
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველო მსოფლიო ჩემპიონია! გურამ თუშიშვილი, ეთო ლიპარტელიანი, მიხეილ ბახბახაშვილი, მარიამ ჭანტურია, ლაშა ბექაური, სოფო სომხიშვილი, კიდევ ლუკა მაისურაძე, ეთერ ასკილაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე - ამ ბოლოს დასახელებულები, მართალია, ტატამზე არ გამოსულან, თუმცა ეს იყო გუნდი, რომელმაც ქართული ჯუდოს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერა.
„ძიუდოს ფედერაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მივსულიყავით დღევანდელ დღემდე და დღეს, 2025 წელს, დამსახურებულად მოვიპოვეთ მსოფლიოს ოქროს მედალი. თვენახევრის წინ გავხდით ევროპის ჩემპიონები, მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე გვგქონდა ბრინჯაოს მედელი და ბუნებრივია აქ, წასაგებად, ნამდვილად არ ვიყავით ჩამოსულები. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ არავის, ისე არ უხდება გამარჯვება, როგორც საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ერთად დგომით, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში გიორგი ათაბეგაშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
ბუდაპეშტში, László Papp Budapest Sports Arena-ზე, რომელმაც პირვადლ IJF-ის ღონისძიებას პირველად, 2003 წელს უმასპინძლა და დაახლოებით 9000-ზე მეტ ქომაგს იტევს, დღეს დიდხანს ისმოდა, ქართული ჰანგები. თუმცა, დილიდან ჰანგებთან ერთად, ქართული შეძახილებიც, რომლებიც ფინალური ბლოკისკენ უფრო თამამი და ომახიანი გახდა. უნგრეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლა დამაგვიანდა, ერთი მიზეზით - სამეზობლოში, უეფა-ს 21-წლამდე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვიყავი. აქ ჩამოსულს კი, გზაში მომისწრო ილია სულამანიძის „ამბავმა" და რეალურად სიხარულისთვის, ქართველებს ორი შანსი გვრჩებოდა +100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და +78 კგ-ში სოფო სომხიშვილი. კიდევ, იყო შერეული გუნდური ასპარეზობა და კითხვა, რატომაც არა?
რეალურად, მოლოდინი იყო, რომ საპრიზო სამეულში ქართველთა გუნდი მოხვდებოდა, თუმცა, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ, მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით. უბრალოდ, ბადე იყო შედგენილი საკმაოდ რთული - შერეულ გუნდურ ჩემპიონატში პირველი ჩინეთს ვხდებოდით, რომელიც დავამარცხეთ 4-1. აქ პირველად მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა მარიამ ჭანტურია, რომელმაც იპონით მოიგო და გუნდს, ტონუსი მისცა. მარიამის და ზოგადად ქართველი ჯუდოკა გოგონების თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მარიამის ქულას, ქულა შემატა ლაშა ბექაურმა და ლაშას თემასაც შევეცდებით სხვა სტატიაში უფრო ჩავუღრმავდეთ, მორიგი ქულები კი, გურამ თუშიშვილისა და ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზე იყო.
დღევანდელი ასპარეზობის დაწყებამდე, ვიცოდით, რომ მომდევნო მეტოქე, თუკი მასპინძლები უნგრელები გაუშვებდნენ იტალიის ნაკრები იყო, თუმცა, იტალიელებს არ გასჭირვებიათ უნგრეთი დამარცხება (4-1) და შესაბამისად, სწორედ მათ შევხვდით და სრულიად მოულოდნელად, მშრალი ანგარიშით (0-4) დავამარცხეთ. რაღა დაგიმალოთ და
„გასვლაზე" ასეთი ანგარიშით მოგება ფეხბურთშიც ვისურვე და ალბათ, მალე მოვა ეს დროც. მანამდე კი, აქ, ბუდაპეშტში, გიორგი ჭანიშვილი, მსაჯი გამომცხადებელი, რომელიც დღეს IJF-ის ფოტოგრაფის თამარ ყულუმბეგაშვილის მსგავსად, ძალიან ცდილობდა ემოციების მოთოკვას, ქართულ გვარებს სულ უფრო და უფრო ომახიანად აცხადებდა და შიგადაშიგ ქართულ ჰანგებსაც აშველებდა. ტატამზე კი, ბექაურმა კრისტიან პარლატი, სოფო სომხიშვილმა - ასია ტავანო, „თუშამ" - ჯენარო პირელი და ეთომ, ჯულია გარნა დაამარცხეს.
მომდევნო ეტაპზე, 1/2 ფინალში საქმე უფრო გართულდა - აქ შეგხვდა იაპონიის ნაკრები, რომელიც ნებისმიერი ფორმაციის უძლიერესია და რომელსაც ჩვენამდე, მიმდინარე შერეულ გუნდურზე ავსტრიისა (4-0) და უზბეკეთის (4-2) ნაკრებები ჰყავდა დამარცხებული. რთული ასახსნელია, მაგრამ ასპარეზობის ადგილას, ბუდაპეშტის დარბაზში, იყო აურა, რომელიც ქართულ გუნდს მუხტს ჰმატებდა და უბრალოდ გამარჯვების გარდა, სხვა შანსს არ უტოვებდა. არასრული სამი საასპარეზო დღის მანძილზე აქ, ქართული მუხტი ტრიალებდა - გულშემატკივრიდან დაწყებული, მედიის წარმომადგენლებით დასრულებული, რომლებიც ჩვენს გუნდს მოდუნების საშუალებასაც არ აძლევდნენ.
