ოთხი მცველით მეტოქისთვის უფრო საშიშები ვართ
ოთხი მცველით მეტოქისთვის უფრო საშიშები ვართ
07.09.2025
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, ბულგარეთის ნაკრები 3-0 დაამარცხა. მატჩის შემდგომ, შერეულ ზონაში, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში, ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ თურქეთთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, მობილიზება და გამარჯვება, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. დღევანდელ შეხვედრაში, ვილი სანიოლმა, რომელმაც დისციპლინარული სასჯელის გამო შეხვედრას ტრიბუნიდან ხელმძღვანელობდა თურქეთთან შეხვედრისგან განსხვავებით რიგი ცვლილებები გააკეთა, თუმცა, გუნდმა კვლავ 4 მცველით ითამაშა. დღეს, განსხვავებული იყო ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს გურამ კაშიას არყოფნაში, კაპიტნად ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდა.



ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გვჭირდებოდა ეს მოგება, უნდა დავაგროვოთ ქულები. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივიდა. დღის დაგვირგვინება იყო კალათბურთელთა ნაკრების მოგება და აქედან ვულოცავ და იმედია, კიდევ წინ და წინ წავლენ.


დადებითად შევაფასებდი თამაშს, საწყისი 5 წუთის გარდა, მომენტი შეგვიქმნეს, რომელიც გოლად რომ გარდაესახათ, შეიძლებოდა, სხვანაირად დასრულებულიყო მატჩი. დანარჩენი ჩემი აზრით, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ. შეიძლებოდა მეტი გოლის გატანა და იყო რაღაცები, რაც უკეთ უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და არის საშუალება, რომ ოთხი მცველით ვითამაშოთ და ჩემი აზრით, მეტოქეებისთვის ასე უფრო საშიშები ვიქნებით, ვიდრე ხუთი მცველით".



ზურიკო დავითაშვილი

„კარგი გოლები გავიტანეთ და რაც გვინდოდა, თურქეთის მატჩის შემდეგ, ყველაფერი გავაკეთეთ. მადლობა გულშემატკივარს, ძალიან ძლიერი წვიმა იყო და ყველა ტრიბუნაზე იჯდა. კვარა როგორი კაპიტანია? (ეღიმება) კვარა, ძალიან მაგარი კაპიტანია".


ნიკა გაგნიძე

„დინამო არენაზე" გოლი გავიტანე, მაგრამ ეს მთავარი არ იყო. მთავარია, რომ თურქეთთან წაგების შემდეგ მოვიგეთ და ეს, იყო უმთავრესი. სტადიონზე ცუდი ამინდის მიუხედავად, საოცარი ატმოსფერო იყო და მადლობა მათ, განსაკუთრებით ქომაგებს. ვულოცავ სრულიად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებას, სასიხარულო იყო".


გიორგი ქოჩორაშვილი

„პირველ რიგში კალათბურთელთა ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და იმედია, ფინეთთანაც დიდი ბრძოლით მოიგებენ. ჩვენ, წაგებული მატჩის შემდეგ მოვიგეთ, ახლა დავბრუნდებით გუნდებში, სადაც კარგად უნდა ვითამაშოთ და შემდეგ დავბრუნდებით ეროვნულ ნაკრებში".



საბა გოგლიჩიძე


„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან წაგებული მატჩის შემდეგ რთულია კონცენტრაცია, მაგრამ მოვახერხეთ. მადლობა გულშემატკივარს, ასეთ ამინდში როგორ შეუძლიათ ასეთი გულშემატკივრობა, არ ვიცი. ვულოცავ კალათბურთელთა ნაკრებს, დღეს ჩვენი დღე იყო. ოთხ მცველზე ახალი გადასულები ვართ, ნელ-ნელა დავხვეწავთ. გურამთანაც და ლუკასთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. თურქეთთან გოლები იმიტომ არ გაგვიშვია, რომ ოთხი მცველით ვთამაშობდით. უნდა დავხვეწოთ და შეგვიძლია ძალიან ძლიერი ნაკრები ვიყოთ და ჩემი აზრით, ვართ კიდევაც".


საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით, 30-ე წუთზე გახსნა. ჩვენი გუნდი, 44-ე წუთზე, ნიკა გაგნიძის გოლის შემდეგ, უკვე 2-0-ს იგებდა. მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე კი, ბომბარდირმა გაიტანა.  გიორგი მიქაუტაძის გოლამდეც და შემდეგაც საქართველოს კიდევ ჰქონდა, ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. საერთო ჯამში, გუნდმა სტაბილური და კარგი მატჩი ჩაატარა.