
შაბათ-კვირას ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-14 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში გათამაშების ლიდერმა, თბილისის „ნიკე-ლუსომ", რომელმაც, თბილისში, ილია კოკაიას თბილისის ზღვის ბაზაზე გასვლითი შეხვედრა გამართა „ვერეს" წინააღმდეგ და 0-6 გაიმარჯვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბურთი სტუმრებმა „დაიჭირეს" და მთელი შეხვედრაც გააკონტროლეს, თუმცა, „ვერემ" ძლიერი მეტოქისგან პირველი გოლი, მხოლოდ, 26-ე წუთზე და ისიც 11-მეტრიანით გაუშვა. პენალტი ნათია დანელიამ გაიტანა. მეორე გოლი, ვერელებმა 41-ე წუთზე გაუშვეს. ამჯერად, თეონა ბაქრაძემ გაიტანა და პირად აქტივშიც 23-ე გოლი ჩაიწერა. თუმცა, ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, სამი გოლი ირინა ხაბურზანიამ (43', 46', 52') გაიტანა. მეორე ტაიმში გაიტანა ლიზი მწყერაშვილმაც (48'). 14 ტურის შემდეგ, „ნიკე-ლუსო" კვლავ 2 ქულით უსწრებს, ჩემპიონობისთვის უშუალო კონკურენტს „ლანჩხუთს".
თავის მხრივ, „ლანჩხუთმაც" მოიგო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში დიდი ანგარიშით, 0-11 დაამარცხა, ჩემპიონატის აუტსაიდერი „ნორჩი დინამო". ანგარიშის მსაჯის სასტვენთან ერთად, გამოცდილმა ლელუ ჭიჭინაძემ გახსნა, რომელმაც საბოლოოდ პოკერი (2', 39', 50', 83') შეასრულა. ჭიჭინაძეზე ერთით მეტი გოლის გატანა მოახერხა ჩისომ სოფია ონიევუენიმ (7', 8' ,19', 33', 85'), რომელიც გურულთა კლუბს „სამეგრელოდან" შემოუერთდა. „ლანჩხუთელთა" მაისურით გაიტანა ასევე, „სამეგრელოდან" გადმოსულმა მარია მურილიომ (37'). ტაიმში კი, რომელიც სტუმრებმა 0-8 მოიგეს, ბოლო გოლი ანა წულაიამ (45') გაიტანა.
თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, მოულოდნელი მარცხი განიცადა თბილისის „კვარტალმა", რომელიც „ბათუმს" დაუპირისპირდა. ანგარიში, მე-8 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი, გაბრიელმა კამარგომ გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმში 55-ე წუთზე, დუბლიც გაიფორმა. ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, სტუმრები მარიამ მოდრეკილაძის გოლის შემდეგ, შესვენებაზე, კომფორტული უპირატესობით, 0-2 გავიდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე, გამოცდილი ნინო პასიკაშვილის მიერ გაცუდებული 11-მეტრიანის შემდეგ კი, მეტი თავდაჯერება მიპოვეს და კიდევ სამი გოლი გაიტანეს. კამარგოს გარდა, 57-ე წუთზე თათია შაინიძემ, 81-ზე კი, ეკატერინე მალიშევამ აიღეს თბილისელთა კარი. „ბათუმმა" 0-5 მოიგო და სატურნირო ცხრილში, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ზედა ოთხეულსაც მიუახლოვდა.
ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა. აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, „რაჭა 2020"-ისა და თბილისის „ელიტას" დაპირისპირება ფრედ, მშრალი ანგარიშით, 0-0 დასრულდა.
ამ ტურის ბოლო შეხვედრა, „სამეგრელოსა" და „მართვეს" შრის 2 ივლისს არის ჩანიშნული.
რაც შეეხება მე-15 ტურს, ის 6 ივლისს გაიმართება.
სფფ-ის ფოტო