
„ერთადერთი შანსი ჯგუფიდან გასვლის, შესაძლოა სწორედ ხვალინდელი თამაში იყო" - ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ დღეს, ტრადიციულ, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა. დღეს „დინამო არენაზე" ახალი საკვალიფიკაციო ციკლის წინ, ტრადიციული ფუსფუსი იყო.
ჩვენს სოციალურ ქსელში ალბათ, მიადევნეთ, თვალი თუ როგორ განვითარდა მოვლენები დღეს თბილისში, „დინამო არენაზე" სადაც ქართულ და თურქულ მედიასთან ჯერ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და კაპიტანი გურამ კაშია, შემდეგ კი, თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მანტელა და მერიჰ დემირალი მოვიდნენ თამაშამდე სალაპარაკოდ.
„საქართველოს ნაკრები, ეს არის გუნდი, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ მოუმატა და რომელსაც პატივს ვცემთ. მათ ჰყავთ გუნდი, რომელმაც ჩვენს მსგავსად ევროპის ჩემპიონატზე ხასიათი აჩვენა. ვიცი, რომ ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, კარგად ვივარჯიშეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, სასურველი შედეგის მისაღწევად", - ამბობს პრეს-კონფერენციაზე მონტელა, რომელიც ისევე, როგორც დემირალი და მოვლენებს წინ გადავასწრებ და გურამ კაშიაც, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სწორედ, ხვალინდელი თამაში იყოს ჯგუფიდან „გამსვლელი". ასე, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისთვის აპირებს 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე" გასვლას.
„მოსამზადებლად მცირე დრო იყო, მაგრამ დროის სიმცირე, როდესაც ყველა გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია პრობლემა არაა. ვფიქრობ ტაქტიკაზე მუშაობა ყოველთვის რთულია, მითუმეტეს, როცა ცოტა დროა, მაგრამ გარკვეული სამუშაო ჩავატარეთ, განსხვავებულ დეტალებზე ვიმუშავეთ.
ევროპის ჩემპიონატისგან, განსხვავებული ტურნირია, ორივე გუნდში არიან სხვა მოთამაშეები. ყველა თამაში, არის ახალი ამბავი და ჩვენ ვეცდებით ხვალ კარგი ამბავი დავწეროთ. ხვალ ბიჭები ინტენსიური თამაშისთვის იქნებიან მზად. რაც შეეხება ახალწვეულებს, მჯერა, ხვალ თუ არა, მომავალში გამოჩნდებიან გუნდის შემადგენლობაში. მე მათით კმაყოფილი ვარ", - ამბობს ვილი სანიოლი.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, რომელშიც საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები დაწყვილდნენ, არის ესპანეთის ნაკრები, რომელიც ჯგუფში უკონკურენტოდ არის მიჩნეული. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ჯგუფიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მეორე საგზურისთვის, სწორედ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გაიმართება ბრძოლა. თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ალბათ, ის უფრო საინტერესო იქნება, თუ სხვა სცენარი განვითარდება და ჯგუფიდან, სწორედ ხვალინდელი მეტოქეები გავლენ. თუმცა, ხალხი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო...
„სანაკრებო შეკრებებზე დროში ყოველთვის შეზღუდულები ვართ. გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო. მნიშვნელოვან დეტალებზე ვიმუშავეთ და ეს თავდაჯერებას გვმატებს. მზადება ძალიან კარგად მიდის. თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატში კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ მაშინ სამი გოლი გავუშვით. ამას არ ვიმსახურებდით. ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტი გამოცდილებით, რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშებთ. ხვალინდელი თამაში საკუთარ კედლებში გვაქვს და ვეცდებით, რომ ქულების ჩვენს გულშემატკივართან ერთად ავიღოთ"- ამბობს გურამ კაშია.
ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ილაპარაკებს გუნდის დანაკლისზეც, „ჩაკვეზე" და „კიტეზე", რომელიც ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ საქართველოს ნაკრები, ხვალინდელ შეხვედრაში ორი ლიდერის გარეშე და ალბათ, სწორედ ამ ლიდერებისთვის შეეძლება მაქსიმუმის გაკეთება. „კიტეს" გარეშე სხვანაირი გუნდი ვართ, მაგრამ იმედია, უკეთესად მომზადებულები ვიქნებით და ეს შედეგზე არ აისახებაო, დასძენს კაშია.
