ქართული გუნდის მეორე ევრომდე სულ ცოტა დრო რჩება
ქართული გუნდის მეორე ევრომდე სულ ცოტა დრო რჩება
11.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჟილინაში ნელ-ნელა ქართველი და პოლონელი ფანები იკრიბებიან. უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის ერთ-ერთი სასტარტო შეხვედრის დაწყებამდე, რომელშიც პოლონეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნელ-ნელა გამოცოცხლება ეტყობა. სტადიონიდან დაახლოებით 1 კმ-ში Hlinkovo námestie-ზე, სადაც გუშინდილიდან სახელდახელოდ მოწყობილი სცენა მოწყენილი იყო, რეალურად ემსგავსება ფან-ზონას. ამ სივრცეში იკრიბებიან ქართველი ქომაგებიც, რომლებიც, საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.


ფანების მსვლელობა, ახალგაზრდული ევროს პირველ მატჩზე არ დაგეგმილა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ფანები არ გამორიცხავენ და რაც მთავარია, დღეს, ჟილინაში, გახსნით შეხვედრაზე მოსული გულშემატკივრის რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყვეტენ ღირს, მომდევნო შეხვედრისთვის, როგორ მოაწყონ ქართული ფანების „სავიზიტო ბარათი" მსვლელობა, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი გერმანია აალაპარაკა.



ამასობაში, ასპარეზობის ადგილიც, ნელ-ნელა უფრო ხალხმრავალი ხდება. ამ წუთებში მედია ოთახში, პოლონელი კოლეგები სჭარბობენ, ჩვენები, როგორც გითხარით, ამ მომენტში იქ არიან სადაც ფანები. Hlinkovo námestie-ზე იმყოფება ჩვენი ვებ-პორტალის წარმომადგენელიც.


მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ პოლონეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებები დღემდე, 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სასწორი დღემდე აშკარად პოლონელების მხარეს არის: 4 მოგება პოლონეთს, 1 ფრე და ერთი შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით არის დასრულებული. იმედია, რომ რამაზ სვანაძის გუნდი, რომელმაც 2023 წლის ევროზე ბევრი სიურპრიზი შესთავაზა თავად გრანდ გუნდებსაც კი, დღეს ამ სტატისტიკას, ოდნავ შეცვლის. რადგან სტატისტიკაზე გვაქვს ლაპარაკი, ისიც ვთქვათ, რომ დღემდე, პოლონელებს საქართველოს კარი 17-ჯერ აქვთ აღებული, ჩვენ კი, მხოლოდ 8-ჯერ. ამას გარდა, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ბოლო 4 შეხვედრაში ვყავართ დამარცხებულები და მათ შორის ორი თამაში, სახლიც და გასვლაც, 21-წლამდე ახალგაზრდული ევრო 2019-ის შესარჩევი მატჩი. ასე, რომ დასაბრუნებელი ბევრი გვაქვს.




მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა პოლონელების მხარეს არის, ჩვენი მოწინააღმდეგე, ბოლოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 2017 და 2019 წელის ტურნირზე თამაშობდა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა. საქართველომ კი, ახალგაზრდულ ევროზე, მართალია მასპინძლის სტატუსით, მაგრამ პირველად 2023 წელს ითამაშა, მოიგო ჯგუფი და 1/4 ფინალში 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა ისრაელის ნაკრებთან.


ჟილინაში, პოლონეთისა და საქართველოს შეხვედრას შვეიცარიელ არბიტრების ბრიგადა ალესანდრო დუდიჩი, პასკალ ჰირზელი და ნიკოლას მიულერი მოემსახურებიან. მეოთხე მსაჯი სერბი ნენად მინაკოვიჩი იქნება. თამაშზე იმუშავებს VAR-იც.


ვიდრე ქართველი და პოლონელი ფანები ფან-ზონაში თამაშისთვის ხურდებიან და ვიდრე სტადიონზე ჟილინაში, გუნდები მოვლენ, ბრატისლავას ეროვნულ სტადიონზე სლოვაკეთისა და ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრით, ევრო2025 ოფიციალურად გაიხსნა. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშია 0-2 ესპანელების სასარგებლოდ და შესაბამისად, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ჟილინაში ემსახურებიან თამაშს, ცოტა მოწყენილები იყვნენ, თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ანგარიში 2-2 გახდა, განწყობა გამოისწორეს.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც რომ უშუალოდ სტადიონის ტერიტორიაზე მუშაობს ფან-შოპი, სადაც საქართველოს ნაკრების სათამაშო მაისურსაც მოვკარი თვალი.



 

სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.