
დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს, ჯგუფიდან გასასვლელად, დღეს, სლოვაკურ ტრენჩინში აუცილებლად უნდა მოეგო. ჩვენს მოწინააღმდეგეს, ხელს ფრეც აძლევდა. საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ ეტაპზე დაწყებული ტრავმიანობა კი, მოგეხსენებათ, უშუალოდ, ჩემპიონატის მიმდინარეობისასაც გაგრძელდა. მოედანზე იყო, მაგრამ მაინც ტრავმის ფონზე უწევდა თამაში ნოდარ ლომინაძეს, რაც შეეხება საბა საზონოვს, ფრანგებთან მიღებული ტრავმის გამო მას ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშის გამოტოვება მოუხდა. უფრო მეტიც, საბას მშობლები დღეს ტრენჩინში, თამაშს კი ესწრებოდნენ, თუმცა, თავად საბა, იტალიაში გაემგზავრა, სადაც ტრავმის სირთულეზე უკვე საკლუბო სამედიცინო სტაფი მიიღებს გადაწყვეტილებას. ყოველივე ამას, საკმაოდ კარგად დაწყებულ თამაშზე, დაემატა ლაშა ოდიშარიას მინდვრიდან გაძევება. ეს, სვანაძის გუნდისთვის, ნამდვილი მეხის გავარდნა იყო ტრენჩინის მზიან და მოწმენდილ ცაზე.
„წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები მთლიანად შეცვალა, პორტუგალიის ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და გულწრფელად ვუსურვებ ჩემპიონობას, რადგან დიდი ხანია მიდიან მიზნისკენ. გარდა ამისა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პორტუგალიელთა მწვრთნელთან. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს უპირატესობა. წითელი ბარათის შემდეგ ძალიან დასანანი გოლები მივიღეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რამაც ჩვენი მდგომარეობა დაამძიმა. მეორე ტაიმში ვეცადეთ, რომ მცირედით მაინც გაგვერისკა. საბოლოო ჯამში, მივიჩნევ, რომ ნამდვილად არ იყო ის გოლები გასაშვები, თუნდაც 10 ფეხბურთელით, უბრალოდ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი: დაღლილობამ, ემოციამ, ამიტომ, ერთობლიობაში მივიღეთ ის გაკვეთილი, რომელიც დღეს მივიღეთ. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც პირველად ისტორიაში კვალიფიკაციით მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ველოდები შემდეგ თაობას, ხოლო ამ თაობიდან იმედი მაქვს, რომ ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების კარს შეაღებს. მომავალში კიდევ ვიბრძოლებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, რადგან ჩვენს თაობებს და ფეხბურთს ეს სჭირდება", - ამბობს რამაზ სვანაძე, შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბუნებრივია, როდესაც 4-0 აგებ, ეძებო რაიმე თავის გასასამართლებელი საბაბი, უფრო სასაცილოა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო პირველი ტაიმი, მას შემდეგ რაც მოედნიდან ოდიშარია გააძევეს, იყო მცირე დაბნეულობაც, პორტუგალიის ნაკრებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ნომრად თამაშობდა, თუმცა, როგორც რამაზ სვანაძემ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუნდი ცდილობდა კონტრშეტევაზე გაემწვავებინა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც ჰქონდა. პირველი ტაიმში 0-1 დავმარცხდით. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში კი, ჩვენს კარში სამი გოლი, მათ შორის ერთი 11-მეტრიანი გავიდა.
