
დღეს საკალათბურთო სუპერლიგის 1/2 ფინალური სერია დაიწყო. თამაშები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და შესაბამისად, თბილისში თსუ, ქუთაისში კი, „ქუთაისი 2010" დაწინაურდნენ. თუმცა დავიცვათ თანმიმდევრობა.
თბილისში, დიღომი არენაზე ფინალური საგზურისთვის ბრძოლა, თსუ-მ და გურჯაანის „დელტამ" დაიწყეს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედიც სოლიდურად მოიგო 22-7. შესაძლოა ეს გახდა მიზეზი, რომ მეორე მეოთხედში, თსუ-ელებმა ოდნავ ყურადღება მოადუნეს და მონაკვეთი ორი ქულითაც დათმეს 16-18. თუმცა, პირველი მეოთხედი 38-25 მოიგეს. 13-ქულიანმა უპირატესობამ, მეორე ნახევარში სტუდენტებს თამაშის ლოგიკურ დასასრულამდე, გამომდინარე იქიდან, რომ აშკარა იყო მასპინძელთა უპირატესობა, მიიყვანა. თსუ-მ ნელ-ნელა კიდევ გაზარდა უპირატესობა დარჩენილი მეოთხედები 30-24, 21-17 მოიგო და საბოლოოდ, 23 ქულითაც გაიმარჯვა, 89-66. თუმცა, ფინალში გასასვლელად, თსუ-ს კიდევ ორი მოგება სჭირდება. გურჯაანელები კი, დიდი ალბათობით, სერიის მომდევნო თამაშებში, იპოვიან ძალებს, მეტოქეს შეეწინააღმდეგონ. დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა თსუ-ს ფორვარდმა დევონტრე ტომასმა დააგროვა. შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლის 12 ქულა და 11 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ შეასრულა. კახელთა გუნდიდან, 16-16 ქულა სკაილარ პოტერმა და საბა ლობჯანიძემ დააგროვეს. ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 მაისს, კვლავ თბილისში გაიმართება.
დაძაბული გამოდგა იმერული დერბში, რომელშიც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ქუთაისი 2010"-მა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა. თავიდანვე გეტყვით, რომ შეხვედრაში პირველი ორი მეოთხედი ქუთათურებმა 34-11, 28-25, ბოლო ორი კი, სტუმრებმა 25-28, 21-36 მოიგეს. თუმცა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მეოთხედში მოახერხა იმ უპირატესობის მოპოვება, რომლის შენარჩუნებასაც თამაშის ბოლომდე ეცადა და საბოლოოდ, სერიაში პირველ გამარჯვებასაც მიაღწია 108-100. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ანგარიშში სხვაობამ მხოლოდ 8 ქულა შეადგინა, თამაშის მიმდინარეობისას, მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო. მეორე მეოთხედში „ქუთაისი 2010" 26 ქულით, მესამე მეოთხედში კი, 30 ქულითაც იყო წინ. მატჩის საუკეთესო შედეგი, სტუმართა გუნდის წევრს ეკუთვნის. ზესტაფონელთა ამერიკელმა ფორვარდმა მალიკ მარტინმა 44 ქულა დააგროვა, ეს კი, მიმდინარე სეზონის რეკორდია. გამარჯვებული გუნდიდან 19-19 ქულა ელაია ჯოინერმა და გიორგი კორსანტიამ დააგროვეს. ერთი ქულა დააკლდა ორმაგ მოხსნამდე აკაკი დვალიშვილს, რომელსაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 12 მოხსნა დაუგროვდა.
ამ წყვილის სერიის მეორე დაპირისპირებაც 9 მაისს არის ჩანიშნული.
ფოტო: მირიან ჩხეიძე