7-ქალამ ელიტარულ დივიზიონში პირველი თამაში მოიგო
7-ქალამ ელიტარულ დივიზიონში პირველი თამაში მოიგო
16.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 7-ქალა რაგბი ელიტარულ დივიზიონში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ევროპის სერიის მესამე სათამაშო დღეს ქართველმა გოგონებმა იტალიის ნაკრები 20-11 დაამარცხეს და ასპარეზობა საბოლოო ჯამში, მე-11 ადგილით დაასრულეს.


„საკმაოდ რთული დივიზიონია ევროპის 12 საუკეთესო გუნდია. ასეთ გუნდებს პირველად შევერკინეთ. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ერთი თამაშის მოგება მოვახერხეთ.  სამწუხაროდ, ორი მოთამაშე, ტრავმის გამო გამოგვაკლდა, რამაც უფრო გაგვირთულა საქმე.  თუმცა, ეს მხოლოდ პირველი წრე იყო და სათამაშო, კიდევ მეორე წრე გვაქვს 27-28-29 ივნისს. მოგეხსენებთ, ეს ჩემპიონატი ორ ეტაპად არის დაყოფილი და ვიმედოვნებთ, უკეთესად ვიასპარეზოთ", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში ანა პოღოსიანი, 7-ქალა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წევრი.


მოგეხსენებთ, ჩვენი გუნდი, აღნიშნულ ლიგაში, ცოტა ხნის წინ ამოვიდა, შესაბამისად, ევროპის უძლიერესი ქალთა გუნდების პირისპირ თამაშიც არ არის იოლი. ხორვატიაში, ქალაქ მაკარსკაში საქართველოს 7 ქალა ნაკრებმა A ჯგუფში, საფრანგეთთან, ჩეხეთთან და ირლანდიასთან ერთად იასპარეზა. სულ სამი ჯგუფი იყო, შესაბამისად, B ჯგუფში ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და შვედეთი მოხვდნენ; C ჯგუფში კი, ესპანეთი, პოლონეთი, იტალია და პორტუგალია ითამაშებენ.   


საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა, საერთო ჯამში 5 თამაში გამართა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოოდ ამ ეტაპზე მე-11 ადგილი დაიკავა.


საფრანგეთი -  საქართველო 57-5

ჩეხეთი - საქართველო 42-10

ირლანდია -  საქართველო 54-0

ირლანდია - საქართველო 53-0

საქართველო - იტალია  20-12


გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს 7-ქალა, ელიტურ დივიზიონში, ამ სერიაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება, მთავარი თამაშები, ქართველთა ნაკრებს, თვის ბოლოს, ჰამბურგში ელით. გერმანიაში, მეორე წრეში, ჩენი გუნდის მთავარი ამოცანა, ათეულში მოხვედრა იქნება. ტურნირის დებულების თანახმად, ათეული ხორვატიისა და ჰამბურგში გამართული შედეგების შეჯამებით განისაზღვრება.


და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ საქართველოს  7-კაცა გუნდმა, ხორვატიაში, პარალელურად მიმდინარე გათამაშება მე-7 ადგილით დაასრულა და ახლა ისიც, ჰამბურგის ეტაპის მოლოდინშია.



ფოტო: რაგბის კავშირი