ახალი სეზონიდან თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ ითამაშებს
ახალი სეზონიდან თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ ითამაშებს
07.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა" იტყობინება, რომ თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებები დაასრულა. 33 წლის ქართველი ფორვარდი, უახლოესი 3 წლის განმავლობაში „ბარსელონას" საკუთრება იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 2+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა, არც ერთი წყარო, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ როდიდან შეუერთდება შენგელია კლუბს.


ცნობილი ესპანური გამოცემის „მარკას" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა" ევროლიგის მიღმა დარჩა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და მზადება ახალი სეზონისთვის. სწორედ, ამ მიზნით დაიწყო „ბარსელონამ", მათთვის, ესპანური ლიგა ენდესისთვის და ზოგადად ევროლიგისთვის კარგად ნაცნობი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიადან" გადმობირებაზე მუშაობა.


„მარკას" ინფორმაციით, ქართველი, „ბარსელონაში" ჩიმეზი მეტუს ტრავმით გამოწვეულ სიცარიელეს შეავსებს და ჯაბარი პარკერთან ერთად მოუწევს თამაში. შესაბამისად, თორნიკე შენგელია, გახდება პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელიც „ბარსელონას" მაისურით იასპარეზებს. სხვათა შორის, ამავე გამოცემის ინფორმაციით, თოკოთი, მადრიდის „რელიც" ინტერესდებოდა, თუმცა, შენგელიასთვის უფრო ადეკვატური, კატალონიელების შემოთავაზება აღმოჩნდა.