
ხვალ, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ტრადიციულად შეკრების დაწყებამდე, ქართულ მედიას შეხვდებიან. ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის, ჩვენი გუნდის თავკაცის მიერ დასახელებული შემადგენლობა, სფფ-ის სანაკრებო გვერდმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. ყველაზე საინტერესო, თუმცა, არა მოულოდნელი, ეროვნულ ნაკრებში 16 წლის მცველის, საბა ხარებაშვილის გამოძახებაა. „დინამო თბილისის" ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან პირველია, ვისაც ამ ასაკში დაუძახეს. აქ ცოტა უფრო დავკონკრეტდებით, 16 წლისა და 10 თვის ასაკში ამ საუკუნეში საქართველოს ნაკრების მაისურით, მხოლოდ ლევან ყენიას და ჯანო ანანიძეს ხვდათ პატივი ეთამაშათ. ლევანმა, 2007 წელს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში „ყენო" შეცვლაზე შემოიყვანეს. ჯანოს კი, 2009 წელს დაუძახეს პირველად ნაკრებში. თუმცა, საბა ხარებაშვილი, 17 წლის მხოლოდ სექტემბერში ხდება, ასე, რომ ამ მხრივ, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი, ყველაზე პატარაა ასაკით, ვისაც ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს.
ჩვენი ნაკრები, 31 მაისიდან, ივნისში დაგეგმილი ორი ამხანაგური მატჩის წინ, შეკრებაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით შევა:
მეკარე: გიორგი ლორია („ომონია" არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი", დანია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა", იტალია), ივა გელაშვილი („იბერია 1999", თბილისი), გურამ გიორბელიძე („ერზურუმსფორი", თურქეთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა", უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („შერიფი", მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი", ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ლევან შენგელია („ოფი" კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე („უიპეშტი", უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი გაგუა („ისტრა 1961", ხორვატია), გიორგი ქვილითაია („არის" ლიმასოლი, კვიპროსი).
როგორც ხედავთ, რამდენიმე თვის წინ ვილი სანიოლის დანაპირები, რომ ივნისის შეკრებაზე პრიორიტეტი ახალგაზრდული ნაკრები და ევროპის ახალგაზრდული ევრო იქნებოდა შესრულებულია. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლაცაბიძე, ახალგაზრდულს „დაუთმო". მძიმე და რთული სეზონის შემდეგ დაასვენა გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე (რომელიც პოსტ ტრავმულ რეაბილიტაციას გადის), ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია (რომელსაც ჯერ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი დარჩა ჯერ კიდევ სათამაშო და შემდეგ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი).
ალბათ, რამდენიმე თვის წინანდელი პრეს-კონფერენციებიდან გემახსოვრებათ, რომ ივნისის ფანჯრის დროს სათამაშო დროს, მაშინ როცა, არ იქნებოდა „მამარდა" სათამაშო დროს, ლუკა გუგეშაშვილი მიიღებდა. ამ კუთხით, ნაკრებში სიახლეა - პირველად გამოიძახეს გორის „დილას" კარის მცველი დავით კერესელიძე. ზემოთხსენებული საბა ხარებაშვილისა და „კერესას" გარდა კი, ნაკრებში კიდევ ორი დებიუტანტია, უკრაინული „კოლოსის" ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატული „ისტრა 1961"-ის თავდამსხმელი გიორგი გაგუა.
ასე რომ გადახალისებული შემადგენლობით და თანაც, ახალი ფორმებით, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. საქართველო-ფარერის კუნძულების თამაში „დინამო არენაზე" 5 ივნისს, ხოლო, საქართველო - კაბო-ვერდეს თამაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს ჩატარდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