„რა თქმა უნდა, 4-0 წაგება ძალიან ცუდია, ეს ყველაზე დიდი წაგებაა მარცხია მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მწვრთნელი ვარ და ჩემთვისაც ძალიან მძიმეა. თუმცა, ყველაფერს აქვს ორი მხარე და მეორე მხრივ, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ კარგად, ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი და ჩვენი დონის გუნდებიდან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ვიყავით, ვისაც ბოლო ტურის წინ შანსი ჰქონდა. გული მწყდება პირველ რიგში იმაზე, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე, არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ბიჭებსაც ვუთხარი, დასამალი არაა, ფაქტია და აქვს მიზეზები. პირველ რიგში ის, რომ უდიდესი დანაკლისი გვქონდა, ძალიან რთულია, როცა ევროპის ჩემპიონატის წინ, სამ ცენტრალურ მცველს კარგავ. ამას დაემატა საბა საზონოვი. პირველ რიგში, ჯერ გმირობა, თუ სპორტსმენი შეიძლება იყოს გმირი, საბა საზონოვი ამის მაგალითია, შემდეგ მეოთხე მცველიც დავკარგეთ, რადგან მანაც ტრავმა მიიღო. ტრავმირებულ ფეხბურთელებს უკვე დაემატა ის ფაქტი, რომ გუნდის ლიდერები ჩემპიონატს შეხვდნენ უთამაშებლები, რაც სამწუხაროდ დაეტყოთ, ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბიჭებმა ეს იციან, არ მინდა გვარების თქმა, მაგრამ რეალურად, ჩვენი გუნდის ლიდერები, საერთოდ არ იყვნენ კონდიციებში და არ იყვნენ მზად, რომ მჭიდრო გრაფიკში ასეთი დონის სამი მატჩი ეთამაშათ. ამის ნათელი დადასტურებაა სიგუას მდგომარეობა, რომელსაც საფრანგეთის მატჩის ბოლოს კუნთი აწუხებდა, არ იყო დღეს 90 წუთის სათამაშოდ მზად და არც მივეცით თამაშში ჩართვის საშუალება. გარდა ამისა, არის ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღონ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა, იმიტომ, რომ მათი ნიჭი, არა მარტო ახალგაზრდულ ნაკრებს, არამედ ქართულ ფეხბურთს სჭირდება", - ამბობს სვანაძე.
საზონოვის არ ყოფნაში, სრული სათამაშო დრო მიეცა ირაკლი იაკობიძეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენთან ლაპარაკში იაკობიძე იტყვის, რომ „პორტუგალიასთან თამაში, გაუადვილდა", არადა, „იაკობას" დღეს, ახალგაზრდული ნაკრების არა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი, არამედ, ზოგადად, ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებშიც. დღესვე ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ვახო ბედოშვილს. დღესვე სვანაძემ, მართალია მცირე, მაგრამ სათამაშო დროს მისცა თორნიკე მორჩილაძეს და საბა მამაცაშვილსაც.
„ბოლო წუთები შეიძლება ორი მიზეზით იყოს გამოწვეული - ფსიქოლოგიური მომენტით და გარდა ამისა, დაღლილობით. სუფთა სამედიცინო კუთხით თუ ვიმსჯელებთ, აღარ მიეწოდება ჟანგბადის ის დოზა, რაც საჭიროა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ,ნაკრებში ვერ გამოვასწორებთ, რადგან ეს არის სისტემური საკითხი, როცა ბავშვობიდან იწყებენ თამაშს. გვჭირდება უფრო ინტენსიური თამაშები და ვარჯიშები და ყველაზე მთავარი, საქართველოში არ არის მწვრთნელების პრობლემა, საქართველოში ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი მწვრთნელები არიან. უბრალოდ, ფეხბურთელს სჭირდება შესაბამისი ინტენსიური თამაში და სათამაშო პრაქტიკა. თუ ჩემპიონატი სწრაფია, დაძაბულია, ინტენსიურია, ფეხბურთელიც იზრდება. ეს ჩვენთან პრობლემაა, პორტუგალიაში ამ მხრივ სხვა დონეა. ამიტომ, ამ ყველაფერთან პროცესში ადაპტირება გვიწევს, ზოგჯერ ამას ვახერხებთ, ზოგჯერ - ვერა", - ამბობს სვანაძე.
ასეა თუ ისე, Štadión na Sihoti დღეს, საქართველოს ნაკრებმა, თამამად შემიძლია ვთქვა, მთელი, ზემოთხსენებული დანაკლისის მიუხედავად, ბოლო წამებამდე იბრძოლა, თუმცა, დამარცხდა და ხვალ, სამშობლოში დაბრუნდება. C ჯგუფში ჩვენმა ნაკრებმა 1 შეხვედრა მოიგო და ამ მოგებული მატჩის წყალობით, მესამე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.