
ფინანსური პრობლემების გამო ჟორჟი მიქაუტაძის „ლიონი" უეფა-ს ევროპა ლიგის ნაცვლად, შესაძლოა საფრანგეთის მეორე ლიგაში აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის ყველა წინაპირობა გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ცნობილი გახდა კლუბის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით „ლიონმაც" დაადასტურა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, აღნიშნული სანქცია მხოლოდ, ფრანგულ ჩემპიონატზე იმოქმედებს თუ, DNCG-ის გადაწყვეტილება, ცნობილი ფრანგული კლუბის ევროპულ პერსპექტივაზეც იქონიებს გავლენას.
ამასობაში, Olympique Lyonnais ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ადასტურებს მათ წინააღმდეგ DNCG-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ცნობს მას და მის გასაჩივრებას შეეცდება.
„ბოლო დროს ჩვენ, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით DNCG-სთან, ვაკმაყოფილებდით მათ ყველა მოთხოვნას ფულად ინვესტიციებთან და სააქციონერო კაპიტალთან დაკავშირებით, რომელიც აღემატებოდა მოთხოვნილ თანხებს. აქციონერების შენატანებისა და Crystal Palace-ის გაყიდვების წყალობით, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა და ამ მომენტში საჭიროზე მეტი რესურსი გვაქვს 2025-26 წლების სეზონისთვის.
ასეთი რაოდენობის ქეშის ლიკვიდურობისა და სპორტული მიღწევების ფონზე, რომელთა წყალობითაც ორი წლის მანძილზე ჩვენ წარმატებულად ვიასპარეზეთ ევროტურნირებზე, გულწრფელად არ გვესმის, როგორ შეიძლება ერთი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, ასეთი წარმატებული ფრანგული კლუბის დაქვეითება. ჩვენი აპელაციის წყალობით, დავადასტურებთ ჩვენს ფულად შემოსავლებს, რომლებიც საჭიროა რათა Olympique Lyonnais-მა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნოს", - წერს „ლიონის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
ჩვენ კი, ბუნებრივია ჩვენი გვადარდებს და გვტკივა - რა ბედი ელის ჟორჟ მიქაუტაძეს, რომლის შეძენის მსურველი კლუბებიც არიან, თუმცა, ფრანგულ კლუბთან ქართველს 2028 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და რომლის შემადგენლობაშიც, შარშან გადასვლის შემდეგ ჩატარებულ 48 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.