ხვალ მინდორზე გამოვა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში უძლიერესია
ხვალ მინდორზე გამოვა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში უძლიერესია
18.11.2018
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის დროით, საღამოს 7 საათზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვარჯიშმა 1 საათს გასტანა და მასში მონაწილეობა 20-მა ფეხბურთელმა მიიღო.

„მიზანი რაც დავისახეთ, მივაღწიეთ. ჯგუფი მოვიგეთ, 4 ტურში. ანდორასთან თამაშს რაც შეეხება, იყო მცირე, ალბათ, ხარვეზი. ეს ალბათ, ყველა გუნდს ემართება. 6-ვე თამაში ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვინდოდა. ასე რომ დაგვეგეგმა, ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ, ყველა კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ხუთი თამაშში 13 ქულა გვაქვს, ამიტომ, მარტო ამ ერთ თამაშზე ნუ გავაკეთებთ კონცეტრაციას. ის თამაში თითქმის, არაფრის მომცემი არ იყო. შეიძლება, მხოლოდ იმის, რომ გაგვენაღდებინა, ის სახლის თამაში. მაგრამ ახლა იმის საშუალება გვაქვს, რომ 3 ქულა ავიღოთ და ისევე საშინაო თამაში გვქონდეს. ამისთვის ვემზადებით დღეს. ძალიან სერიოზულად. ეს არის ბოლო თამაში ჯგუფში. ალბათ, მოგებული ჯგუფია და ეს ხალხისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც ბონუსი არის. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები, გულშემატკივარს ვანახოთ და რა თქმა უნდა მოვიგოთ, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით. ფედერაციამ გააკეთა ძალიან კარგი ნაბიჯი, იმიტომ, რომ ასეთი იაფიანი ბილეთები არსებობს. ყველას აქვს  ალბათ, იმის საშუალება, რომ მოვიდეს თამაშზე, ფეხბურთელები ნახოს. თავისი ქვეყნის ნაკრები ნახოს. ველოდებით და სურვილი გვაქვს ფეხბურთელებსაც, რომ სავსე ტრიბუნების, ეს ძალიან დიდ მუხტს აძლევს, ფეხბურთელებსაც და მთლიანად კარგ გარემოს ქმნის ფეხბურთში",  - ამბობს გურამ კაშია.




დღეს, ბოლო ვარჯიშზე გაირკვა, რომ გიორგი ნავალოვსკის გარდა, რომელმაც ანდორაში, „ესტადა ნაციონალზე" მეორე ტაიმში, ტრავმა მიიღო, ეროვნულ ნაკრებს ბაჩანა არაბული და ოთარ კიტეიშვილიც ვეღარ ეხმარებიან. ფეხბურთელები ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებენ.

„საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა ერთა ლიგაზე, ყველა ქართველს იმედით აღგვავსებს. იმ იმედით, რომ მოვხდებით ევროპის ჩემპიონატზე და დიდი ხნის ნანატრ სიხარულს გავიზიარებთ. მიხარია, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ და მეძლევა თამაშის საშუალება. ვთვლი, რომ აუცილებელია მეტი პროგრესი, რათა უკეთ წარმოვაჩინო თავი და კიდევ უფრო გამოვადგე ნაკრებს. მე მჯერა ამ გუნდის წარმატების, რომელიდ, იმედია შორს არ არის", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, TSFF.GE-სთან მცირე კომენტარში.




რაც შეეხება, გიორგი ნავალოვსკის, რომელიც ანდორაში საქართველოს ნაკრებს კაპიტნის რანგში გამოუძღვა და მეორე ტაიმში მიღებული ტრავმის მიუხედავად, ანდორა-ლა-ველაში გამართული მატჩი ბოლომდე მიიყვანა, ახლა 3 კვირა ტვინის შერყევის მკურნალობა მოუწევს.

„გუნდში კარგი განწყობაა. გავედით ჯგუფიდან. უკეთესი იქნებოდა, ალბათ, რომ ის 5 თამაში მოგვეგო, მაგრამ არ არის ალბათ, ურიგო 13 ქულა, 5 თამაშში. ახლა ველოდებით ყაზახებთან მატჩს სახლში. ჩვენი გულშემატკივრის  წინაშე თამაში, ალბათ ორმაგად საპასუხისმგებლო იქნება. ამიტომ ველოდებით გულშემატკივარს. ფედერაციამ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ ბილეთის ფასად 1 ლარი დააწესა. მგონია, რომ ამის საშუალება ყველას აქვს. ამიტომ მოვიდნენ ცოტა ადრე სტადიონზე. ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გახარებული დავტოვოთ გულშემატკივარი და გამარჯვებით დავხუროთ ეს ჯგუფი", - ამბობს ლუკა ზარანდია. 




სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ხვალინდელ დღეს "საბურთალოს" მოთამაშე ვლადიმერ დვალიშვილი დაემატება. რაც შეეხება შემადგენლობას, რომლითაც ხვალ ვაისის გუნდი დაიწყებს თამაშს და ანდორაში დაანონსებულ გიორგი ლორიას, როინ კვასხვაძის შესაძლოა ჩანაცვლებას, საქართველოს ნაკრების  მთავარმა მწრთნელმა დღეს, მოკლე პასუხი გასცა - ამას ხვალ გაიგებთო.


„ყაზახეთთან საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე ყაზახეთი ჯგუფის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




მატჩამდე, „დინამო არენაზე" გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხვალ მინდორზე გამოვა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში უძლიერესია და ჯანმრთელობის მდგომარეობა თამაშის საშუალებას აძლევს.

„ფაქტობრივად, მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ძირითადი შემტევების გარეშე გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები მისი შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე წუწუნი არ ღირს. ჯგუფი სწორედ იმ ფეხბურთელებმა მოგვაგებინეს, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან, ამისთვის მათ მადლობა უკვე გადავუხადე და მიხარია, რომ შანსი გამოიყენეს. ჩვენ სწორედ ამ ბიჭების კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ ჯგუფი. რა თქმა უნდა, იმ ქართველი ვარსკვლავების დაბრუნება, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებიან ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალ მოედანზე ის საუკეთესო თერთმეტეული გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




ისევე, როგორც ანდორის შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში ცვლილებები დააანონსა, თუმცა, კონკრეტიკისგან ამჯერადაც თავი შეიკავა. 3 დღის წინ, „ესტადა ნაციონალზე" ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, დღეს, „დინამო არენაზე" უკვე, „მშვიდ გულზე" „განიავებული ქულების მატჩი" კი, ასე შეაფასა:

„ანდორაში, დიდი გუნდებისთისაც არ არის ადვილი. ხვალ გაუჭირდება ლატვიასაც. ჩვენ არ ვაჩვენეთ ის თამაში რაც უნდა გვეჩვენებინა და რასაც ჩვენგან გულშემატკივარი ელოდა. არ გავიგანეტთ მეორე გოლი, რაც რადიკალურად შეცვლიდა მატჩის მიმდინარეობას. გაგვიტაენს „იაფფასიანი" გოლი, სადაც ლორია შეცდა. არ ვაჩვენეთ შეტევაში ის რაც შევგვეძლო. მე მინდოდა, რომ გაგვეტანა მეორე გოლი და გვეკონტროლებინა თამაში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ეს საწყენია. თამაში ბოლომდე, გამარჯვებამდე ვერ „გავწელეთ", ვემზადებით ხვლისთვის. ვაჩვენებთ ხარისხს, ისეთივეს, როგორც ლატვიასთან და ანდორასთან სახლის მატჩებში" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.  




რას დაუპირისპირებს ხვალინდელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები მეტოქეს?  ბუნებრივია, არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ. ყველა, რაზეც ამახვილებს ყურადღებას არის თამაშის ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ გუნდმა ანდორაში გასვლაზე ვერ უჩვენა, თუმცა, ხვალ, თბილისში მოსულ ქომაგებს პირდება.

„ანდორაში, ეს იყო ერთი კონკრეტული თამაში, რომელიც წავაგეთ, ეს არ იყო ის თამაში რაც ნაკრებს შეუძლია და აქვს პოტენციალი. იყო გუნდში დიდი როტაცია, იყო ბევრი ტრავმირებული, ახალი სახე, მინდვრის საფარის ფაქტორიც. მიუხედავად ამისა, ანდორასთან გამართული თამაშის ხარისხს ვიღებთ თავიდან ბოლომდე ჩვენს თავზე, რადგან გათვითცნობიერებული გვაქვს რას ითხოვს ჩვენგან გულშემატკივარი.  ხალხი ნელ-ნელა ბრუნდება სტადიონზე და ეს არის დიდი მოტივაცია.  გვინდოდა 6 გამარჯვება ისე, რომ გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს იყო გამოღვიძების ნიშანი ჩვენთვისაც. ეს სიგნალი იყო ჩვენი ნაკრებისთვის, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, ვიცით, რა შეგვიძლია და ამ ყველაფერს ხვალ მოედანზე დავამტკიცებთ"- ამბობს ნიკა კვეკვესკირ, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე კარგად იცის ყაზახური ფეხბურთის მთელი პლიუს-მინუსები.



უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო, მე-6 ჯგუფური შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ხვალ, 19 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება.

სტადიონის შესასვლელები 19:00-დან გაიხსნება.

#UEFA #ერთალიგა #GNT  #მოდიდინამოზე