ევროპის შემდეგ, უკვე მსოფლიოზე ტატო ვერცხლის მედალს იგებს, თუმცა, ოქროს აგებს!
ევროპის შემდეგ, უკვე მსოფლიოზე ტატო ვერცხლის მედალს იგებს, თუმცა, ოქროს აგებს!
16.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი ჯუდოკების ანგარიშზე დღეს, შესაძლოა ორი ოქრო და შესაბამისად, მსოფლიოს ორი ჩემპიონი გვყოლოდა, თუმცა, -81 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა კვლავ წააგო ფინალი, ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე რუს ტიმურ არბუზოვთან. თუმცა, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ ტატო 2021 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეხუთედ გადის ფინალში. ამ ხუთი ფინალიდან, ქართველმა 2021 და წელს, 2025 წლებში მოიგო ვერცხლის მედლები. 2022, 2023 და 2024 წელს კი, გრიგალაშვილმა, სამჯერ ზედიზედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.


დღევანდელი, რიგით მეოთხე უნგრული დღე კი, ტატომ მეორე წრიდან დაიწყო და პირველივე შეხვედრაში ვედათ ალბაირაქს (ვანო რევაზიშვილს) გადაეყარა და დაამარცხა. ამის შემდეგ, ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი ჩამოიშორა გზიდან და მას, ბადიდან გასასვლელად ძველი მეტოქე, მატიას კასეც მიაყოლა. თუმცა, ქართველმა კასესთან ორთაბრძოლაში, ტრავმა მიიღო და 1/2 ფინალიც და შემდეგ, ფინალიც ტრავმირებულმა იასპარეზა. ფინალის გზაზე ტატომ ზელიმ ჩკაევი დაამარცხა, ფინალში კი, დამატებით დროში ზემოთხსენებულ სპორტსმენთან დამარცხდა.


დღესვე, გამომდინარე იქიდან, რომ წონა გვქონდა გაორებული, -81 კგ-ში საქართველოს სახელს, ზაურ დვალაშვილიც იცავდა. ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო და ორი შეხვედრაც მოიგო, თუმცა, ბადიდან გასვლა ვერ მოახერხა.


ბუდაპეშტში, მართალია საქართველოს სახელით არა, მაგრამ ტატოზ, ზაურის, ალბაირაქის გარდა დღეს ნუგზარ ტატალაშვილი ტრადიციულად ემიტარების სახელითა და ავსტრიის სახელით შამილ ბორჩაშვილიც ასპარეზობდნენ. შამილი, მატიას კასემ გამოთიშა ასპარეზობას, ტატალაშვილმა კი, აზერბაიჯანელ ზელიმ ჩკაევთან დასთმო ბრინჯაოს მედალი.


დღესვე, -63 კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ასკილაშვილი ჩინელ ინგ ტანგთან პირველივე წრეში დამარცხა.


ხვალინდელი დღე, ბუდაპეშტში ქართული გუნდისთვის არანაკლებ საინტერესოა. ამჯერად ჩვენს გუნდს, წონა -90 კგ-ში აქვს გაორებული. ტატამზე კი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.


ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი