
„დინამო არენას" აურამ დღეს საქართველოს ნაკრებს ვერ უშველა. ვილი სანიოლის გუნდი, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის სასტარტო მატჩში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა, 2-3 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი). მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების თავკაცი იტყვის, რომ შეხვედრის ბოლო 30 წუთში მას, ცოტა არ იყოს „შეეშინდა" და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში ბევრი ვარსკვლავი იყო, საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმში, თამაშის პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელების ფონზეც კი, ნამდვილად ჰქონდა მატჩის გადარჩენის შანსი და ეს, იმიტომ არა, რომ მოწინააღმდეგე 10 კაცით დარჩა. უბრალოდ, საქართველოს ნაკრებმა მივიწყებული ტრადიცია გააცოცხლა და ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ითამაშა.
საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრების შეხვედრაში დღეს წითელ ბარათს ვერც ვილი სანიოლი გადაურჩა. მატჩის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად მოსული ზურა ხიზანიშვილი, ვილის საქციელის ახსნას შეეცადა - „ქოჩორაშვილის მომენტზე, ვილის რეაქცია თავისებურად ჰქონდა, მაგრამ ვერ დავინახე, რომ მსაჯების მიმართ ჰქონოდა რაიმე აგრესია. აფექტში იყო ადამიანი, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, აგრესიული იყო, მაგრამ წითელი ბარათის მგონი დამეთანხმებით, იქ, ნამდვილად არაფერი იყო".
ასეა თუ ისე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს თურქეთთან, საკმაოდ მძიმედ დაწყებული მატჩის დასასრულის თვალის დევნება, ტრიბუნიდან მოუხდა. მოგვიანებით, პრეს-კონფერენციაზე „ხიზანა" ამ გარემოებას, სამწვრთნელო შტაბის მიერ გაკეთებული, თუ არ გაკეთებულ ცვლილებებსაც დაუკავშირებს. მაგალითად იმ მომენტში, როდესაც თურქები 10-ნი დარჩნენ, რატომ არ შემოვიყვანეთ თავდამსხმელი. მაშინ, როდესაც უკვე ქართულმა გუნდმა, თამაშის გადარჩენის სუნი იგრძნო და მეორე ტაიმში, ეს ნამდვილად ასე იყო. თუმცა, 10 კაცით დარჩენილი თურქეთის ნაკრებიც, შეხვედრის ბოლო მონაკვეთში, საქართველოს მსგავსად 5-მცველიან სქემაზე გადავიდა და შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის სივრცეები შეიზღუდა. ამას გარდა, მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი უკვე ტრიბუნაზე იყო და შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებადაც, ბევრი ფიქრის დრო აღარ რჩებოდა.
„გეთანხმებით, რომ წარმატების მიღწევაში 5-მცველიანი ტაქტიკა დაგვეხმარა, მაშინაც სულ გვესმოდა, რომ შეტევას აკლდებოდა ერთი კაცი. ზოგადად, მოსმენით ყველას ვუსმენთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი იღებს. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანია გვინდოდა. ეს წინა მატჩებმაც გვანახა, ამაზე გვქონდა საუბარი და ოდესღაც უნდა გადავსულიყავით. მივცემ ჩემს თავს უფლებას და ვიტყვი, რომ არ მგონია, შემდეგ მატჩებში ისევ 5-მცველიან ტაქტიკას დავუბრუნდეთ", - ამბობს ზურა ხიზანიშვილი. ოდნავ მოგვიანებით, ხიზანიშვილი დასძენს, რომ „შეტევაში ამ ეტაპზე რა კონტიგენტიც გვყავს, გულიაშვილი, ბუდუ, კვერნაძე, ლობჟანიძე, ვისაც დღეს არ უთამაშია. რა თქმა უნდა, ამ კონტიგენტს დავეყრდნობით, გადაწყვეტილებას ხვალ-ზეგ მივიღებთ, გამომდინარე იქიდან, ბიჭები როგორ იქნებიან ფიზიკურად და სამედიცინო შტაბის პასუხის მიხედვით".
მოდით დავიწყოთ თავიდან - საქართველოს ნაკრებმა დღეს 4-4-2 სქემით დაიწყო თამაში. თემასთან დაკავშირებით, საქართველოს სამწვრთნელო შტაბში მიაჩნიათ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ნაკრებს 4-3-3 სქემაზე მოუწევს „შეჩერება" და ასე იგეგმებოდა თურქებთან მატჩშიც. თუმცა, ბოლო მომენტში კიტეიშვილის ტრავმამ, რომლის მდგომარეობის შესახებაც, დიდი ალბათობით, სფფ-ა ხვალ გააკეთებს ცნობას, ყველაფერი არია.
