
დღეს, 6 სექტემბერს, როგორც ჩვენი გვერდი იუწყებოდა (იხილეთ ბმული) საქართველოს ქალთა ლიგა, ქვედა ჯგუფის თამაშებით განახლდა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში, პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდი - „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი" და „ელიტა", 2025 წლის მედლებისთვის ბრძოლაში 13 სექტემბრიდან ჩაებმებიან.
დღეიდან კი, რეგულარული ჩემპიონატის ქვედა ექვსეულმა - „ბათუმი", „სამეგრელო", „რაჭა 2020", „ვერე", „მართვე", „ნორჩი დინამო", ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დაიწყო ბრძოლა, რომელიც 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
ქალთა ლიგის მეორე ეტაპისთვის ქვედა ჯგუფის სატურნირო ცხრილს, პირველ ტურამდე, 23 ქულით „ბათუმი" ლიდერობდა, რომელმაც დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგაც შეინარჩუნა პოზიცია. ცხრილში ბოლო ადგილზე კი, ქალთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბინადარი „ნორჩი დინამოა" 0 ქულით. ქვედა ჯგუფის გახსნით ტურში, ეს ორი გუნდი ერთმანეთს, ქობულეთში, რეაბილიტირებულ ჩელე არენაზე დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 12-1 დასრულდა. ანგარიში, სწრაფი გოლით, მე-2 წუთზე ოლიონა ლიმარიმ (2', 3', 34') გახსნა, მე-3 წუთზე კი, ამ ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე დუბლიც იყო. „ბათუმი" , თათია შაინიძის (7'-პ, 22', 27', 40'), ეკატერინე მალიშევას (12'), ელენე ბოლქვაძის (32', 38') მიერ გატანილი 10 გოლის წყალობით, უკვე პირველი ტაიმის შემდეგ სოლიდურად იგებდა. მეორე ტაიმში მალიშევამ (47') დუბლიც გაფორმა, 54-ე წუთზე კი, ნათია თავართქილაძემ ამ შეხვედრაში ბოლი გოლი გაიტანა. სტუმრებმა, გაშვებულ გოლებს ერთით უპასუხეს, პირველ ტაიმში, მე-20 წუთზე მარიამ ზარიძემ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
დიდი ანგარიში დაფიქსირდა ჩხოროწყუში, სადაც ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე „სამეგრელო", „რაჭა 2020" -თან 0-10 დამარცხდა. სტუმართა გუნდის რიგებიდან გატანილი ათიდან, ცხრა გოლის ავტორი კესო მეტონიძეა (8', 11', 18', 21', 38', 48', 62', 76', 86'), რომელსაც ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ამ ტურის შემდეგ, უკვე 29 გოლი აქვს სათვალავში. ერთი გოლი, „სამეგრელოს" კარში, მე-13 წუთზე, მარიამ ტოროშელიძემ გაიტანა.
დაძაბული ბრძოლა გაიმართა ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ადგილობრივი „მართვე" თბილისის „ვერესთან" ერთბურთიანი სხვაობით, 2-3 დამარცხდა. ანგარიში მე-13 წუთზე ანა ჯანელიძემ გახსნა და ქუთათურები დააწინაურა. თუმცა, სესილი გაბრელიანმა (24') და მარიამ მოდრეკილაძემ (28'), მალევე თბილისური გუნდის სასარგებლოდ გადახარეს სასწორი. მეორე ტაიმის დასაწყისში მანონო საღარაძემ, მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრაც საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა, თუმცა, მე-80 წუთზე, მოდრეკილაძემ, რომელიც ზაფხულის ფანჯრის დროს „ბათუმიდან" კვლავ „ვერში" დაბრუნდა, დუბლი გაიფორმა და თბილისურ გუნდს სატურნირო ცხრილში 3 ქულა შემატა.
ქვედა ჯგუფში, სადაც დღევანდელი ტურის ჩათვლით 10 ტური გაიმართება და გუნდები, სახლი-გასვლის პრინციპით ითამაშებენ. ბოლო ადგილზე გასული გუნდი, 2026 წლის სეზონიდან, ავტომატურად ქალთა ლიგა 2-ში გადაინაცვლებს. ბოლოდან მეორე ადგილზე გასული კი, ფლეი-აუთში ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება. გათამაშების ამ ეტაპზე, ისევე როგორც ზედა ჯგუფში, აქაც, გუნდებს სატურნირო ცხრილში, მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადმოჰყვათ.
გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.
ქვედა ჯგუფის მომდევნო მე-2 ტური 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ქსკ "ბათუმის" ფოტო