შეიძლებოდა, შედარებით სუსტი გუნდიც შეგვხვედროდა
შეიძლებოდა, შედარებით სუსტი გუნდიც შეგვხვედროდა
22.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

17 ივნისს, ვიდრე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მოთამაშე იბერიელები, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო ჯგუფური შეხვედრისთვის, ტრენჩინში, „გასახურებლად" გამოვიდოდნენ მოედანზე, ცნობილი გახდა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში თუ ვის დაუპირისპირდებოდნენ, იმ ვარიანტებიდან, რომელთა სავარაუდო ჩამონათვალი უეფა-მ გამოაქვეყნა: „მალმე" (შვედეთი), „ჟალგირისი" (ლიეტუვა), რფს (ლატვია), კუპს (ფინეთი) და ტნს (უელსი).


„რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია და სავარაუდო მეტოქეებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ვინც იყო ის შეგვხდა. შეიძლებოდა, შედარებით სუსტი გუნდიც შეგვხვედროდა, მაგრამ რას ვიზამთ? ასე გამოვიდა. მწვრთნელის გადმოსახედიდან, ჩვენი გუნდი უფრო მეტ გაძლიერებას მოითხოვდა. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ ჯერჯერობით, თითქმის იმავე გუნდით ვხვდებით, რაც ვიყავით სეზონზე. მჯერა ამ ბიჭების და ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაღაც შედეგი გვქონდეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში, უკვე წილისყრის დასრულების შემდეგ, „იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე.


წილისყრამ კი, ქართულ გუნდს მეტოქედ „მალმე" არგუნა. წინასწარი მონაცემებით, ლევან კორღალიძის გუნდი 2025 წლის 8/9 და 15/16 ივლისს ჩაატარებს. ოფიციალურად, თარიღი ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება. მანამდე კი, ცნობილია, რომ ქართული გუნდი პირველ შეხვედრას სახლში გამართავს. თუკი, „იბერია 1999"-ი მოახერხებს მომდევნო ეტაპზე გასვლას, მისი მეტოქე, რფს-„ლევადიას" შორის გამარჯვებული იქნება.


აღნიშნული სტარტებისთვის და არა მხოლოდ მისთვის, „იბერია 1999"-მა გაძლიერება დაიწყო. გუნდმა, 24 წლის კოტდი ვარის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი არმელ ზოჰური დაიმატა, რომელიც ბოლოს, ტირასპოლის „შერიფში" ასპარეზობდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპის 10 მატჩშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. „შერიფში", მის ანგარიშზე, 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.


იბერიელების სოციალური წყაროები კიდევ ერთ ახალწვეულზე ავრცელებენ ინფორმაციას -  ანეს რუშევიჩი, 28 წლის სერბი ცენტრ-ფორვარდია, რომელიც თბილისურ კლუიბს „რაბოტნიჩიდან" შეუერთდა. ფეხბურთელმა გასულ სეზონზე ბოსნიის ჩემპიონობაც იზეიმა, მანამდე კი, „ბატე ბორისოვთან" ერთად ბელარუსიის ჩემპიონი და ბელარუსიის თასის მფლობელიც გახდა.


ჩვენი ინფორმაციით, კლუბიდან არის გადინებაც, თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით. მანამდე კი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, მოგეხსენებათ, ამ დღეებში, ბულგარეთში იმყოფებოდა შეკრებაზე, სადაც ორჯერადი ვარჯიშების გარდა, ორი სპარინგიც ჰქონდა დაგეგმილი.


18 ივნისს კორღალიძის გუნდი ალბანურ „ეგნატიას" დაუპირისპირდა და ფრედ, 2-2 ითამაშა. იბერიელთაგან გოლები, წამალაშვილმა და ქვარცხავამ გაიტანეს. 21 ივნისს კი, კოსოვოს „მალიშევას", დადიანისა და გოშთელიანის გოლებით, 1-2 მოუგეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ მალე, „იბერია 1999" მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სუპერ თასში, რომელიც ოთხთა ტურნირის ფორმატში ჩატარდება და მასში, გორის „დილა", ქუთაისის „ტორპედო" და „სპაერი" მიიღებენ.