
2 ივლისს, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის ფინალში გორის „დილა", „სპაერს" დაუპირისპირდება. შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც ჩანს, „სპაერი" მას შემდეგ, რაც 2024 წელს საქართველოს თასის ფინალში, პენალტების სერიაში, „დინამო თბილისი" დაამარცხა, საქართველოს დავით ყიფიანის თასი მოიგო და აქედან გამომდინარე, უეფა-ს ევროტურნირების მონაწილე მეოთხე გუნდი გახდა, საქართველოს სუპერ თასზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. საქართველოს სუპერ თასის 1/2 ფინალში კი, საქართველოს ლიგა 2-ში მოთამაშე გუნდმა, რომელიც დიდი ალბათობით, წელს ძლიერთა შორის გადმოსასვლელადაც იბრძოლებს, პენალტების სერიაში, ამჯერად ქუთაისის „ტორპედო" დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე, ფრედ, 0-0 დასრულდა. ტურნირის დებულების შესაბამისად კი, ამ შემთხვევაში გამარჯვებულს, პირდაპირ 11-მეტრიანების სერია ავლენს. პენალტების სერია ლიგა 2-ის წარმომადგენელმა დაწყო. პირველი 11-მეტრიანი კი, ქუთაისელებმა გააცუდეს. პენალტების სერიის გახანგრძლივება, გამოცდილ საბა კვერველიას შეეძლო, თუმცა, სწორედ მის გაცუდებული პენალტი გამოდგა გადამწყვეტი. „სპაერმა" 4-3 მოიგო და 2 ივლისს, კიდევ ერთი სენსაციის „გამოცხობას" შეეცდება.
რაც შეეხება „ტორპედოს" მის რიგებში დღეს სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ლადო მამუჩაშვილმა, რომელმაც გიორგი კოხრეიძე შეცვალა. პირველი 1/2 ფინალური წყვილის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც შეხვედრის არბიტრი იძულებული იყო ფეხბურთელი გაეძევებინა - ორი ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად გაწითლდა ქუთაისელთა რიგებიდან ერიკ პიმენტელი, რომელიც მესამე ადგილისთვის შეხვედრას გამოტოვებს.
მესამე ადგილისთვის კი, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 1 ივლისს, 20:00 საათზე „იბერია 1999" და „ტორპედო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
"სპაერის" ფოტო