თურქული სპორტისთვის მნიშვნელოვანი კვირა, ქონიაში ესპანეთთან მატჩით გაგრძელდება
თურქული სპორტისთვის მნიშვნელოვანი კვირა, ქონიაში ესპანეთთან მატჩით გაგრძელდება
04.09.2025
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

„დიახ, თურქული სპორტისთვის მნიშვნელოვანი კვირაა, კალათბურთის ნაკრებმა მოიგო, ასევე, ქალებმაც ფრენბურთში და ვულოცავ, ეს თურქული სპორტისთვის ბედნიერი დღეებია", - იტყვის დღეს „დინამო არენაზე" მედიასთან შეხვედრისას ვინჩენცო მონტელა, თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი წააგო 2-3. წააგო კაცნაკლულ თურქეთის ნაკრებთან, რომელსაც მეორე ტაიმში, არა მხოლოდ სიმცირის გამო აშკარად ვაჯობეთ.  რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, პირველ რიგში, დაეტყო უთამაშებელი ფეხბურთელების სიმრავლე. მატჩის შემდეგ, 10 კაცით დარჩენაზე გაამახვილა ყურადღება მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ვინჩენცო მონტელამ:




„მას შემდეგ, რაც 10 ფეხბურთელით დავრჩით, თამაშის ინერცია ცოტა შეიცვალა, მანამდე დომინანტები ვიყავით, ბევრი მომენტი შევქმენით. დასანანია, რომ ბარიში გაძევეს, რადგან ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ბოლოს ბევრი ვინერვიულეთ, რასაც სიამოვნებით ავირიდებდი თავიდან, მაგრამ ბოლო 30 წუთში დავინახეთ ამ გუნდის სულისკვეთება, რომელიც ბოლომდე გულით იბრძოდა გამარჯვების მოსაპოვებლად.


სამწუხაროა, როდესაც შეკრება ასე ცოტა ხანს გრძელდება, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი კვირა გამოდის. ერთად ყოფნა სასიამოვნოა. ნამდვილად ვამაყობ, არა მხოლოდ ამ ბიჭების მწვრთნელობით, არამედ მათთან ერთად ყოფნით. საქართველოს ნაკრებისთვის, ამ გუნდის ბოლო მატჩებიდან გამომდინარე მოვემზადეთ, რასაც ვაკვირდებოდით, ნახევარმცველები და მცველები ცოტა უკან იყვნენ დაწეულები და შესაბამისად, მოვემზადეთ, არაფერი განსაკუთრებული.


ყველა თამაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. საქართველოს ნაკრებს უნდა მივულოცოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდმა დიდი განვითარება განიცადა. შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი თამაში ჩვენთვის უფრო რთული იყო. ზოგადად, ასეთ ტურნირებზე პირველი მატჩები ყოველთვის რთულია.


ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით, ყოველი მატჩის წინ სხვანაირად ვარჯიში გვიწევს და ტაქტიკის დაგეგმვაც, მეტოქიდან გამომდინარე. მომავალი თამაში, ესპანეთის წინააღმდეგ, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, ევროპის ჩემპიონთან შინ ვითამაშებთ და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ესპანეთის ნაკრები, ძალიან ძლიერი გუნდია და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს იარაღი, რომ მათ პრობლემები შევუქმნათ".


საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირსიპირებაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე მერთ მიულდიურმა გაგვიტანა. 41-ე წუთზე ქერემ არქთიურქოლუმ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე 52-ე წუთზე კი, დუბლი გაიფორმა. 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითა. უამრავი შეჩერების გამო, მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებული დროის ცხრა წუთიდან მე-8 წუთზე კი, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.