„ლანჩხუთი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს 2 აგვისტოდან დაიწყებს
„ლანჩხუთი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს 2 აგვისტოდან დაიწყებს
24.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. გათამაშებაში წელს მონაწილეობას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კლუბი განთესილ კლუბებს შორის მოხვდა (21 კლუბს შორის 12 განთესილი და 9 განუთესავი კლუბი იყო) და ამასთან, რეიტინგით მე-4 ნომრად, ჩვენი გუნდი პირველ შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპზე, შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობით ისარგებლებს.


„ლანჩხუთი", რომელიც წილისყრის შემდეგ 3-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, პირდაპირ, ჯგუფური საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის ფინალში კოსოვოს ,,მიტროვიცას" და ჩრდილო ირლანდიურ ,,კლიფტონვილ ლედის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჩვენი გოგონები, ჯგუფის გადამწყვეტ თამაშს, 2 აგვისტოს გამართავს. მინი-ტურნირი კი, კოსოვოში გაიმართება.


საერთო ჯამში, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზემოთაღნიშნული 21 კლუბი 6 ჯგუფში გადანაწილდა, რომელთა შორის პირველი სამი ჯგუფი ოთხი გუნდისგან დაკომპლექტდა, დანარჩენი სამში კი, 3-3 გაარკვევენ ჯგუფის გამარჯვებულს.


ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შესაბამისად, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 6 ჯგუფში გამარჯვებული გუნდები მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებენ და უკვე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში, კვლავ მინი ტურნირების ფორმატში გააგრძელებენ ასპარეზობას. პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ქართული ქალთა ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობ უკრაინულ „ვორსკლა პოლტავას" 27 აგვისტოს დაუპირისპირდება. სხვათა შორის გიორგი ჩხაიძის გუნდი „ვორსკლას" 2022 წელს შეხვდა და დიდი ანგარიშით 5-0 დამარცხდა.


ამავე დღეს, მე-5 ჯგუფის, კიდევ ერთი 1/2 ფინალი გაიმართება და ლიეტუვას „გინტრა", რუმინულ „ფარულ კონსტანტას" დაუპირისპირდება. წყვილებში გამარჯვებულები კი, ფინალს ითამაშებენ და გამარჯვების შემთხვევაში, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავლენ.


ერთი საინტერესო მომენტი, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მინი-ტურნირების ფინალისტი გუნდები, რომლებიც დამარცხდებიან, ასპარეზობას უეფა-ს ქალთა ახალ ტურნირზე, უეფა-ს ქალთა ევროპა თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებენ. რაც შეეხება მინი-ტურნირების მესამე ადგილოსან გუნდებს, ისინი უეფა-ს ქალთა ევროპა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვებიან.


ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მინი-ტურნირში დაიწყებს ასპარეზობას ქართველი ფეხბურთელი ქალის, კესო გაბელიას გუნდი „ბიიკ-შინკენტი" (კოეფიციენტის შესაბამისად), რომელიც 27 აგვისტოს პოლონურ „კატოვიცეს" დაუპირისპირდება.