ნავალოვსკი გამოირიცხა, ნაკრები 22 კაცის შემადგენლობით აგრძელებს ვარჯიშს
ნავალოვსკი გამოირიცხა, ნაკრები 22 კაცის შემადგენლობით აგრძელებს ვარჯიშს
17.11.2018
ავტორი:

დღეს საღამოს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ნავალოვსკის გარდა, რომელმაც ანდორაში, 15 ნოემბერს „ესტადა ნაციონალზე", ანდორასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო, შესაძლოა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 მატჩში ვერც ოთარ კიტეიშვილმა ითამაშოს.  




თბილისში, ანდორადან დაბრუნების შემდეგ, საფეხბურთო კლუბის „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს, ვარჯიშის დროს კოჭი იტკინა ოთარ კიტეიშვილმა. თუმცა, რამდენად სერიოზულია ეს დაზიანება და რამდენად შეუშლის ხელს ფეხბურთელის ყაზახეთთან მატჩში მონაწილეობას, ეს ხვალ გაირკვევა. დღეს, დამოუკიდებლად ივარჯიშეს გიორგი ჩაკვეტაძემ  და ბაჩანა არაბულმა.

ეროვნულ ნაკრებს, რომელიც თბილისში 16 ნოემებრს გვიან ღამით დაბრუნდა, ვლადიმირ ვაისმა ფეხბურთელებს მცირედი დასვენების საშუალება მისცა და დღეს, მხოლოდ ერთხელ ავარჯიშა. „ზესტაფონის" ბაზაზე, საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, ვაისის განკარგულებაში, ყაზახეთთან მატჩისთვის მზადებას 22 ფეხბურთელი აგრძელებს.




ყაზახეთთან მატჩისთვის ემზადებიან: მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე („ტორპედო" ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო" თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერსკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი); ნახევარმცველები:  ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსკვეიკსი", აშშ), ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი („გეტებორგი", შვედეთი); თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი).

ჩვენი ნაკრები მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს, 18 ნოემბერს, ტრადიციულად, „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს.  შეხვედრა 19 ნოემბერს, „დინამო არენაზე" 21-:00 დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები, სტადიონის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში WWW.TKT.GE- ზე არის შესაძლებელი.

სფფ-ს გადაწყვეტილებით უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფურუ ეტაპის ბოლო მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი, სიმბოლურად 1 ლარი არის.  ბოლო მონაცემებით, ამ მომენტისთვის უკვე გაყიდულია 1/3-ზე მეტი.

19 ნოემბერს, სტადიონის კარებები 19:00-დან გაიხსნება.

ტრადიციულად, სფფ გთხოვთ, დაიცვათ, სტადიონზე შემოსვლისას ყველა წესი და მითითება, ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის.


სფფ-ს ფოტოები / ავტორი: ლაშა კუპრაშვილი