გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
19.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ინდივიდუალური ასპარეზობის დასრულების შემდეგ, ქართულ გუნდს ერთო ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი), ორი ვერცხლისა (ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი) და ერთიც ბრინჯაოს (ლუკა მაისურაძე) მედალი აქვს. ამ შედეგით კი, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, ქართველთა გუნდი მე-4 ადგილზეა, იაპონიის (14 მედალი - 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო), ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე გუნდის (5 მედალი - 3 ოქრო, 2 ბრინჯაო) და იტალიის (2 ოქროს მედალი) შედმეგ. მე-5 ადგილზე არის საფრანგეთის გუნდი, ჩვენს მსგავსად 4 მედალი აქვს თუმცა, მათ შორის 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოსი.


დღეს კი, ბუდაპეშტში, ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ პირველობაში ბოლო საასპარეზო დღე იყო. ამ დღეს ქართული გუნდიდან მძიმე წონოსნებმა იასპარეზეს. ქართული გუნდიდან +78 კგ წონაში სოფო სომხიშვილი ასპარეზობდა, +100 კგ-ში კი, გურამ თუშიშვილი. სხვათა შორის, ჩემპიონატის დაწყებამდე, განაცხადში ფრანგი ლეგენდის ტედი რინერის სახელიც ფიგურირებდა, თუმცა, უშუალოდ ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, რინერი მონაწილეთა შორის აღარ იყო, მაგრამ დღეს ის, დარბაზში, დღის ბოლოს გამოჩნდა. ამის შესახებ, ოდნავ ქვევით.


მანამდე კი, ბარემ ვთქვათ ისიც, რომ დღეს ქართული მამლუქებიდან, ტატამზე ორი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური და ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილის გამოდიოდნენ. ბორჩაშვილი 1/8 ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას. უშანგი კი, ბადიდან გასასვლელად „თუშას" გადაეყარა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლისთვის, მაშინ როცა ვაზარით იგებდა, 8 წამით ადრე, შეხვედრის დასრულებამდე, იპონით დამარცხდა ტაჯი თემურ რახიმოვთან.


კარგად დაიწყო ასპარეზობა +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ძალიან მარტივად, დაამარცხა კოლუმბიელი ბრიჯით კარაბალი. თუმცა, მეორე წრეში, „გოლდენ სქორის" 6:22 წამის შემდეგ, კორეელ ჰეიონჯი ლიისთან სამწუხაროდ,  დამარცხდა.


მივედით „თუშამდე", რომელმაც დღეს ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად სლოვაკი მარისუ ფიზელი დაამარცხა, შემდეგ გერმანელი ლოსენი კონე და 1/4 ფინალში, როგორც ზევით აღვნიშნეთ, უშანგი კოკაურს მოუგო. ქართველმა 1/2 ფინალში კორეელი მინიონგ კიმი დაამარცხა. სხვათა შორის, ბოლო სამი შეხვედრა თუშიშვილმა იპონით მოიგო და აღსანიშნავია, რომ ამას საკმაოდ მსუბუქადაც აკეთებდა. ამ შემართებით გამოვიდა ქართველი ფინალურ დაპირისპირებაშიც, სადაც IJF-ის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ქულა, რომელიც თავიდან ვაზარად შეფასდა, შემდეგ, იუკოთ გადაკეთდა, თუმცა, თავად ჯუდოკას საერთოდ იპონი ეგონა ისე აღნიშნა ეს ქულები. საინტერესოა, რომ გურამმა საბოლოოდ ვაზარით წააგო და მხოლოდ, ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დასჯერდა. თუშიშვილის „სიურპრიზები" კი, ამ დღეს ამით არ დასრულებულა.


დაჯილდოების ცერემონიაზე, მისთვის მედლის გადასაცემად არც მეტი, არც ნაკლები, ტედი რინერი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ამტკიცებს, რომ გურამთან, მეგობრული ურთიერთობა აქვს, გემახსოვრებათ, პარიზის ოლიმპიადაზე ჯუდოკებს შორის მომხდარი ინციდენტი, რის შემდეგაც თუშიშვილი ჩამოაშორეს ტატამს გარკვეული პერიოდი, სპორტსმენებს შორის, კვლავ დაძაბული ვითარებაა. გურამმა, ტედისგან მედალი ჩაიბარა, თუმცა, ხელი არ ჩამოართვა.


ასეა თუ ისე, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფაზა, ინდივიდუალურ პირველობაში დღეს დასრულდა. ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00, თბილისის დროით კი, 12:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შერეულ-გუნდური ასპარეზობა დაიწყება, რომელშიც 4 კონტინენტის 16 გუნდი (ავსტრია, იაპონია, უზბეკეთი, თურქმენეთი, იტალია, უნგრეთი, საქართველო, ჩინეთი, საფრანგეთი, IJF-ის ნაკრები, ჩინეთი, კორეა, მონღოლეთი, ბრაზილია, ყაზახეთი, გერმანია, აზერბაიჯანი) მონაწილეობს. ქართველთა შერეული გუნდი, პირველ შეხვედრას ჩინეთის წინააღმდეგ გამართავს, ამის შემდეგ კი, ჩვენები, იტალია-უნგრეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


და ბოლოს, შერეულ გუნდურ შეჯიბრზე ქართული გუნდი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (-90 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი, მარიამ ჭანტურია (-70 კგ), სოფო სომხიშვილი (+78).