, ფრედ, 1-1 დასრულდა.
ეროვნული ლიგის მეორე წრე 24 და 25 აპრილს დაიწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა 25 აპრილს, თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება და ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის დინამოელები დაუპირისპირდებიან.
სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე





ჩვენ







