პირველი რაუნდი მოვიგეთ - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა
პირველი რაუნდი მოვიგეთ - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა
07.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დღეს იყო შესანიშნავი მაგალითი და გაკვეთილი როგორ უნდა ეთამაშო შენზე მაღალი დონის გუნდებს", - იტყვის ბულგარელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი, რომელიც ჩვენი აზრით იმდენად იყო დაბნეული თბილისში, „დინამო არენაზე" განცდილი მარცხით, რომ საკუთარი გუნდის ქებით, უბრალოდ, ორი მარცხის შემდეგ, პირველ რიგში ბულგარული მედიისა და გულშემატკივრის წინაშე შეეცადა თავის მართლებას. თუმცა, ეს ჩვენი საქმე ნაკლებად არის, ალბათ, ისევე როგორც ილიევის იმედი, რომ „არიან გუნდები რომლებიც უკეთესად იწყებენ, მაგრამ... ჯგუფში არიან ჩვენზე კვალიფიციური გუნდები, მაგრამ... დღეს, რომ გაგვეტანა დასაწყისში, მაგრამ მეკარემ გადაარჩინა...". მოკლედ, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა, თუ არ ჩავთვლით საწყის რამდენიმე წუთს, აშკარად დაჩაგრა მოწინააღმდეგე და თამაშიც ნანახი არ გქონოდა, იფიქრებდი, სტუმრებმა მოიგეს.


ალბათ, თურქეთთან განცდილი მწარე მარცხის და მე დავრჩები ჩემს აზრზე, რომ თამაში არ უნდა წაგვეგო და დღეს, რადიკალურად სხვანაირი (თანაბარი ტაიმებით) მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც, ანგარიში ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო, ვილი სანიოლის გუნდის სასარგებლოდ, საინტერესო იყო, სანიოლის ასისტენტის ზურა ხიზანიშვილის პასუხი ქართული მედიის კითხვებზე, რადგან ბულგარელებმა, უბრალოდ არც კი ისურვეს, ქართული პოზიციის მოსმენა.



გარდასახვა სამ დღეში

დღეს განსხვავებული თამაში ვიხილეთ, ვიდრე თურქეთთან იყო. ამისთვის ბიჭებს დიდი მადლობა, რადგან ორ დღეში მოახერხეს ძალების აღდგენა და სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაიაზრეს. გამოვყოფ, რომ გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე რომ არ გვყავდეს, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რადგან პირველივე წუთზე გოლისგან გადაგვარჩინა. კიდევ გავიმეორებ, რომ მამარდაშვილის სახით უდიდესი კლასის მეკარე გვყავს, უდიდეს კლუბში თამაშობს.


გურამ კაშია

კაშიას, დიდი მადლობა, ვეღარ ვითვლით უკვე, რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში და რამდენჯერ უკაპიტნა. თურქეთთან ჰქონდა ჩვეულებრივი ინდივიდუალური შეცდომა, მაგრამ დღეს, ასაკიდან გამომდინარე არ იყო, ჰქონდა ვილის მასთან საუბარი და მარტივი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით, „კაშოზე" როცა ვსაუბრობთ.



შეცდა თუ არა „კაკაბა"?

რაც შეეხება კაკაბაძეს, ფეხბურთელობის დროს მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, ასე რომ, შეცდომების გამო ფეხბურთელებს არ ვაკრიტიკებთ და ამით არ წყდება, გამოძახება-არგამოძახება, ითამაშებს თუ არა - ეს კი, მაგრამ შეცდომები ფეხბურთის ნაწილია.


დებიუტანტები

დებიუტანტებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ , ლომინაძე ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. როდესაც პორტუგალიაში წავიდა, ვფიქრობდით, რომ გამოვიძახებდით და ასეც მოვიქეცით, კმაყოფილები ვართ. მას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს, გააგრძელებს პორტუგალიაში სტაბილურად თამაშს.



როდესაც ვილი და „ხიზანა" გუნდში აღარ იქნებიან...

