ლიდერი უცვლელი, თუმცა, შემდეგ, საკმაოდ დაძაბული
ლიდერი უცვლელი, თუმცა, შემდეგ, საკმაოდ დაძაბული
08.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ნახევარი, მიმდინარე სეზონში საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ, „იბერია 1999" არის, მეორედან მეოთხე ადგილებს შორის მყოფ გუნდებს („დინამო" ბათუმი, „დილა", „დინამო თბილისი") შორის ქულათა სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ნებისმიერ ტურში, შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ბუნებრივია, ამ ჩამონათვალს არ შეიძლება გამოვაკლოთ ქუთაისის „ტორპედო", რომელსაც ზემოთხსენებულ მეოთხე ადგილთან, მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს.  თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობას.

მე-13 ტური 7 მაისს, გორის „დილასა" და ქუთაისის „ტორპედოს" მატჩით დაიწყო. მე-3 წუთზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე მყოფი სტუმართა გუნდის რიგითი აუტი, მინდვრის ცენტრიდან, საჯარიმოსთან ახლოს გორელთა მიერ, უხეიროდ მოგერიებულით და ქუთაისელთაგან ფლანგიდან გამწვავებული შეტევით გაგრძელდა. საბოლოოდ, პაატა ღუდუშაურის ჩაწოდებულ ბურთზე, დასწრებაზე მასპინძელთა მცველებს აჯობა და მუჰამედ შერიფმა „ჩაკეტა". „ტორპედო" დაწინაურდა, თუმცა, დანარჩენ დროში გოლი არც ერთ კარში აღარ გასულა. აღსანიშნავია, რომ „ტორპედომ" მეორე შეხვედრა მოიგო ზედიზედ, ამჯერად მინიმალური ანგარიშით 0-1 და მეხუთე საფეხურზე გაიმყარა პოზიცია. რაც შეეხება „დილას", გუნდმა, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, წინა ტურებში აღებული ქულების წყალობით მოახერხა სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე ადგილის შენარჩუნება.


ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" „დინამოსა" და „იბერია 1999"-ის დრამატული და უხვგოლიანი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც, ლიდერი ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, გამარჯვების გოლი, 82-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა. თუმცა, მანამდე როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში, მასპინძლებმა გიტის პაულაუსკასის გოლით გახსნეს. თუმცა, იბერიელთა სამეულმა ირაკლი სიხარულიძემ, იური ტაბატაძე და გიზო მამაგეიშვილმა მასპინძელთა და თბილისელთა ყოფილი მწვრთნელის გია ჭიაბრიშვილის დალაგებული „სამზარეულო" აურიეს. ჯერ, 23-ე წუთზე ტაბატაძის გადაცემით სიხარულიძემ გაათანაბრა ანგარიში, 39-ე წუთზე კი, მამაგეიშვილის გადაცემის შემდგე, უკვე, თავად ტაბატაძემ გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა, 44-ე წუთზე, სტუმრებს 3 ქულა, ერთი ტაიმით გადაუდო უერდი მარამ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, კი, როგორ გითხარით, სტუმრებმა, 2-3 იმარჯვეს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. მეორე ადგილზე ინარჩუნებს პოზიციას ბათუმის „დინამო", რომელსაც გორელები ვერ, მაგრამ „დინამო თბილისი" და „ტორპედო" წამოეწივნენ.


მე-9 ტურში, „თელავთან", 7-0 მოგებული მატჩის შემდეგ, კვლავ ვერ ახერხებს გამარჯვებას წყალტუბოს „სამგურალი", რომელმაც მე-13 ტური (მეორე შეხვედრა) ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის თაოსნობით ჩაატარა. წყალტუბოელებმა, რომლებმაც სფფ-ის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „გაგრას" უმასპინძლეს, თამაში სწრაფი ავტოგოლით დაიწყეს, საკუთარ კარში, მე-2 წუთზე, ჯუდ არტურმა ჩაჭრა. რეალურად, შეხვედრა დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ დამატებულ წუთზე, მათე ცინცაძის გადაცემით, გიორგი ხარებაშვილმა მეორედ აიღო მასპინძელთა კარი, „გაგრამ" კი, 0-2 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში, მის ზევით მდგომ „სამგურალს" 2 ქულით გადაასწრო და ამჟამად, მეექვსე ადგილზე იმყოფება.


მესამე ადგილს ერთი და მეორე ადგილს ორი ქულით ჩამორჩება „დინამო თბილისი", რომელსაც ამ ტურში, „ორმხრივი" თამაში ჰქონდა „დინამო არენაზე" „თელავთან". თუმცა, თუკი დავკონკრეტდებით და ამ „რებუსს" გავშიფრავთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ლადო კაკაშვილის ხელმძღვანელობით ეთამაშა გუნდს, რომელშიც, მიმდინარე სეზონზე და ამ კონკრეტულ შეხვედრაშიც, „დინამო თბილისის აკადემიის" ყველაზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა და ალბათ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმართა მთავარი მწვრთნელიც, ვალერი გაგუაც, გასულ სეზონში, სწორედ, თბილისურ კლუბს წარმოადგენდა ეროვნულ ლიგა ორში. ასე, რომ ამ ორმა კლუბმა, წელს ყველაზე კარგად იცის, რას შეიძლება მოელოდე მოწინააღმდეგისგან, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ თამაშშიც გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა და ორივე გუნდს ჰქონდა შანსები. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გოლები, რომლებიც მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა, ყველა მასპინძლების ანგარიშზეა - 27-ე წუთზე ვახო სალიას გადაცემის შემდეგ, გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა. 41-ე წუთზე ცოტნე ბერელიძის გადაცემის შემდეგ, მორიგი გოლი გაიტანა თორნიკე მორჩილაძემ. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის კომპენსირებული დროც იწურებოდა, როდესაც, საბა ხვადაგიანმა საკუთრ კარში ჩაჭრა ბურთი, საბოლოოდ ტაიმიც და შეხვედრად 2-1 დასრულდა დინამოელთა სასარგებლოდ, რომლებმაც მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს.


და ბოლოს ტურის ბოლო შეხვედრაში, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, „გარეჯმა" დიდი ანგარიშით 4-1 მოიგო ფოთის „კოლხეთი 1913", რომელსაც რეალურად თამაშის გადარჩენის და ქულის აღების შანსი ჰქონდა. მასპინძლებმა, შეიძლება ითქვას, „თავი ქუდში", პირველივე ტაიმში იგრძნეს, როდესაც ვახო ბედოშვილის (18') და ლევან პაპავას (38'-პ) გოლების წყალობით, შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ. ფოთელებმა იბრძოლეს, თუმცა, 59-ე წუთზე ბედოშვილის დუბლის შემდეგ, საქმე გაირთულეს. 73-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემით, გიორგი აბუაშვილმა კი მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა და სტუმრები, კვლავაც აქტიურობდნენ. თუმცა, გოლი 89-ე წუთზე მათ კარში გავიდა. მათე ქომეთიანმა, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


ეროვნული ლიგის მე-14 ტური 11 და 12 მაისს არის ჩანიშნული.