„მესტალია“ გიორგი მამარდაშვილს დაემშვიდობა
„მესტალია“ გიორგი მამარდაშვილს დაემშვიდობა
19.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კვირას, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას" მაისურით ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა „მესტალიაზე". ქართველის გუნდი 18 მაისს, საშინაო შეხვედრაში ბილბაოს „ატლეტიკთან" 0-1 დამარცხდა. სტუმრებმა გოლი, 72-ე წუთზე გაიტანეს. „ვალენსიამ", რომელმაც წელი ცუდად დაიწყო და თუ არ ჩავთვლით, ბოლო ორ ტურს, რომელშიც ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი გაუშვა ხელიდან, სწორედ ქართველი მეკარის კარგი თამაშით აღმოჩნდა ევროტურნირების ზღვარზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი, გასულ ტურში MVP-დ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დამარცხდა. დღევანდელი მატჩის შემდეგ, ფლეშ-ინტერვიუზე მამარდაშვილი იტყვის, რომ 2024-2025 წლების სეზონში გუნდის მიზანი ლა ლიგაში დარჩენა იყო და ეს მიზანი მიღწეულია, სინანულით აღნიშნა „ევროპაზე" გასვლის ხელიდან გაშვებული შანსიც და იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენ" (ანუ „ვალენსია", რომელიც მომავალში უკვე მის გარეშე ითამაშებს) ამის გაკეთებას მოახერხებს.


თამაშის დასრულების შედეგ კი, ქართველმა მეკარემ პირად სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის შეტყობინება გამოაქვეყნა:


„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.


დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.


დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა.


ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია", - წერს მამარდაშვილი.


„ყოველთვის დარჩები ერთ-ერთ ჩვენიანად!", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა „მესტალია" გიორგის, რომლის „ვალენსიაც" ლა ლიგის ბოლო შეხვედრას 23 მაისს, გასვლაზე, „ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს. ერთი ტურით ადრე ლა ლიგის დასრულებამდე, "ვალენსია" 45 ქულით მე-12 ადგილზეა.


ფოტო: (c) Valencia C.F