„2017 წლიდან, რაც ეს, შერეული გუნდური ასპარეზობა დაიწყო, შვიდჯერ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ეს ნანატრი თასი და დღეს უკვე დადგა ეს ისტორიული დღე და თითოეულ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ისტორიულ გამარჯვებაში მინდა მივულოცო. იაპონიასთან, დღემდე, ჩვენ მხოლოდ ერთი გამარჯვება გვგქონდა, 2016 წელს, როდესაც ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელშიც იყვნენ ბახბახაშვილი, ჭანტურია და სოფოც, და იმ ისტორიულ შეხვედრაში, ჭაბუკებშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და დღესაც, მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს და ის, რომ აქ მარტო გუნდური ჩემპიონატისთვის ჩამოვიყვანეთ, არაფერს ნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ენთუზიაზმი, სრულად იყო ჩადებული იმაში, რომ ეს დღე სრულად მიგვეძღვნა ჩვენი ხალხისთვის, ვისაც განვმეორდები, ძალიან უხდება გამარჯვება", - ამბობს ათაბეგაშვილი.
გამარჯვებამდე კი ურთულესი 1/2 ფინალი იაპონიასთან, რომელიც ამ სახით ტურნირის არსებობის დღიდან, 2017 წლიდან უცვლელი ჩემპიონი იყო, ჩვენმა გუნდმა 2-4 მოიგო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, სწორედ ამ შეხვედრაში გამოაჩინა ხასიათი. ვაგებდით თუშიშვილმა გაათანაბრა, ეთომ გაამყარა, ბახბახაშვილმა VAR-ზე გადამოწმებული იპონით მოიგო, ბექაურმა კი, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„გუნდური შეჯიბრის მთავარი სულისკვეთება ისაა, რომ ერთმანეთის იმედი აქვს, შეიძლება უდიდესი შედეგი მოიტანოს. იცი, რომ შენი მატჩი არაფერს ნიშნავს და ეს არის მოტივაციისა და იმედის მომცემი საბოლოო ჯამში მივყავართ გამარჯვებამდე", - ამბობს ათაბეგაშვილი.
გვრჩებოდა ფინალი, რომელშიც საქართველოც და ჩვენი მეტოქეც, კორეეის ნაკრები პირველად იყვნენ გასულები. ფინალამდე, ჩვენმა მეტოქეებმა მონღოლეთი 4-0, საფრანგეთი 3-4 და გერმანია 4-0 დაამარცხეს. ორივე გუნდი ამ დღეს, ფინალში პირველად ასპარეზობდა და ბუნებრივია, ორივე გუნდს ძალიან უნდოდა მოგება. სტარტი, კაპიტნის წამიერი უყურადღებობით გამოწვეული მარცხით დაიწყო, თუმცა, ეთერმა გურამს „ხელი შეაშველა" და ანგარიში გაათანაბრა. სხვათა შორის ეთერ ლიპარტელიანმა დღევანდელი გამარჯვებით „დუბლი" შეასრულა და ალბათ, ერთ-ერთი ის ჯუდოკაა ბუდაპეშტში დასრულებულ ჩემპიონატზე, რომელსაც არ წაუგია (!), ეთერს კი, მხარი ბახბახაშვილა და ჭანტურიამ აუბეს და ბექაურის გამარჯვების შემდეგ, მოწინააღმდეგე, ბოლო ბასტიონამდე, სოფო სომხიშვილამდე, აღარ მიუშვეს.
„ქალთა როლი ზოგადად საქართველოს ისტორიაში, ყოველთვის იყო გრაციოზული და დიდებული და ისინი თავის თავზე იღებდნენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და იგივე გუნდური შეჯიბრებები, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ წინა, იქ მათ ლომის წილი შეიტანეს და დღესაც, თავის თავზე აიღეს და დღევანდელ გამარჯვებაში, რომელიც ჩვენმა გოგონებმა მოიპოვეს, იყო მართლაც განუზომელი სიხარულისა და ემოციის მომტანი და მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან არ ნებდებიან, არიან პროფესიონალები და ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულზე და გამოწვევაზე ამბობენ უარს და ეს დაფასებულია", - ამბობს ათაბეგიშილი.
საქართველოს შერეულ გუნდურმა ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის გუნდი 4-1 დაამარცხა და პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სიტყვები მართლა ზედმეტია, მხოლოდ ერთს ვიტყვი, მსოფლიო ჩემპიონები თბილისში 22 ივნისს, გამთენიისას, 01:15 საათზე დაბრუნდებიან.კ
სპეციალურად ბუდაპეშტიდან
აქვე მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს თენგო გულბიანსა და შოთი არველაძე, რომლების დახმარებითაც, დაახლოებით 14 დღის მანძილზე თქვენთვის ორი ევროპული ქვეყნიდან, ჯერ სლოვაკეთიდან და შემდეგ, უნგრეთიდან ვიმუშავე