
დღეს სკოპიეში ევროპის ჭაბუკთა პირველობა დასრულდა ჯუდოში - Millennium Team European Cadet Championships, რომელშიც ქართველი ჯუდოკებიც ასპარეზობდნენ და საკმაოდ წარმატებულადაც. სამი დღის მანძილზე 26-28 ივნისის ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ქართველი ჯუდოკების წარმატება რამდენიმე დღით ადრე, ბუდაპეშტში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის „გადმოძახილი" იყო, რადგან დიდი ნაკრების მომავალმა, ჭაბუკთა პირველობაზე გადაწყვიტა, ქართველთა დროშა კვლავ, თვალშისაცემ ადგილას ყოფილიყო. ქეთი რობაქიძე და გიორგი მუმლაძემ, საქართველოს ჰიმნი ერთ დღეს ორჯერ ააჟღერეს.
„არ ვიცი, არ ვიცი... მიჭირს გავაცნობიერო რა ხდება ჩემს თავს, რადგან თუკი, ადრე ეს იყო ჩემი ოცნება, ახლა უკვე რეალობაა. მიჭირს დაჯერება. ახლა, მინდა ვნახო ჩემი მწვრთნელები, მშობლები, ქართველი ხალხი. ისინი, ყოველთვის მხარში მიდგანან, ყოველ დღე, ყოველ ვარჯიშზე. ისინი მაძლევენ მოტივაციას და ამიტომაც ვარ აქ. ამიტომ გავხდი დღეს ჩემპიონი და ეს ბოლო არ არის.
მალე მსოფლიო ჩემპიონატია და მე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქაც გავხდე ჩემპიონი. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ წარმატებაზე, გავხდე მსოფლიო და ოლიმპიურო ჩემპიონი. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, ყველაფერს, ჩემი ხალხისთვის ვაკეთებ. ისინი განსაკუთრებულები არიან. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა, ამ ემოციებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ.
ფინალში, დასაწყისში ძალიან ემოციური ვიყავი, რადგან იმ გოგომ პირველი დამაგდო და ცოტა ავნერვიულდი. თან სწრაფად აიღო ქულა. მერე საკუთარ თავს ვუთხარი, „ქეთი, არ დანებდე, ყველაფერი შენზე დამოკიდებული. შეგიძლია. ყველაფერის შენს სასარგებლოდ იქნება. თავიდან, როდესაც ურანაგე გამიკეთა, თავი უხერხულად მქონდა, მაგრამ მე ოუჩი გავუკეთე და ეს იპონი იყო! როდესაც მსაჯმა აჩვენა იპონი, ჩემი თვალები ცრემლით აივსო. საოცარი იყო. ძალიან რთული იყო. ის გოგო, მომავალი ჩემპიონია. მისი გულშემატკივარი ვიქნები, საკმაოდ ძლიერია", - ასეთი შინაარსის კომენტარს გააკეთებს ქეთი რობაქიძე, ევროპის ჩემპიონი -70კგ წონით კატეგორიაში ჭაბუკებს შორის.
„ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი ყველას, მთელს გუნდს, ყველა მხარდამჭერს. ძალიან რთული იყო. ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა და როდესაც მოწინააღმდეგემ იუკოზე დამაგდო, თავს ვუთხარი: „მე ვარ მებრძოლი და ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. გამომივიდა და ამ გამარჯვებას ჩემს ძმის შვილს ვუძღვნი. მადლობა ყველას", - ამბობს, გიორგი მუმლაძე, ევროპის ჩემპიონი -81 კგ წონით კატეგორიაში ჭაბუკთა შორის.
საერთო ჯამში ქართველმა ჭაბუკებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში, 7 მედალი მოიგეს. უივე აღნიშნული ორი ოქროს გარდა ჩვენი გუნდის ნადავლი ასე გამოიყურება: ვერცხლის მედალი მოიპოვა ცოტნე იჩქიტიძემ (-60 კგ), ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ვასილ გამეზარდაშვილმა (-73კგ), გიორგი ქარჩაიძემ და იოანე აბალაკიმ (ორივე +90კგ), ასევე ნანა გულბიანმა (-63კგ). მედლებამდე ცოტა დააკლდათ გიორგი ზურაბაშვილს (-90კგ), სალომე მერკვილაძეს (-48კგ), ბარბარე გელაშვილს (+70 კგ) და ამავე წონაში რეპეშაჟიდან შეწყვიტა ასპარეზობა ნონა კვარაცხელიამ. ხვალ ჩვენი გუნდი, შერეულ გუნდურ ტურნირზე იასპარეზებს.