
„დაუმარცხებელმა ქართველმა მატადორმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ბრუტალურად დაანოკაუტა და მსუბუქი წონის მეფე გახდა", - დღეს დილიდან ქართული სპორტის ქომაგების სოციალური ქსელის მთავარი გზავნილები სწორედ, ასეთი ხასიათის იყო. და ეს ამონარიდიც, სწორედ რიგითი მოქალაქის „კედლიდან" არის აღებული. ბრძოლას, რომელის მოლოდინშიც თითქმის მთელმა საქართველომ გაათენა, მართალია, დაანონსებულ დროსთან შედარებით ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ღამენათევ საქართველოს კიდევ ერთი სიხარული მოგჰგვარა.
„თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, იმიტომ, რომ ეს უკვე გავაკეთე და ყველაფერი უკვე წარსულშია" - ამბობს თოფურია ბრძოლის დასრულების შემდეგ ოფიციალურ პრეს-კონფერენციაზე და დასძენს, რომ დღევანდელ კომბინაციასთან შედარებით (რის წყალობითაც დღევანდელი ბრძოლა მოიგო), ბევრად უკეთესი კომბინაციებიც აქვს, თუმცა, მათ სამომავლოდ შემოინახავს.
![]() |
![]() |
ქართველმა მებრძოლმა კარიერის მე-17 ბრძოლა, აქტიურად დაიწყო და დასაწყისში, მოწინააღმდეგეს, რამდენიმე დარტყმაც გაუტარა, თუმცა, მალევე, ყველაფერი თოფურიას სცენარით წარიმართა. ილიამ, ლას ვეგასში, T MOBILE არენაზე მოსულ გულშემატკივარს, UFC-ს მსუბუქი წონის (70 კგ) დაპირისპირების საცქერლად მოსულს, ნაწილს სიხარულის, მეორე ნაწილს კი, გულისტკივილის ემოციების გამოსახატავად, სულ რაღაც 2 წუთი და 27 წამი ალოდინა და ნოკაუტით, მორიგი გამარჯვება იზეიმა.
„პირველ რიგში მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო. ყველაფერი, რაც მაქვს, ყველაფერი, რაც ვარ და ის ყველაფერი, რაც ვიქნები სწორედ მისი დამსახურებაა. მე შერეული ორთაბრძოლების ახალი თაობის სახე ვარ. ეს არის თამაშის მომდევნო დონე. მოვიგე ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა: ბევრი ჯაბი, მარჯვენა ხელით დარტყმა, მარცხენა ჰუკი და ბუმ - მისი ნათურები გამორთული იყო", - ამბობს ილია თოფურია ბრძოლის დასრულების შემდეგ.
ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 17 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათ შორის ზედიზედ 9 UFC-ში. თოფურია, ახლა უკვე UFC-ს ჩემპიონი ორ წონაშია და აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი შედეგი მხოლოდ 10 მებრძოლს აქვს დაფიქსირებული. ამას გარდა, ილია თოფურია გახდა პირველი ქართველი, ვინც UFC-ს ქამარი 2 წონაში მოიგო.
![]() |
![]() |
„მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. ფაქტია, რომ ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ. ჩემს გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, დღეს გამარჯვებას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება, ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. ჩარლზ ოლივეირასთან დღევანდელი ბრძოლა, ცოტა ემოციურად რთული იყო, რადგან ის, მართლა კარგი ადამიანია. დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და მოგეფერებით ყველას", - ამბობს თოფურია.
ფოტო: © UFC Europe