საქართველოს ახალგაზრდულმა ოფიციალურ მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშა
საქართველოს ახალგაზრდულმა ოფიციალურ მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშა
10.06.2025
ავტორი: მარიამ მესხი / თარამ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025 წლის 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი, პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღეს, ჟილინაში, მომავალი ორთაბრძოლის ადგილას, ტრადიციული MD1 (მატჩისწინა დღე იყო), შესაბამისად, სტადიონზე ერთი მეორეს მიყოლებით, ჯერ პოლონეთის ნაკრებმა, შემდეგ კი, ჩვენებმა ივარჯიშეს. ვარჯიშებამდე კი, მედიასაც შეხვდნენ ტრადიციულად. ქართველთა გუნდიდან, საქართველოდან ჩასული ჟურნალისტებისთვის კითხვებს რამაზ სვანაძემ და ირაკლი აზაროვმა უპასუხეს.


„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ უკვე მესამე ზაფხულია საქართველო, ევროპის ჩემპიონატზე არის წარმოდგენილი.  21-წლამდე ნაკრები კი, ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ეს არის სტაბილურობა, რომლისკენაც მივდივართ და ამაში ბევრი ადამიანია ჩართული. დარწმუნებული ვარ, ეს სტაბილურობა შენარჩუნდება, განვლილი გზა სასიამოვნო იყო.



ჩვენი გუნდისთვის, რიგით მეორე ევროპის ჩემპიონატს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ჩვენი ხელით მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური სულ სხვაა და ნიშნავს, რომ გუნდს ბევრი ბრძოლა აქვს გადატანილი. ხვალ ველოდები იმ ბრძოლისუნარიან გუნდს, რომელსაც ვიცნობთ.


რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დანაკლისი გვაქვს. გოგლიჩიძეს, ლაცაბიძეს და უგრეხელიძეს მათი წვლილი ჰქონდათ გამარჯვებაში, თუმცა, გვქონდა დრო, რომ გადავწყობილიყავით, ერთადერთი რასაც ვითხოვ ამ ეტაპზე, არის გუნდურობა, რაც უფრო ამცირებს დანაკლისების გავლენას.



პოლონეთის ნაკრების სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა გვაქვს ჩვენი გეგმები. პირველ რიგში, ვისთანაც არ უნდა ვთამაშობდეთ, გავდივართ დადებითი შედეგისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ტოპ გუნდია თუ არა. ამიტომ, ჩვენთვის ხვალინდელ შეხვედრაში არაფერი იცვლება. ვისურვებდი, ეს ივნისი ისე დაგვესრულებინოს, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.


ვახტანგ ბედოშვილი დებიუტანტია გუნდში და დარწმუნებული ვარ, ამაზე ყოველთვის ოცნებობდა, თუმცა, წარმოდგენაც გაუჭირდებოდა, როდესაც მესამე ლიგაში თამაშობდა, რადგან დიდი დრო არ არის ამ ყველაფრიდან გასული. ყოველთვის ვამბობთ, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ეს ამის ნათელი მაგალითია. მის საფეხბურთო უნარებზე უკვე გვქონდა ინფორმაცია. ეროვნულ ლიგაშიც საკმაოდ კარგად ითამაშა, დავინტერესდით მისი პიროვნული თვისებებითაც, დადებითი პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ გაჩერდეს. მისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა, პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, თუმცა სავარჯიშო პროცესში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. მთავარი იყო გუნდში მისი ინტეგრირება, რადგან ბიჭების უმრავლესობა დიდი ხანია ერთად მოდიან და ისიც სრულფასოვან წევრად მივიღეთ და ეს გვახარებს ყველაზე მეტად, რადგან ისიც ახლა ჩვენი ოჯახის წევრია.



საბა საზონოვი პროფესიონალია, დიდი სამუშაო გასწია, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ გუნდთან როცა დაიწყო ვარჯიში, რათა აქ ყოფილიყო. მან აქ ყოფნა დაიმსახურა, დანარჩენი უკვე პროცესში გამოჩნდება.


სათამაშო სქემის ადაპტირება მეტოქიდან გამომდინარე მოხდება, თუ რა დონის მეტოქესთან და კონკრეტულად, რას აკეთებს მოწინააღმდეგე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. არაფერს გამოვრიცხავ. ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა თუ გვინდა, გუნდმა უნდა იცოდეს როგორც დაცვა, ასევე, პრესინგის თამაში. შესაბამისად, ყველაფრის გაკეთება და გუნდიც, კონკრეტულ სიტუაციაზე ადაპტირდება", - ამბობს რამაზ სვანაძე.



„ძალიან მოხარული ვარ, რომ მეორედ მიწევს ევროპის ჩემპიონატზე თამაში, სასიხარულოა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიეთ და საგზური ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვეთ. როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე ყველაფერს გავაკეთებთ ჯგუფურ ეტაპზეც.


ნამდვილად დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ და ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება, ისინი რას წარმოადგენენ. ჩემთვის და ყველასთვის დიდი ტრამპლინი იქნება ასეთ ტურნირზე კარგად თამაში. რა თქმა უნდა, მეც გამოვიყენებ ამ ჩემპიონატს, რათა ყველაფერი დადებითად იყოს და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - ამბობს ირაკლი აზაროვი.



პრეს-კონფერენციის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჟილინას მთავარ სტადიონზე იმუშავა. ჩვენი ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრას ბევრი ქართველი ქომაგი დასეწრება.


სპეციალურად ჟილინადან