„ვიცით, რომ საქართველოსთან ევროპის ჩემპიონატზე კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. თუმცა, ამის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მოთამაშეები ორივე გუნდში. ჩვენი გუნდი ყოველ მხრივ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ ხვალინდელი თამაშისთვის. ნაკრებში თამაშით ბედნიერები ვართ. ერთმანეთის კარგად გვესმის. რა თქმა უნდა ჯერ შესაძლოა არ ვართ მაქსიმალურ ფორმაში, მაგრამ ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ. თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ და ღმერთმა ქნას ამას მოვახერხებთ. კი, კვარაცხელია ნამდვილად, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მის გარდა საქართველოში ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა, მათ ჩვენ არ ვუფრთხით", - ამბობს მერიჰ დემირალი.
სხვათა შორის, კვარაცხელიას თაობაზე პასუხი ვილი სანიოლსაც მოუწია, თუმცა, ალბათ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია, ამ თემის გარეშეც არ იქნებოდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა სეზონის სტარტზე, არ ჰქონდა ბევრი სათამაშო დრო. თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან კარგი თამაში ექნება. ის ჩვენი შეტევის ლიდერია და მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში იყოს. ჩვენ ის გვჭირდება", - ამბობს სანიოლი.
ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ თურქეთის ნაკრებმა, მატჩის წინა ვარჯიში, რომელსაც გუნდები ძირითადად, მასპინძელ სტადიონზე მართავენ, სტამბოლში, დილით ჩაატარა და თბილისში, მხოლოდ ამის შემდეგ გამოფრინდა ჩარტერული რეისით. რიგმა გამოცემებმა, ძირითადად ქართულებმა, თურქების ამ გადაწყვეტილებას თავისებური ინტერპრეტაცია მოუძებნეს, მაგალითად, დაწერეს, რომ სტუმრებმა „დინამო არენის" საფარი დაიწუნეს და ამიტომ სახლში ვარჯიში არჩიესო. რა თქმა უნდა, ეს სრული ტყუილია. ამას გარდა, ალბათ, ვინც გერმანიაში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს დაესწრო ემახსოვრება, რომ თურქებმა არც მაშინ ივარჯიშეს მასპინძელ სტადიონზე. სხვათა შორის, შორს რომ არ წავიდეთ, 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, არც რამაზ სვანაძის გუნდმა ივარჯიშა ტრენჩინში...
ალბათ, ზემოთხსენებული ჭორიდან გამოდინარე, მონტელას სტამბოლში გამართული ვარჯიშის მიზეზიც ჰკითხეს, რაზეც იტალიელმა უპასუხა, რომ ვარჯიშის დროები არ არის განსაზღვრული წინასწარ, როგორც უკეთესი იყო გუნდისთვის, ისე ჩავატარეთო... კიდევ ერთი თემა, რომელიც მედიას აინტერესებდა არდა გიულერის „ადგილი" იყო ხვალინდელ გუნდში. რეალურად, სწორედ თურქებიდან არდა და ჩვენგან „კვარა" იყო ის ორი გვარი, რომელზეც მატჩის წინა დღეს, „დინამო არენის" მედია ზონაში ქართველმა და თურქმა ჟურნალისტებმა გაამახვილეს ყურადღება.
„ამ წლის მანძილზე, არდა სხვადასხვა პოზიციაზე ვიხილე. ის არის მოთამაშე, რომელიც მხოლოდ ნახევარდაცვაში თამაშით არ გამოირჩევა. ის ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე ვნახეთ და მას, სხვადსხვა ზონის კარგი ხედვა აქვს. თუ რა პოზიციაზეა კლუბში, მისი თანაგუნდელების უნარებისგანაც გამომდინარეობს ხოლმე. სწორედ ამიტომ, ის მრავალფეროვანია", - ამბობს იტალიელი.
სხვათა შორის, თურქეთის ნაკრები „დინამო არენაზე" პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა, სტადიონი დაათვალიერა, გუნდური ფოტო გადაიღო და შემდეგ, სასტუმროში წავიდა: „ვიცით, რომ ატმოსფერო დაძაბული იქნება, რადგან სტუმრად ვთამაშობთ. ჩვენთვის ხვალინდელი მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები არ არის მარტივი მოთამაშე და შესაძლოა, საქართველოსთან თამაშმა ჯგუფის ბედი გადაწყვიტოს", - ამბობს მონტელა.
აქვე ქართველ გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ მსოფლიო შესარჩევი ეტაპის საპასუხო მატჩს, საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს, თურქეთის ქალა ქოჯაელში გამართავს, ასე, რომ ხვალ ამ „დუელის" მხოლოდ პირველი რაუნდია და ორი შეხვედრის ჯამში, გამარჯვებულიც ის იქნება, ვინც სტუმარს მასპინძელივით მოეპყრობა და გონიერებით გაიმარჯვებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. ქართული გუნდის საქომაგოდ, ქომაგების თხოვნით, ჩაიცვი თეთრი.