როდესაც გოგლიჩიძე ეროვნულ ნაკრებში მოვიდა, პირველი ჩვენი განცდა იყო - ვაუ! ძალიან სწრაფია, ძლიერი ორთაბრძოლებში, ეს ვარჯიშებზეც დაგვანახა, არა მარტო ახლა, არამედ წინა შეკრებებზეც. მან გუნდი შეიცვალა, სერია A-ში თამაშობს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გოგლიჩიძე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი წლების განმავლობაში იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, მე და ვილი ვიქნებით თუ არა ეროვნულ ნაკრებში.


მატჩის MVP

ვფიქრობ, მამარდაშვილისგან გადაედო ბიჭებს თავდადება, მაგრამ თუ ერთი ფეხბურთელის გამორჩევაზე მეკითხებით, ნიკა გაგნიძემ უდიდესი სამუშაო შეასრულა, მის თამაშს თუ დააკვირდებით, ეს ბიჭი ძალიან დიდ როლს თამაშობს უკვე ნაკრებში.



თამაშის გამორჩეული მხარე

მოგებული თამაშის შემდეგ ბევრი დადებითი მხარის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ შეტევაში ყველაზე გამორჩეული სწრაფი თამაში და როტაცია იყო. შემტევები, ზურიკო, კვარა, მიქაუტაძე, პოზიციებს ცვლიდნენ, გაგნიძეს და მექვაბიშვილს ჩარბენები ევალებოდათ. მცველებს ჰქონდათ საშუალება, რომ უფრო მოკლე პასებით ეთამაშათ იმ სივრცეებში, სადაც ზურიკო და ხვიჩა შემოდიოდნენ.


პრობლემები და შანსები

პრობლემები არსებობს და იარსებებს, ოქტომბერში ორი ურთულესი თამაში გველის და ამ პრობლემებს იქ, უფრო მეტად დავინახავთ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემები შევამციროთ. კლასი ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს, თურქეთთან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბურთის სწრაფად და კარგად ამოტანა ვერ მოვახერხეთ. ჯგუფში ჩვენი შანსი დამოკიდებულია იმაზეც, სხვა გუნდები როგორ ითამაშებენ. მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ რეალობას ძალიან რომ არ გავცდეთ, როცა ესპანეთია ჯგუფში, მეორე ადგილი და ფლეი-ოფი დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის, მითუმეტეს, როცა კონკურენტად თურქეთი გყავს.



კაპიტანი

კვარას კაპიტნობას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ეკეთება თუ არა, მას სამკლავური, ის, ისედაც გუნდის ლიდერია. კაშიას შემდეგ გუნდში, კიტეიშვილი, კაკაბაძე, კვარაცხელია არიან ვიცე-კაპიტნები. უბრალოდ, „კიტე" არ იყო და დღეს სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ კვარა ყოფილიყო კაპიტანი. ვფიქრობ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება  სამკლავური. უბრალოდ, გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ლიდერი.


სხვათა შორის, პრეს-კონფერენციის დასრულების შემდგე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიკითხეთ ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის ამბავი. „ხიზანას" თქმით, „კიტეს" კიდევ 3 კვირა გაუცდება. იმედია, ოთო, ოქტომბრის ფანჯრისთვის ნაკრებთან სრულფასოვან ყოფნას მოახერხებს.



მანამდე  კი, მის გარეშე, დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა, ამჯერად ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და 3-0 გაიმარჯვა. ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც თურქეთთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, რადიკალურად „კვარას" ფორმაში იყო და გოლის გარდა, ბევრიც იმუშავა. არანაკლები სამუშაო გასწია ნიკა გაგნიძემაც, რომელმაც 44-ე წუთზე ბულგარელებს მეორე გოლი გაუტანა. 65-ე წუთზე კი, გიორგი მიქაუტაძემ „გაიხსენა", რომ „ბომბარდირსაც" უყვარს გოლები.


საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩების გამართვა 11 ოქტომბერს ელჩეში, ესპანეთის წინააღმდეგ და 14 ოქტომბერს, ქოჯაელში, თურქეთის წინააღმდეგ ელით.