პორტუგალია, სახასიათო ქართულ გუნდთან ემზადება სათამაშოდ
პორტუგალია, სახასიათო ქართულ გუნდთან ემზადება სათამაშოდ
16.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

17 ივნისს, თბილისის დროით 20:00, ადგილობრივი, სლოვაკური დრით კი, 18:00  საათზე, ჟილინასა და ტრენჩინში უეფა-ს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის შეხვედრები დაიწყება. ჟილინაში, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის ორი შეხვედრ ჩაატარა, საფრანგეთისა და პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრებები ითამაშებენ. რამაზ სვანაძის გუნდი კი, ტრენჩინში გაემართება, ჩვენი ნაკრების „ბანაკიდან" საათისა და 15-20 წუთის სავალში და იქ დაუპირისპირდება პორტუგალიას, რომელიც Sihoť Stadium-ზე მესამე შეხვედრას ჩაატარებს.




მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, პორტუგალიის ნაკრებს ფრეც აძლევს ხელს, ჩვენი მომავალი მეტოქე ამ მოცემულობას, აპრიორშივე უარყოფს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ტაბლოზე საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში, ადეკვატურად იმოქმედოს მანაც და მისმა გუნდმაც. ისე, კი, ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს, გველის ნაკბენივით ახსოვს, 2023 წელს, სწორედ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა როგორ დაამარცხა ტურნირის ფავორიტად შერაცხული პორტუგალიის ნაკრები და დიდი ალბათობით, სრული რევანშის აღებას ეცდება. მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ, საქართველოს (თუმცა, არა ახალგაზრდულმა) ნაკრებმა პორტუგალიას 2024 წლის ევროზეც გაურთულა საქმეები.


„საქართველომ წინა ევროპის ჩემპიონატზე დაგვამარცხა, ეს სულაც არ იყო უცნაურობა. ბურთით თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. საქართველოს ძალიან საინტერესო მაჩვენებლები აქვს, ბოლო 13 თამაშში, მხოლოდ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ამ გუნდმა, ვერ გაიტანა გოლი. ეს არის გუნდი, რომელიც მხოლოდ თავს არ იცავს და ხშირად იტანს გოლებს, რაც ადვილი არ არის. ეს გააკეთეს ჯგუფის პირველ ორ გუნდთან თამაშისას. რეალურად, მათ რამდენიმე წუთი დააკლდათ მეოთხედფინალამდე და მაშინ, ეს, ჯგუფის მესამე თამაშიც აღარ დასჭირდებოდათ. აგრესიულები უნდა ვიყოთ, როცა ეს აუცილებელია და გარკვეულ სიტუაციებში ჩვენი ხარისხი გამოვავლინოთ", - ამბობს რუი ჟორჟე, პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.



სხვათა შორის, ჩვენი ხვალინდელი მეტოქის მთავარი მწვრთნელი ვერ მალავს სიმპათიას ქართული გუნდისა და იქ მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ, რომელთა დახასიათებისას არ იშურებს ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა „დიდი ვნებითა და უზარმაზარი გულით" მოთამაშე ბიჭებიო. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ თაობა, 2023 წლის გუნდთან შედარებით შეცვლილია, საქართველოს იგივე მწვრთნელი  ჰყავს, რომლის გუნდსაც, წინა ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების „მახასიათებლები" შენარჩუნებული აქვსო. დიდი ალბათობით და ეს არც არის გასაკვირი, ხვალინდელ შეხვედრაში, პორტუგალია შეეცდება პირველ ნომრად თამაშს, შესაბამისად ეცდება ქართველთა კონტრშეტევები გაანეიტრალოს. თუმცა, თავის მხრივ, რამაზ სვანაძის გუნდი შეეცდება იმოქმედოს ვითარების შესაბამისად და არც სიმწვავე მოაკლოს მეტოქეს. მით უმეტეს, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრაში, გუნდმა საკმაოდ დიდი გამოცდილება აკრიფა და ახლა, მთავარია, გადახარშულ-გაანალიზებული, „დაფიდან", სწორად გადმოიტანოს მოედანზე.


ისე, დღეს, მარტინში, გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც საფრანგეთის თამაშიდან მოყოლებული, უკვე გაწვრთნილი სპიკერივით, გიორგი აბუაშვილი გამოგვეცხადა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა „ხდებოდა" გასახდელში პირველ და მეორე ტაიმებს შორის, რადგან გასახდელში გატარებული 15 წუთის შემდეგ, მოედანზე, აშკარად, სხვა გუნდი ბრუნდებოდა.



„ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე. პირველ ტაიმში, თუ გვქონდა  ხარვეზები, შესვენებაზე ამაზე ვლაპარაკობთ და მეორე ტიამში გამოვდივართ, უფრო მოტივირებულები და სხვა ხასიათით.  ეს მუხტი დევს ნაკრებში და ხვალაც ვაჩვენებთ ხასიათს და ერთობას. ღირსეულად წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას. რთულია ინტენსიური თამაშები ყოველ სამ დღეში, ხვალაც იგივე თამაშს ველით, თუმცა, მზად ვართ მენტალურადაც და ფიზიკურადაც. ის შეცდომები რაც საფრანგეთთან დავუშვით, შევეცდებით,  ხვალ გამოვასწოროთ. მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეებიც ვიცით და ვეცდებით მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ", - ამბობს გიორგი აბუაშვილი, ფეხბურთელი, რომელმაც შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან თამაშში დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი გადადგა.


ჩვენი გვერდის მკითხველს თუ ახსოვს, ჩვენ საფრანგეთთან თამაშში, საგანგებოდ გამოვყავით ჩვენი ნაკრები მეკარე ლუკა ხარატიშვილი და მის მიერ ჩადენილი პატარა სასწაულები, რომლის წყალობითაც, იმ დღეს სამზე მეტი გოლი არ გაგვივიდა და ეს, ჩვენი დაცვის ცუდი თამაშის გამო არა (მითუმეტეს არც უთამაშიათ ცუდად - სარედაქციო). უბრალოდ, ყველა წერტილიდან ურტყამდნენ და მოულოდნელობის ეფექტითაც კარგად სარგებლობდნენ.  სხვათა შორის, ორ თამაშში, ლუკას კარში გასული ოთხი გოლიდან, ორი 11-მეტრიანიდანაა შესრულებული. ლუკა კი, ე.წ. „სეივების" მიხედვით (8), ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე 16 გუნდის მეკარეს შორის პირველ ხუთეულშია.



„ხარატიშვილი ჩვენი გუნდის ნაწილია და გუნდში, ერთ-ერთი მთავარი ძალაა. ზოგადად, მეკარეები გუნდის მთავარი ხერხემალი არიან. მყარი მეკარე უკვე იმას ნიშნავს, რომ გუნდში ბევრი დადებითი რამ არსებობს. გეთანხმებით, ძალიან კარგად თამაშობს, ეს „სეივებიც" ამაზე მოწმობს", - აღნიშნა სვანაძემ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ტრადიციულად, ცდილობს არც ერთი ფეხბურთელი გამოჰყოს.


სპეციალურად მარტინიდან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.