ყაზახები სავსე „დინამო არენაზე“ კარის გაჯახუნებით იმუქრებიან
ყაზახები სავსე „დინამო არენაზე“ კარის გაჯახუნებით იმუქრებიან
18.11.2018
ავტორი: საბა ლომთათიძე

„დინამო არენაზე" დღეს, ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტანიმირ სტოილოვი საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ და ყაზახ ჟურნალისტებს შეხვდეა. უეფა-ს ერთა ლიგის საქართველოსა და ყაზახეთის მომავალი მატჩის პერიპეტიების გარდა, სტანიმირ სტოილოვს გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ დასმულ კითხვაზეც მოუხდა პასუხის გაცემა.  

„პირველ რიგში მინდა მივულოცო საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, თქვენმა ქვეყანამ ეს დაიმსახურა.  ჩვენ ტრავმის გამო გვაკლია რამდენიმე წამყვანი  ფეხბურთელი. ნაკრებში, ასევე გამოვიძახეთ ბევრი ახალგაზრდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ სასეირნოთ ჩამოვედით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, და შევეცდებით ერთგვარ „კარის გაჯახუნებას", რაც სტუმრად ჯგუფის ლიდერთან, სავსე ტრიბუნების წინაშე ჩვენთვის იდეალური იქნება. ჩვენი ჩემპიონატი რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზეა, რასაც ეროვნულ ნაკრებზე აშკარად  ვერ ვიტყვით. თქვენგან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპულ  კარგ გუნდში. ორივე ნაკრებს აქვს პრობლემა მომენტების რეალიზაციაში. ვფიქრობ, ანდორასთან ვერმოგებული შეხვედრები დიდწილად ამან განაპირობა.  ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ისევე როგორც საქართველო, განვითარების გზას ვადგავართ", - ამბობს სტანიმირ სტოილოვი.




პრეს-კონფერენციის დროს ქართველი ჟურნალისტები, გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით  ყაზახთა მწვრთნელის აზრით დაინტერესდნენ. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ჩაკვეტაძის „ბარსელონას" სკაუტების არეალში მოხვედრას, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საქართველოში.

„კარგია, როდესაც ესეთი დიდი გუნდი ინტერესდება ახალგაზრდა ტალანტით, თუმცა არამგონია ამხელა აჟიოტაჟმა,  ჩაკვეტაძეზე კარგად იმოქმედოს", - ამბობს სტოილოვი.

რთულია არ დაეთანხმო ბულგარელი სპეციალისტის აზრს. მითმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ანდორაში, ანდორასა და საქართველოს მატჩამდე გაჟღერებული ამ ინფორმაციის შემდეგ, ჩაკვეტაძეს, რომელიც იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო მცირედი დაძაბულობა უკვე ეტყობოდა. შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ, პირველი გოლი უეფა-ს ახალ ტურნირში, სწორედ ასტანაში, ყაზახეთის ნაკრებთან გაიტანა და უეფა-ს ერთა ლიგის ისტორიაში გოლების ათვლა დაიწყო.




რაც შეეხება ხვალინდელ თამაშსს,  სტოილოვმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, ისინი, სავსე „დინამო არენას" კარგ ფეხბურთს ჰპირდებიან.  ყაზახებს სავსე სტადიონის არა თუ ეშინიათ, არამედ, ელოდებიან საფეხბურთ დღესასწაულს. „ეს არის კარგი გამოცდა, ჩემი გუნდისთვის და მთლიანად სამწვრთნელო შტაბისთვის. სავსე სტადიონი ამის გარკვევაში დაგევხმარება, რადგან ცარიელ სტადიონზე თამაში ადვილია" - ამბობს სტოილოვი.

უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო, მე-6 ჯგუფური შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ხვალ, 19 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება.

სტადიონის შესასვლელები 19:00-დან გაიხსნება.

 

მასალა მოამზადა საბა ლომთათიძემ

#UEFA #ერთალიგა #GNT  #მოდიდინამოზე