წარმატებული სტარტი მომავალის იმედით
წარმატებული სტარტი მომავალის იმედით
31.08.2017
ავტორი:

ამხანაგური თამაშების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, საკალათბურთო გრანდების დამარცხება ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ მატჩებშიც დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, ლიტვასთან მოგებული ამხანაგური თამაშის მიუხედავად, თელ-ავივში, ევრობასკეტის სასტარტო შეხვედრაში, ლიტვისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის, ფავორიტად, მაინც ბალტიისპირელებს მიიჩნევდნენ. საქართველოს ნაკრებში ამჯერად, კი თამაშობდა ზაზა ფაჩულია, მაგრამ ლიტველთა შორისაც იყვნენ  იონას ვალანჩუნასი, მანტას კალნიეტისი და იონას მაჩიულისი. ამას გარდა, დღევანდელი შეხვედრაც ლიტველებისთვის სახარბიელოდ დაწიყო.

ევრობასკეტის მოსამზადებელ შეხვედრებში, საქართველოს ნაკრებმა თითქოს მიგვაჩვია, რომ შეხვედრის პირველი მეოთხედი „ჩვენი" არ იყო. თუმცა, ამხანაგურებისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპოიონატის პირველი მეოთხედი ფრედ 18-18 დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე მეოთხედში ბალტიისპირელებმა 12 ქულით „გაქცევა" მოახერხეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მსაჯების მიერ ილიას ზუროსისთვის მიცემული ტექნიკური ჯარიმაც გახდა. სწორედ ამ მომენტის შემდეგ, ლიტველებმა 12 ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს. ყოველივეს დაემატა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაბილურმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ კოჭის ტრავმა მიიღო. მოვლენებს წინ გადავუსწრებ და ვიტყვი, რომ გიორგი ცინცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალ დღის მანძილზე გაირკვევა. თუმცა, ნაკრების სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ გიორგი მომდევნო თუ არა, შემდგომ თამაშში მონაწილეობას მოახერხებს.

ცინცაძეს სკამზე დაჯდომა მოუხდა, რამაც საქართველოს ნაკრების ყველაზე მტკივნეული მომენტი - მოკლე სკამი შეგვახსენა. თუმცა ზუროსის გუნდი, ამხანაგურ ტურნრებშიც ჩავარდნილა მსგავს მდგომარეობაში. ამან კი გუნდს, ბრძოლისუნარიანობა განუმტკიცა. დღესაც, ბიჭებმა მოახერხეს მობილიზება და მეორე მეოთხედი, მხოლოდ 5 ქულით წავაგეთ - 21-16, პირველი ტაიმი კი 39-34 დასრულდა ლიტველთა სასარგებლოდ.

მაიკლ დიქსონის ორქულიანი, რომელსაც თორნიკე შენგელიას ეფექტური ჩატენილი ბურთი მოჰყვა. ტრადიციულად, შესვენების შემდეგ ზუროსის გუნდი, ახალი შემართებით გამოვიდა და დაახლოებით 3 წუთში, ლიტველებს, საკუთარი „თამაშის გრაფიკი" შესთავაზა. საინტერესო დეტალი - მაშ შემდეგ რაც ზაზა ფაჩულიამ მე-4 პერსონალური მიიღო, ზუროსმა ქართველთა კაპიტანი თამაშიდან გაიყვანა და მის ნაცვლად გიორგი შერმადინი შემოუშვა. თუმცა, მალევე ფაჩულია ისევ დააბრუნდა და შერმადინიც დატოვა. ჩვენებმა, 2 „ცენტრით" გააგრძელა თამაში. ქართველთა მწვრთნელის ამ „ავანტიურას" ლიტველებმა სცადეს გამკლავებოდნენ, თუმცა ზაზა ფაჩულია, რომელიც ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს ტრავმის შემდეგ, ძალების მოკრებას, სათანადო სიმაღლეზე იდგა. სწორედ ამ 2 მოთამაშის წყალობით ჩვენ დაწინაურება მოვახერხეთ - 56-53.   ეს მეოთხედი საქართველომ 25-18 მოიგო.

ყველაზე რთული და დაძაბული ბოლო მეოთხედი გამოდგა. თამაში, ქულა-ქულაში მიდიოდა და საფინალო სირენამდე რთული იყო პროგნოზის გაკეთება. თუმცა, ამ ვითარებაშიც კი, ქართველები ახერხებენ აბსოლუტურად ცივი გონებით მოქმედებას (მსაჯობაზე, არ ღირს საუბარი, თუმცა ქართველებს ევროპულ სარბიელზე, მსაჯები არც ადრე გვწყალობდნენ). ამ კუთხით, განსაკუთრებთ თორნიკე შენგელიას გამორჩევა გვინდა, რომელმაც ყველაზე რთულ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაშიც და გუნდიც გაიყოლა და ეს მაშინ, როცა ფაჩულიას შავი სამუშაოს კეთება უხდებოდა. მატჩის მიწურულს, ისევე, როგორც მეორე ტაიმის დასაწყისში მაიკლ დიქსონის კარგი თამაშის წყალობით ქართველების სასარგებლოდ ანგარიში 79-77 არის. თუმცა დარჩენილია 8 წამი და ლიტველების ბოლო შანსი, 3 ქულიანით გადაარჩინონ შეხვედრა, ან გაათანაბრონ და ოვერტაიმში გადაიყვანონ. თუმცა, მაჩიულისის ნასროლი 3 ქულიანი ფარს კი შეეხო, მაგრამ არც ჩავარდა და საფინალო სირენამაც მოუსწრო.

ევრობასკეტის სასტარტო მატჩში, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია  იყო. მან 29 ქულა დააგროვა.  13 ქულა და 3 ჩაჭრა ჰქონდა დუდა სანაძეს, მაიკლ დიქსონს 12 ქულა და 7 პასი ჩაეწერა. ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე კი 2 ქულა დააკლდა. ზაზამ დღეს 8 ქულით, 10 მოხსნით და 3-3 ჩაჭრა-პასით დაასრულა.

დიდი სტიმული შემდგომი თამაშების წინ, რომელთაგან მომდევნოს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 წუთზე, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. მნიშვნელოვანი გამარჯვება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი თამაშები ჯერ კიდევ წინაა.  ახლა, საქართველოს ნაკრები ყველანაირად უნდა შეეცადოს, ჯგუფში პირველი ადგილი აიღოს, რადგან მომდევნო ეტაპზე, შედარებით მსუბუქ მეტოქეს დაუწყვილდეს  A ჯგუფიდან.

ჩვენს ჯგუფში გერმანიამ უკრაინას სძლია 75 -63, ხოლო იტალიმ, მასპინძელ ისრაელის ნაკრებს მოუგო 69-48. A ჯგუფში, დღეს, სლოვენიამ პოლონეთი დაამარცხა 90-81, ისლანდია ბერძნებთან დამარცხდა 61-90, ხოლო საფრანგეთი, ჯგუფის მასპინძელთან ფინელებთან 84-86 დამარცხდა.

თამარ ყულუმბეგაშვილის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ფოტოები