„კიტეიშვილის ტრავმამდე გეტყვით, რომ 4-3-3-ით თამაშს ვაპირებდით, მაგრამ „კიტე" ბოლო მომენტში გამოგვაკლდა და ამიტომაც, მივიღეთ 4-4-2 სქემა და აქცენტი ორ თავდამსხმელზე გავაკეთეთ. თუმცა, თუ დააკვირდით, პირველივე ტაიმშივე მოვახდინეთ 4-3-3-ზე გადასვლა, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა, თავისი დრო მაინც სჭირდება. გეთანხმებით, რომ „კიტეს" არყოფნამ ძალიან დიდი როლი ითამაშა", - ამბობს ხიზანიშვილი და დასძენს: „რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ორი სხვადასხვა ასაკის მცველი გვყავს: ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე ძალიან პერსპექტიული გოგლიჩიძე, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მეორე სართულზე თამაშში. თუმცა ვიმეორებ, რომ გვინდა 4-მცველიანი ტაქტიკით თამაში გავაგრძელოთ და არც მოიაზრება, რომ ვინც არ უნდა დაგვემატოს დაცვაში, ეს ტაქტიკა შეიცვალოს, ვილის სიტყვებს გეუბნებით. თუმცა, ხვალ და ზეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს".
ასეა თუ ისე, თამაშის პირველმა 20-25 წუთმა, პირადად მე საქართველოს იმ ნაკრების აჩრდილი გამიცოცხლა, რომლის ხილვაც, რაღა დაგიმალოთ და არაფრით მინდა - უთამაშებელი ფეხბურთელები, ელემენტარული შეცდომები, რომელიც გოლებად გარდაისახა, გამოუყენებელი შანსები. რეალურად, თურქებს, პირველ ტაიმში, კარის ჩარჩოში მხოლოდ, ორჯერ ჰქონდათ დარტყმული! და ჩვენ, ორი გოლი მივიღეთ. რა თქმა უნდა აქ, მხოლოდ „მამარდას" კისერზე არაა ცოდვა, რომელსაც რაღა დაგიმალოთ და პირველ ტაიმში, მისი კარის უკან მჯდომს, „შიშიც" კი დამეუფლა, პირველი გოლის შემდეგ, სამ მომენტში გამოსვლაზე ისე შეეშალა და უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ იქ ვერ გაგვიტანეს. ისე, სხვებმაც ბევრი შესცოდეს.
„ფეხბურთელებმა ასეთი დიდი დონის მატჩების სტაბილურად თამაში უნდა ისწავლონ, პირველივე წუთიდან, იმიტომ, რომ გვახსოვს, შარშან ზუსტად ასე დაგვემართა რამდენიმე თამაშში. დღესაც ეს მაგალითი გვაქვს. შეცდომები ინდივიდუალური იყო, არ მინდა, შევეხო, მაგრამ ეს ფაქტია, როდესაც გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ეს აუცილებლად ისახება სათამაშო პროცესში. მამარდაშვილი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მხოლოდ მამარდაშვილზე საუბარი არ არის, სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ გუნდში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთი ფეხბურთელები გვაკლდა, როგორებიც კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეა", - ამბობს ხიზანა.
ის, რომ მიქაუტაძესა და კვარაცხელიას შეზღუდავდნენ, ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის სიახლე არ უნდა ყოფილიყო. რეალურად, თურქებმა დღეს, ორივე „გააქრეს" და ეს მიუხედავად იმისა, რომ „კვარამ" მეორე ტაიმის ბოლო 20-წუთში, როგორც იქნა დარტყმა „გაისწორა" და საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, თურქებს მეორე გოლი გაუტანა. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, დღეს, ყველაზე მეტი ზურიკომ იმუშავა და ის გოლიც, 63-ე წუთზე, ალალია მასზე. რეალურად, სწორედ ზურიკოს მიერ გატანილი გოლი, აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის ის ნიშანი, რომ უნდა გვეთამაშა. მეტობაში დარჩენილებს კი, გაგვეთვალა, რომ ხისტი თამაშის ფონზე, მოწინააღმდეგე, ყველანაირად ეცდებოდა დროც „შეეჭამა" და უფრო, მუხტი დაეგდო, რაც თურქების სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ კარგად მოახერხეს.
თურქებმა ჩახუთულ ამინდში, სტარტზევე ცივი შხაპი გადაგვავლეს - საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირსიპირებაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე მერთ მიულდიურმა გაგვიტანა. 41-ე წუთზე ქერემ არქთიურქოლუმ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე 52-ე წუთზე კი, დუბლი გაიფორმა. შეგვეძლო თუ არა, ქულა მაინც გადაგვერჩინა, ალბათ, უფრო შეგვეძლო და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები, 14 ოქტომბერს ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას, აუცილებლად მოიგებს. თუმცა, ამისთვის ერთი პირობაა აუცილებელი - ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს საკლუბო დონეზე დაუბრუნდეთ ის ფუფუნება, სათამაშო დრო მაქვს მხედველობაში, რაც სანაკრებო სტაბილურობის გარანტია და კიდევ, გყავდეს „კიტე", რომელიც აღიარებს თუ არა ვინმე, ნაკრების ხერხემალია.
და ბოლოს, ისე, თუკი ვილი სიტყვას შეასრულებს და ნელ-ნელა ეროვნულ ნაკრებში უფრო თამამად ჩანერგავს „სვანას რაზმიდან" ბიჭებს, არ იქნება ურიგო.