ორი თამაში, ორი მოგება - საქართველო მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე
ორი თამაში, ორი მოგება - საქართველო მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე
24.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეზობელ აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, კახაბერ მაისაიას გაწვრთნილმა გუნდმა არგენტინის ნაკრები 6-1 (მატჩის მსვლელობის ჩანაწერი) დაამარცხა.


თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არგენტინელებმა, როგორც ჩანს, მეტოქე არასათანადოდ შეაფასეს, საწყის წუთებში გაშვებული გოლების შემდეგ კი, მცირე შოკშიც ჩავარდნენ, რომელიდან გამოსვლასაც უხეშობებით და პროვოკაციებით შეეცადნენ. თუმცა, საბოლოოდ, ქართულმა სიბრძნემ, პროვოკაციებს აჯობა და უამრავი, ტრავმის ზღვარზე უხეშობის მიუხედავად, რომელზეც მსაჯები ძირითადად არ რეაგირებდნენ, თამაში სასურველ გამარჯვებამდე მიიყვანა.


ანგარიში კი, მე-2 წუთზე ნიკოლოზ კოპლატაძემ გახსნა. მე-3 წუთზე, გიორგი ხაბალაევის დარტყმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უკვე, 2-0-ს იგებდა. მე-5 წუთზე კი, ლაშა-გიორგი ობოლაძის გოლის შემდეგ, ჩვენი ნაკრები კომფორტული სხვაობით ლიდერობდა. რა დასამალია და მოწინააღმდეგის უხეშობის ფონზე და ანგარიშიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები სამი გოლის შემდეგ, ოდნავ მოდუნდა და ტაიმის მიწურულს გოლიც გაუშვა. თუმცა, ეს იყო და ეს, რის გაკეთებაც ამ შეხვედრაში ჩვენმა მეტოქემ მოახერხა.



მეორე ტაიმი, ისევ ქართული გოლებით გაგრძელდა. ჯერ, 32-ე წუთზე ხაბალაევმა დუბლი გაიფორმა, 35-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში ხუთამდე გაზარდა, 39-ე წუთზე კი, ქართული გუნდიდან მორიგი დუბლი და ამ შეხვედრაში ბოლო გოლი, კოპლატაძემ გაიტანა.


ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელობის მიუხედავად, ქართულმა გუნდმა მეტოქე ბევრად დაჯაბნა ტექნიკური და სანახაობრივი თვალსაზრისითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მინი ფეხბურთი იყო და შესაძლოა, შედარებაც უადგილოა. მატჩის მანძილზე, ჩვენმა გუნდმა, კარის მიმართულებით, 18-ჯერ დაარტყა, როდესაც მეტოქეს, მხოლოდ 11 მცდელობა ჰქონდა, რომლის დროსაც პირველ ტაიმში, კონსტანტინე სეფიაშვილს, მეორეში კი, ზაური კოტრიკაძეს მოუხდათ ჩართვა და კარის გადარჩენა. მატჩის MVP-იდ კი, დღეს, გიორგი ხაბალაევი დაასახელეს.


ჯგუფის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 მაისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.


შეგახსენებთ, რომ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში, საქართველოს ნაკრები G ჯგუფში ჩეხეთის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და არგენტინის ასპარეზობს. ორი სათამაშო დღის შემდეგ, ჩვენს გუნდს, ორი გამარჯვება და ქულების მაქსიმუმი აქვს, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეც გასულია. თუმცა, ბოლო ტური გაარკვევს, თუ რომელი ადგილით გავაგრძელებთ ასპარეზობას ფლეი-ოფში.