ორ დღეში ქალთა ლიგა რეაბილიტირებული ჩელე არენიდან განახლდება
ორ დღეში ქალთა ლიგა რეაბილიტირებული ჩელე არენიდან განახლდება
04.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ქალთა ლიგა 6 სექტემბერს განახლდება. მოგეხსენებათ, რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში, პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდი - „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი" და „ელიტა", 2025 წლის მედლებისთვის ბრძოლაში 13 სექტემბრიდან  ჩაებმება. აი, 6 სექტემბრიდან კი, რეგულარული ჩემპიონატის ქვედა ექვსეული, ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.


ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის („ბათუმი", „სამეგრელო", „რაჭა 2020", „ვერე", „მართვე", „ნორჩი დინამო") თამაშები 6 სექტემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი, 2026 წლის სეზონიდან, ავტომატურად ქალთა ლიგა 2-ში გადაინაცვლებს. ბოლოდან მეორე ადგილზე გასული კი, ფლეი-აუთში ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება. გათამაშების ამ ეტაპზე, ისევე როგორც ზედა ჯგუფში, აქაც, გუნდებს სატურნირო ცხრილში, მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადმოჰყვათ.


ქალთა ლიგის მეორე ეტაპისთვის ქვედა ჯგუფის სატურნირო ცხრილს, 23 ქულით „ბათუმი" ლიდერობს. ცხრილში ბოლო ადგილზე კი, ქალთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბინადარი „ნორჩი დინამოა" 0 ქულით.  ქვედა ჯგუფის გახსნით ტურში, ეს ორი გუნდი, ქობულეთში, რეაბილიტირებულ ჩელე არენაზე ითამაშებენ.


ქვედა ჯგუფში 10 ტური გაიმართება და გუნდები, სახლი- გასვლის პრინციპით ითამაშებენ. გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.  ქვედა ჯგუფის თამაშები 6 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე ჩატარდება:


„მართვე" - „ვერე" / სფფ-ის ქუთაისის საფეხბურთო ცენტრი

„ბათუმი" - „ნორჩი დინამო" / ქობულეთი, ჩელე არენა

„სამეგრელო" - „რაჭა 2020" / ჩხოროწყუ, ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონი



ფოტო TSFF.Ge-ს 2025 წლის არქივიდან